Accessibility links

logo-print

ანდერს ასლუნდი უკრაინის მთავრობას: გაითვალისწინეთ საქართველოს გამოცდილება


საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა ანდერს ასლუნდმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკირი აგრესია შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, თუმცა ვითარების დარეგულირების იმედი ჯერ კიდევ არის.

"ჩემი აზრით, სიტუაცია უმძიმესია, მაგრამ არა უიმედო. უკრაინამ უნდა განახორციელოს აგრესიული რეფორმები და თან ძალიან სწრაფად. უკრაინული ინდუსტრიის შენელების მთავარი მიზეზი დონბასში მიმდინარე ომია. მთავრობამ დონბასს დაფინანსება უნდა შეუწყვიტოს იმ დრომდე, ვიდრე რეგიონი სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის შეტანას არ განაახლებს. აუცილებელია, მთავრობამ შეიმუშაოს სტრატეგია და საბოლოო მიზნები. ასევე აუცილებელია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯების შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის მინიუმ ერთი მეათედით. თუ უკრაინამ ეს ნაბიჯები არ გადადგა, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება. ამჟამად უკრაინის სახელმწიფო ხარჯები განვითარებული ევროპული ქვეყნების დონეზეა და ბიუჯეტის 53 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 35 პროცენტამდე, დაახლოებით ბალტიისპირეთის ქვეყნების დონემდე უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტი უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ასეთ ზეწოლას. სახელმწიფო ხარჯების შემცირება ხელს შეუწყობს კორუფციასთან ბრძოლას, ეკონონმიკური რეფორმების გატარებას და ქვეყნის განვითარებას."

ასლუნდი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის პოლიტიკურმა დაპირისპირებამ უკრაინელ ოლიგარქებს დიდი ზიანი მიაყენა. ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც დასავლეთში, გაჩნდა შეშფოთება, რომ ბიზნეს-ინტერესებისა და საკუთარი კეთილდღეობის გამო, ოლიგარქები ეროვნულ ინტერესებს დათმობენ. ასლუნდი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება:
უკრაინელმა ოლიგარქებმა ამ კრიზისის განმავლობაში უზარმაზარი თანხები დაკარგეს. რამდენიმე მათგანს აქტივები დონბასში აქვს. რამდენიმეს საწარმოები ყირიმში ჰქონდა. მათი აქტივები ან გაჩერებულია, ან დანგრეული, ან დაკარგული. რამდენიმე უკრაინელი ოლიგარქის წინააღმდეგ რუსეთმა სანქციები დააწესა, როლებიც პერსონალური ხასიათისაა. საბოლოო ჯამში, უკრაინაში მსხვილი ბიზნესი მნიშნველოვანდ დასუსტდა. არ მგონია, რომ ისინი ქვეყნის განვითარებას წინ აღუდგნენ. თუმცა მათ მაგალითზე ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კორუფცია აღმოფხვრას და შემოსავლები უკეთ გადაანაწილოს.

ასლუნდი უკრაინის მთავრობას ურჩევს, საქართველოს მაგალითი გაითვალისწინოს და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მოდელი გამოიყენოს. ისევე როგორც დღეს უკრაინაში, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასლუნდს მიაჩნია, რომ ომის შემდეგ მიღებულმა ზომებმა საქართველო ეკონომიკურ კრიზისს გადაარჩინა.

"2003 წლიდან საქართველომ, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არაერთ სფეროში ძალიან სწრაფი, რადიკალური რეფორმების განხორციელება დაიწყო და სახელმწიფო ინსტიტუტები გაწმინდა. ეს რეფორმები იყო უპრეცედენტო მთელ რეგიონში, თუ არ ჩავთვლით ესტონეთს, მაგრამ ესტონეთი ძალიან პატარა ქვეყანაა. უკრაინამაც ამგვარი რეფორმები უნდა გაატაროს. კიდევ ერთი მაგალითი საქართველოს გამოცდილებიდან არის ის, რომ ამ ქვეყანამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, მუშაობა სხვა მიმართულებით წარმართა და ძალიან წარმატებით. უკრაინა ახლა სწორედ ამას აკეთებს და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს აფართოებს. ამდენად, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო უკრაინისთვის კარგი მაგალითია. თბილისში მოსული ახალი მთავრობა არ ცდილობს ამ რეფორმების კურსიდან გადახვევას, თუმცა აგრძელებს სააკაშვილის დროინდელი მინისტრების დევნას."

ასლუნდის აზრით, საქართველოს მსგავს ქვეყნებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მდიდარი ბუნებრივი რესურსები, ინვესტიციების შემცირება განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება. ამ პრობლემის დასაძლევად ასლუნდს ასეთი მოსაზრება აქვს:

"სამწუხაროდ, როცა სამხედრო აგრესიის სამიზნე ხარ, ინვესტორებს ვერ მოსთხოვ, ფული შენს ქვეყანაში დააბანდონ. ქვეყანამ ჯერ საკუთარი უსაფრთხოების საკითხები უნდა მოაგვაროს. ფიზიკური უსაფრთხოება განხილვის თემა აღარ უნდა იყოს. საქართველოს ამ საკითხის მოსაგვარებლად ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია. როდესაც თავს გესხმიან, თავი უნდა დაიცვა. სხვა არჩევანი არ გაქვს."
XS
SM
MD
LG