Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუნთებს თუ არა მწვანე შუქს ანა დოლიძეს პარლამენტი უზენაესი სასამართლოსაკენ


უზენაესი სასამართლოს შენობა
უზენაესი სასამართლოს შენობა

საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურას ახლა კენჭი პარლამენტის სესიაზე უნდა უყარონ. თუმცა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატს უმცირესობაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ანა დოლიძე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება და, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, მის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

საპარლამენტო უმრავლესობისათვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს წევრის ადგილზე მისაღები კანდიდატია. დადებითი გადაწყვეტილება უმრავლესობის დეპუტატებმა ჯერ კიდევ 7 მარტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ჟორჟოლიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დოლიძეს მხარს დაუჭერს. ზაქარია ქუცნაშვილი, „ქართული ოცნებიდან“ კი აცხადებს, რომ ანა დოლიძეს მოუწევს ისეთ დარგში მოღვაწეობა, სადაც სახელმწიფოსა და პიროვნების ჭიდილი მიდის და სადაც მოსამართლემ, კანონიდან გამომდინარე, უნდა დაიცვას ბალანსი, მაგრამ თუ ამის საშუალება მიეცემა, დაეხმაროს მოქალაქეს. ქუცნაშვილს იმედი აქვს, რომ ანა დოლიძეს ამ ბალანსის შენარჩუნება არ გაუჭირდება:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ანა ასეც მოიქცევა, მიეხმარება მოქალაქეებს და არ დადგება ყოველთვის დიდი სახელმწიფოს ინტერესების მხარეს, რადგან ამ ინტერესებისათვის მრავალი მოქალაქის უფლება შელახულა“.

ანა დოლიძესთან დაკავშირებით ერთიანი დადებითი პოზიცია აქვთ თავისუფალ დემოკრატებსაც:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ანა დოლიძე, თავისი გამოცდილებითა და კვალიფიკაციით, ასევე გასული წლებით, როდესაც ის აქტიურად იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ, იმსახურებს გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე“.

ჯერ ერთი, რომ ის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება, მეორეც, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მისი პოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს...
სერგო რატიანი

თუმცა, უმრავლესობისგან განსხვავებით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას იწუნებს ,,ნაციონალური მოძრაობა". როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, სერგო რატიანი, აცხადებს, დოლიძე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება:

„ჯერ ერთი, რომ ის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება, მეორეც, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მისი პოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.

გავიხსენოთ, რომ ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილია ლევან მურუსიძის ადგილზე. ეს ვაკანსია კი, როგორც ცნობილია, მურუსიძის უზენაესი სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში გადასვლის შემდეგ გაჩნდა. რადგან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადაც ეწურებოდა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ახალ წევრად სწორედ ანა დოლიძის კანდიდატურა წარუდგინა. მაშინ დოლიძემ განაცხადა, რომ ის საქართველოში სწორედ სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის მიზნით დაბრუნდა:

„მე დავბრუნდი საქართველოში, რომ მემსახურა საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. შესაბამისად, დღეს, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და რეფორმირების პროცესი, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, კომპეტენტური კადრების ყოფნა სასამართლო სისტემაში. მე დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ დასახელებას“.

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

7 მარტს კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარდგენა, ის კარგად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც მოსამართლის მანტია ითვალისწინებს. ანა დოლიძემ ამ შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის განვითარების საკუთარი შვიდი პრინციპი დაასახელა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა, რაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო, სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა და კვლავაც გრძელდება

უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, აკაკი მინაშვილისათვის გაუგებარია, თუ ანა დოლიძე აპირებს გახდეს სტრასბურგის მოსამართლე, რატომ არის დღეს მისი კანდიდატურა დაყენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე. იგივე გაიმეორა მინაშვილმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც და თქვა, რომ ეს ფაქტი ბევრ კითხვას აჩენს. მინაშვილმა ამ სხდომაზე განაცხადა:

"ანა დოლიძემ საკუთარი კანდიდატურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარადგინა, მონაწილეობა მიიღო კონკურსში და გავიდა იმ ხუთეულში, რომელიც კომისიამ შეარჩია. ცოტა გაუგებარია, თუ ანა დოლიძე აპირებს გახდეს სტრასბურგის მოსამართლე, რატომ არის დღეს მისი კანდიდატურა დაყენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ადგილას? არის თუ არა ეს დაზღვევა, რომ მას სამსახური ექნება იმ შემთხვევაშიც, თუ არ შეარჩიეს? ან არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა მას სჭირდება საკუთარ ბიოგრაფიაში ჩაწეროს, რომ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამით დამატებითი პლუსები შეიძინოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში?“

არ მგონია, რომ მის ობიექტურობას ამ პოსტზე რამე ემუქრებოდეს. მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეული კანდიდატია...
ლევან ბერძენიშვილი

საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ანა დოლიძე ასოცირდება რესპუბლიკურ პარტიასთან, ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, პასუხობს. მისი თქმით, ანა დოლიძე არ არის პარტიული ფიგურა:

„მერე რა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილეა? თავდაცვის მინისტრი არის პარტიული, მაგრამ ანა დოლიძე - არა. თუ მინიშნებაში ის იგულისხმება, რომ ის ჩვენი, რესპუბლიკელების, კადრია, მაშინ ამაზე შემიძლია ვუპასუხო, რომ იმდენი ადამიანი ყოფილა ჩვენი პარტიის წევრი და მათზე არ ულაპარაკიათ ასე და, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი არც ყოფილა პარტიის წევრი. ამიტომ არ მგონია, რომ მის ობიექტურობას ამ პოსტზე რამე ემუქრებოდეს. მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეული კანდიდატია“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG