Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა პოლიტკოვსკაიას უკანასკნელი ინტერვიუ


ანა პოლიტკოვსკაია. 2001 წელი
ანა პოლიტკოვსკაია. 2001 წელი

ანა პოლიტკოვსკაიამ თავისი უკანასკნელი ინტერვიუ რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას მისცა ორი დღით ადრე, ვიდრე მას მოსკოვში მოკლავდნენ. ინტერვიუ 2006 წლის 5 ოქტომბრითაა დათარიღებული. 5 ოქტომბერი ასევე რამზან კადიროვის დაბადების დღეცაა - 2006 წელს კი ეს იუბილე მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. ის 30 წლის გახდა. მაშინ ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და ახლა უკვე პრეზიდენტობაზეც შეეძლო კენჭი ეყარა. ჩვენი რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში ანა პოლიტკოვსკაიამ სწორედ მასზე ილაპარაკა - კადიროვს „ჩვენი დროის სტალინი“ უწოდა და თქვა, რომ ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერს თავისი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მისცემდნენ.

ანა პოლიტკოვსკაია სიცოცხლის ბოლო დღეებში კვლავ რამზან კადიროვის მამხილებელ სტატიებზე მუშაობდა. ის ამბობდა, რომ ბევრ მსხვერპლს პირადად იცნობდა, თუმცა მათთვისაც იბრძოდა, ვისი გაცნობაც ვერ მოასწრო.

ანა პოლიტკოვსკაია: ამწუთას მაგიდაზე ორი ფოტო მიდევს. მე გამოძიებას ვატარებ კადიროვის ციხეში წამების შესახებ, რაც იქ დღესაც ხდება და გუშინაც ხდებოდა. ეს ის ხალხია, ვინც კადიროველებმა მოიტაცეს სრულიად ამოუხსნელი მიზეზებით და ვინც შემდეგ დახოცეს. მათ სხეულებს სასტიკი წამების კვალი აჩნია.

რადიო თავისუფლებამ ანა პოლიტკოვსკაიას ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის ერთი მოსკოველი ჟურნალისტის გამონათქვამზე, რომ კადიროვმა სახე იცვალა და გამანადგურებლიდან შემოქმედად იქცა, ხოლო რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ისღა დაგვრჩენია ვისხდეთ და ეს უფლებები დავიტიროთო. ანა პოლიტკოსკაიამ გვიპასუხა, მსგავს სისულელეზე პასუხის გაცემაც ჭირსო:

ანა პოლიტკოვსკაია: არ არის საჭირო ტირილი ადამიანის უფლებების შესახებ. საკმარისია შეხვდე არა მხოლოდ კადიროვს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც კადიროვის ქმედებებით დაზარალდნენ. არა მხოლოდ ჰიპოთეტურად დაზარალდნენ, არამედ პირდაპირ. შეხვდე ადამიანს, ვისი ნათესავებიც დახოცეს, აწამეს, ვისაც გაქცევა მოუხდა. მათი უმეტესობის პატიოსნება ეჭვგარეშეა - ბევრს პირადად ვიცნობ კიდეც.

2006 წელს რუსეთში იმასაც ამბობდნენ, რომ მსგავსი ინციდენტები - წამების, გატაცების, მოკვლის - ჩეჩნეთში ხშირი არ იყო, ხოლო რაც ხდებოდა, ეს ერთგვარი „აუცილებელი ბოროტება“ იყო, სანაცვლოდ კი რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებდა. ჩვენმა რადიომ ანა პოლიტკოვსკაიას ამაზეც სთხოვა კომენტარი.

ანა პოლიტკოვსკაია: კადიროვი ჩვენი დროის სტალინია. რაც შეეხება მისით აღფრთოვანებას, ვითარება ზუსტად ისეთივეა, როგორიც სტალინის დროს იყო. თუ ვინმე მის შესახებ ღიად და საჯაროდ ლაპარაკობს, ის აღფრთოვანებას გამოხატავს, მაგრამ როგორც კი ამ ადამიანებს ჩუმად, საიდუმლოდ, კონფიდენციალურად დაელაპარაკები, მაშინვე გეტყვიან, ჩვენ ის საშინლად გვძულსო. ეს გაორება ადამიანის სულებში არსებობს და ეს ძალიან საშიში რამაა.

რამდენად ჰქონდა აზრი ანა პოლიტკოვსკაიას საგამოძიებო ჟურნალისტურ საქმიანობას? პუტინის რუსეთში არავის უხაროდა ახალი მამხილებელი სტატიების გავრცელება და ქვეყნის მთავრობაც ყველანაირად ცდილობდა მიეჩქმალა ჟურნალისტების მასალებში მოცემული ფაქტები. ანა პოლიტკოვსკაია კი ამბობდა, რომ მის ბრძოლას ნამდვილად ჰქონდა აზრი. აი, თუნდაც, რატომ:

ანა პოლიტკოვსკაია: ცხადია, არც ერთი სხვა გაზეთი ამის შესახებ არ დაწერს, მაგრამ, აი, ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებული სამი სტატიის საფუძველზე უკვე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. მე თავად ვარ მოწმე ერთ საქმეში. ეს საქმეები შეეხება ადამიანის მოტაცებებს, ერთ შემთხვევაში კი ეს ორი ადამიანის გატაცების საქმეა, რომელშიც მონაწილეობა თავად რამზან ახმედოვიჩ კადიროვმა მიიღო.

ინტერვიუ 2006 წლის 5 ოქტომბერსაა ჩაწერილი, რამზან კადიროვის დაბადების დღეს. ანა პოლიტკოვსკაიამ თქვა, რომ იუბილეზე კადიროვს ერთადერთ რამეს უსურვებდა:

ანა პოლიტკოვსკაია: პირადად მე ერთი ოცნება მაქვს კადიროვის დაბადების დღესთან დაკავშირებით - მინდა, რომ ის ერთ დღეს განსასჯელთა სკამზე ვნახო, სასამართლო პროცესზე, რომელიც უმკაცრეს სამართლებრივ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, სადაც ყველა მის დანაშაულს ჩამოთვლიან და გამოიძიებენ.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG