Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის შემდეგ კვლავ ისმის კითხვები იმ კაცის სიკვდილზე, ვინც პუტინი „შექმნა“


ანატოლი სობჩაკი და ვლადიმირ პუტინი
ანატოლი სობჩაკი და ვლადიმირ პუტინი

15 წლის წინ, როგორც ამბობდნენ, გულის შეტევით გარდაიცვალა კაცი, რომელსაც მიაწერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პოლიტიკური კარიერისთვის შექმნას - სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, ანატოლი სობჩაკი. მას შემდეგ ზოგიერთები ამბობდნენ, რომ მის სიკვდილში პუტინის ხელი ერია. ეს ვარაუდი, ალბათ, კიდევ უფრო გამყარდება ახლა - მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში გამოქვეყნდა სობჩაკის დაუმთავრებელი წიგნი, რომელშიც ის სტალინს და ტოტალიტარულ საზოგადოებებს აკრიტიკებს.

მუნიციპალურ ლიდერებს, როგორც წესი, ისტორიის შეცვლას არ მიაწერენ ხოლმე. ანატოლი სობჩაკი - სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, რეფორმატორი და ახალგაზრდა ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური მასწავლებელი - გამონაკლისს წარმოადგენს.

სობჩაკი პოპულარული ფიგურა გახდა, როგორც „პერესტროიკის“ - გარდაქმნის - ერთ-ერთი ქარიზმატული სახე. იგი იყო მერი, რომელმაც ქალაქს საბჭოთა სახელი, ლენინგრადი, გადაარქვა და დემოკრატიული რეფორმებისთვის მუშაობდა. თუმცა სიკვდილიდან 15 წლის შემდეგ სობჩაკი, უწინარესად, პუტინის - ერთ დროს მისი მოადგილის - პირველ მხარდამჭერად ახსოვთ. ესაა „კაცი, რომელიც ნამდვილად ფიქრობს სახელმწიფოზე და არა თავის ინტერესებსა და საჭიროებებზეო“ - ასე ახასიათებდა ის ახალგაზრდა პუტინს.

სობჩაკის ქვრივს, ლიუდმილა ნარუსოვას, მას შემდეგ ბევრი დრო და მიზეზი ჰქონდა დაფიქრებულიყო პუტინის თავისქმრისეულ ოპტიმისტურ შეფასებაზე - იმ ფონზე, როცა პუტინმა, პრეზიდენტის რაგნში, უკუაქცია დემოკრატიული რეფორმები და გააძლიერა ავტორიტარიზმი. მაგრამ, პუტინის მმართველობის მიმართ დიდწილად კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ნარუსოვა ამბობს, რომ სობჩაკის დახასიათება, საერთო ჯამში, სწორი იყო: „იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც თვლის, რომ მას რაღაც განსაკუთრებული მისია აკისრია - დიახ, ის ნამდვილადაა სახელმწიფოს სამსახურში, მართლა ფიქრობს სახელმწიფოს ინტერესებზე - როგორც მას ესმის ეს ცნება - და მათ მიზანმიმართულად ახორციელებს. მაგრამ, როგორც ნათქვამია, ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად. 15 წელი ძალიან დიდი დროა“.

სობჩაკის სიკვდილის გარემოებები ბურუსით მოცული რჩება. მას შემდეგ, რაც არჩევნებში მცირედი განსხვავებით დამარცხების გამო სანკტ-პეტერბურგის მერად მეორე ვადით დარჩენა ვერ შეძლო, მან 1997 წელს რუსეთი დატოვა, კორუფციაში მონაწილეობის თაობაზე მზარდი ბრალდებების ფონზე.

ორი წლის საფრანგეთში გატარების შემდეგ, ის რუსეთში დაბრუნდა, რათა მხარდაჭერა გამოეცხადებინა პუტინისთვის, რომელიც იმ ხანებში პრეზიდენტის პოსტზე დაუძლურებულ ბორის ელცინს ცვლიდა და 2000 წლის მარტში დანიშნული ოფიციალური არჩევნებისთვის ემზადებოდა.

2000 წლის 19 თებერვალს, რუსეთის დასავლეთის ექსკლავში, კალინინგრადში, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის დროს 62 წლის სობჩაკი სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა - როგორც ამბობდნენ, გულის შეტევით. თუმცა მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ის მოწამლეს. ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მაშინ სობჩაკთან ერთად მყოფი კაგებეს ორი ყოფილი აგენტი მოგვიანებით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, სავარაუდოდ, პროფესიონალმა მკვლელებმა.

ნარუსოვა, რომელიც ქმრის დაკრძალვაზე პუტინსა და მაშინ თინეიჯერ ქალიშვილს, ამჟამად ცნობილ ტელეწამყვან და ოპოზიციონერ ქსენიას შორის იჯდა, ამბობდა, „ჯერ არ დამდგარა“ იმის დრო, რომ სობჩაკის სიკვდილზე სიმართლე ითქვასო.

ნარუსოვა ქმრის გარდაცვალებაზე არც 15 წლის შემდეგ ამბობს ბევრს და მხოლოდ იმას ამხელს, რომ მისი სიკვდილის შესახებ რეალური ვერსია „უსაფრთხო ადგილასაა“ შენახული.

ისტორიკოსი და ფედერაციის საბჭოს ყოფილი დეპუტატი ნარუსოვა აღიარებს, რომ მისი ქმარი - ადვოკატი და პოსტსაბჭოთა ლუსტრაციის აქტიური მომხრე - საფრთხეს უქმნიდა პუტინის სხვა მოკავშირეებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პუტინს კაგებეს გზით დაუკავშირდა.

„მათ გააცნობიერეს, რომ მომავალ პრეზიდენტზე მისი გავლენა ძალიან დიდი იყო, არა ფულის ან ბიზნესინტერესების გამო, არამედ იმიტომ, რომ ის კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგული იყოო“, ამბობს ის: „გახსოვთ, პირველ წლებში ვლადიმირ პუტინი მუდმივად ლაპარაკობდა "კანონის დიქტატურისა" და "კანონით მართული ქვეყნის" შესახებ? მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ვადის პირველ წლებში იყო. დღეს რას ვხედავთ? პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, ჩემს ქალიშვილს [ქსენია სობჩაკს] სრულიად უკანონოდ აკითხავენ, ჩხრეკის ჩატარების მიზნით. რის შესახებაც სობჩაკი გვაფრთხილებდა, რეალურად ეს ყველაფერი ცინიკურად ხორციელდება“.

ნარუსოვა გარკვეულ ურთიერთობას ინარჩუნებს პუტინთან. ახლახან მან ის ძალიან შეაქო აშშ-ის საზოგადოებრივი ტელევიზიის ერთ-ერთი ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში. სობჩაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის პუტინს მიესალმა.

მაგრამ ნარუსოვა ამბობს, რომ რუსეთში შეცვლილმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ მას და მის ქალიშვილს უბიძგა გამოექვეყნებინათ სობჩაკის დაუმთავრებელი წიგნი სტალინისა და ტოტალიტარიზმის გაძლიერებაში საბჭოთა საზოგადოების წვლილის შესახებ.

ეს წიგნი სობჩაკმა პარიზში ყოფნისას, 1998-99 წლებში დაწერა, არქივებსა და ბიბლიოთეკებში მუშაობის შედეგად. ნარუსოვა ამბობს, რომ წიგნი მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ საბჭოთა დიქტატორის დაგმობას. „როგორ მკაცრადაც უნდა ჟღერდეს, ესაა ყველა ჩვენგანისთვის გამოტანილი განაჩენი - იმ ხალხისთვის, ვინც სტალინის ქება-დიდებით მისი პიროვნების კულტი შექმნაო“, - ამბობს ის.

უფლებადამცველი აქტივისტი და სობჩაკის ყოფილი თანამებრძოლი ალექსანდრ ვინნიკოვი ამბობს, რომ წიგნის ახლა გამოსვლა ნამდვილად გაზრდის იმ ხალხის შეშფოთებას, ვინც სულ უფრო მეტ პარალელს ხედავს პუტინისა და სტალინის რეჟიმებს შორის. ამასთან, მისი თქმით, წიგნი იმ შეკითხვასაც უპასუხებს, თუ რა შეიძლებოდა შეცვლილიყო პუტინის აზროვნებაში სობჩაკის თანამებრძოლად ყოფნის შემდეგ პერიოდებში.

თუმცა სხვა სანკტ-პეტერბურგელი პოლიტიკოსები უფრო სკეპტიკურად ეკიდებიან სობჩაკის ნაშრომს.

„ვერ გეტყვით, რას აკეთებდა ის პარიზში“, - ამბობს სერგეი ეგოროვი, წარსულში ქალაქის მერის მოადგილე და სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერი, - „მაგრამ არაფერი მაძლევს საბაბს ჩავთვალო, რომ ის მართლა იცნობდა ისტორიას. არა მგონია, მან სტალინის მითის გაქარწყლება შეძლოს. პირიქით, ჩვენ სწორედ სობჩაკის მითი უნდა გავაქარწყლოთო“, - დასძენს ის.

ნარუსოვა უარყოფს თავისი გარდაცვლილი მეუღლის მიმართ გამოთქმულ ამგვარ კრიტიკას: „ანატოლი ალექსანდროვიჩი თვლიდა, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის საკონცენტრაციო ბანაკებში, გულაგებში განადგურების დანაშაული შეედრებოდა ჰიტლერის დანაშაულებს. ჰიტლერი სხვა ხალხებს ანადგურებდა, სტალინი - თავისას. სობჩაკს ესმოდა, რომ ტოტალიტარიზმის ფესვები ჩვენს ხალხშია. მონური მორჩილება, ხმის იმისთვის მიცემა, ვისზეც გიბრძანებენ, გაუგებარი შიში - ეს ყველაფერი კვლავაც გვხვდება. და ეს წიგნი გაფრთხილებას წარმოადგენს“.

ნარუსოვას თქმით, მისი გარდაცვლილი ქმრის წიგნი არა მხოლოდ მასშტაბურ კვლევას ეყრდნობა, არამედ მისი გამოსვლის დროც მნიშვნელოვანია - ის „საბჭოეთის რენესანსის“ დროს გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG