Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატ კოენი. ნაწილი II


ანატ კოენი
ანატ კოენი

როგორც წინა სიუჟეტში აღვნიშნე, კლარნეტისტ და საქსოფონისტ ანატ კოენის პირველი კოლაბორაციული ნამუშევრები დადებითად იქნა შეფასებული. სპეციალისტები ყურადღებას განსაკუთრებით არტისტის საშემსრულებლო ოსტატობაზე ამახვილებდნენ.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი ნეთ ჰენტოფი ანატის ხელწერას "ჯაზის პოეტად" წოდებული ლეგენდარული საქსოფონისტის, ბენ ვებსტერისას ადარებდა, მისი მსგავსი ნატიფი და ლირიკული ბგერით გამოირჩევაო. ჰოდა, ახალგაზრდა მუსიკოსს რამდენიმე სახელოვანი ჟურნალისა და კრიტიკოსთა ასოციაციის პრიზიც კი გადაეცა ნომინაციაში "წლის აღმოჩენა".

დიახ, ანატ კოენმა როგორც სასესიო მუსიკოსმა გაითქვა სახელი, თუმცა, შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად, სოლოკარიერის დაწყების გადაწყვეტილება მალევე მიიღო. საკუთარი ბენდი 2004 წელს ჩამოაყალიბა, სადაც ძველი მეგობრები, ბერკლის კოლეჯის სტუდენტები, მოიპატიჟა: გიტარაზე გილად გეკსელმანს, ბასზე ედუარდო პერესს და დასარტყამებზე ფერენც ნემეტს მოუხმო. კვარტეტის დებიუტი ნიუ-იორკულ კლუბ "Sweet Rhythm"-ში შედგა და კონცერტები მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რაც შეეხება სტუდიურ მოღვაწეობას, ანატმა მასზე მუშაობა კვლავ კვარტეტის ფორმატში, თუმცა უფრო გამოცდილ მუსიკოსებთან ერთად, არჩია. ამჯერად ესენი იყვნენ პიანისტი ჯეისონ ლიდნერი, დრამერი ჯეფ ბალარდი და ბასისტი ბენ სტრიტი. "Place & Time" - ასე ერქვა ანატის სადებიუტო ალბომს, რომელიც ხმის ჩამწერმა სტუდია "Anzic Records"-მა გამოსცა.

2007 წელი მნიშვნელოვანი გამოდგა ანატ კოენის კარიერაში. ეს იყო არტისტის შემოქმედებითი ძიებების, ექსპერიმენტების წელი, რასაც შედეგად ორი, სტილისტიკურად და შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავებული, დისკი -"Poetica" და "Noir" - მოჰყვა. პირველი მათგანი კვარტეტის ფორმატში ჩაიწერა, თუმცა რამდენიმე კომპოზიციაში სიმებიანი კვარტეტიც დაიმატეს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჯონ კოლტრეინის 1960 წლის ცნობილი ნაწარმოები Lonnie's Lament, რომელიც ანატმა კლარნეტზე აამეტყველა და ნოვაციური ენერგეტიკა, ფორმები და ჟღერადობა მოარგო. ასევე აღსანიშნავია კიდევ ორი თემა: "The Purple Piece" და "La Casa del Llano", რომლებიც არტისტის საკომპოზიტორო ნიჭის ნაყოფია. საერთო ჯამში კი, "Poetica" ახლოაღმოსავლური კოლორიტით გაჯერებული ნამუშევარი გახლავთ, სადაც ბენდლიდერმა ებრაული ფოლკლორისა და ისეთი ჟანრების სინთეზი მოახდინა, როგორიცაა ჯაზი, ფრანგული შანსონი და ბრაზილიური შორო.

განსხვავებით "Poetica"-სგან, სადაც ანატ კოენმა მხოლოდ კლარნეტზე დაუკრა, პროექტ "Noir"-ში დამატებით სამი საკრავი - ტენორი, სოპრანო და ალტ-საქსოფონი -დაიხმარა. გარდა ამისა, ალბომის ჟღერადობის გაძლიერება გადაწყვიტა და ნამდვილი ბიგბენდი, "Anzic Orchestra", მოიწვია, რომელიც მეტად უჩვეულო შემადგენლობით გამოიყენა: სამი საქსოფონი, ამდენივე საყვირი, ორი ტრომბონი, სამი ვიოლონჩელი, გიტარა, კონტრაბასი, დასარტყამები და პერკუსია. ალბომის წარმატებაში არანაკლები წვლილი მიუძღოდა არანჟირების ავტორსაც. ეს პასუხისმგებლობა მუსიკოსის სკოლისდროინდელ მეგობარს ისრაელიდან, ოდედ ლევ-არის, დაეკისრა. ალბომ "Noir"-იდან რამდენიმე საუკეთესო ნაწარმოებს გამოვყოფდი, მაგალითად, ლუი არმსტრონგის თემას "Struttin' With Some Barbecue", რომელიც გასული საუკუნის ახალორლეანური ჯაზისა და ბრაზილიული სამბას დიალოგს წარმოადგენს, ხოლო ცნობილი კუბელი კომპოზიტორის, ერნესტო ლეკუონას, თხზულებაში, La Comparsa, ლათინოამერიკული ხალხური მუსიკა ებრაულ კლეცმერად გარდაიქმნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG