Accessibility links

ანაკლიის პროექტის ინვესტორის შერჩევა ახალ ფაზაში შედის


ანაკლია

ანაკლია

ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის ეტაპი ახალ ფაზაში შედის. 2015 წლის მარტში ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მოსამზადებლად, საბოლოო სიაში შესული 7 კანდიდატი კომპანიის წარმომადგენელი ნავსადგურის ადგილმდებარეობას ათვალიერებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ, რომელთაგან 7, სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით, ე.წ. ,,მოკლე სიაში” შევიდა.

აღნიშნულ 7 კომპანიას შორის არიან:

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საკონტეინერო გადამზიდავი კომპანიის Mediterranean Shipping Co (MSC) შვილობილი კომპანია;

Bouygues Travaux Publics, რომელიც ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფის Bouygues შემადგენლობაში შედის;

ჩინური Communications Construction Company (CCC)–ის შვილობილი კომპანია;

იაპონური კონგლომერატის Mitsui & Co.-ის და სინგაპურში მდებარე პორტების ოპერატორი შვილობილი კომპანიის Portek International Pte Ltd-ს კონსორციუმი;

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც სპეციალურად ამ მიზნით თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დააარსა და რომელიც ამ პროექტში ამერიკულ კომპანია Conti Group-თან თანამშრომლობს.

კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებული არიან „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“, რომლის დამფუძნებელიც არის ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ ქარჩავა, ბიზნესების მფლობელი რუსეთსა და საქართველოში და ასევე დაკავშირებული თბოელექტროსადგურის დაგეგმილ მშენებლობასთან სომხეთში; British Eco Power-ი; და Hubei Hongyuan Power Engineering Co., რომელიც ჩინური სახელმწიფო კომპანია Power Construction Corporation of China-ს შვილობილი კომპანიაა.

ამერიკული კომპანიის AECOM და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე კომპანიის DİA Holding კონსორციუმი; ეს უკანასკნელი, რომლის დამფუძნებლებიც Intersun და თურქული სამშენებლო კომპანია IC Holding არიან, აზერბაიჯანშიც აქტიურად მოღვაწეობდა და მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო კონტრაქტები მიიღო.

ამ კომპანიებმა 2015 წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით.

კონკურსის თანახმად, ანაკლიიის ნავსადგური გამიზნული უნდა იყოს შერეული ტვირთისთვის - მოემსახუროს როგორც კონტეინერებს, ისე თხევად და მშრალ ნაყარ ტვირთებს. მშენებლობა უნდა დაიწყოს საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში. მშენებლობის დაწყების თარიღიდან სამი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ შვიდ მილიონ ტონა ტვირთს. მშენებლობის დაწყების თარიღიდან შვიდი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ ოც მილიონ ტონა ტვირთს. მშენებლობის დაწყების თარიღიდან თორმეტი წლის ვადაში ანაკლიის ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ ორმოც მილიონ ტონა ტვირთს. საბოლოოდ, ნავსადგურის წლიურმა გამტარუნარიანობამ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 55 მილიონ ტონა ტვირთს.

XS
SM
MD
LG