Accessibility links

logo-print

ანდერს ბრეივიკს 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ანდერს ბრეივიკი

ანდერს ბრეივიკი

ნორვეგიის სასამართლომ ანდერს ბრეივიკი ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო და მას 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გასვლის შემდეგ შესაძლოა, პატიმრობის ვადა გაიზარდოს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ის საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

ტერაქტის შედეგად დაღუპული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ ამ განაჩენით სამართლიანობის განცდა გაუჩნდა:

"ანდერს ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ოღონდ სასჯელის სამუდამო გაგრძელებით. ოსლოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ, რადგან სასამართლოს განჩინებაში ასეთი რამ ჩაიწერაო. ეს ნიშნავს, რომ 21-წლიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ მას პატიმრობის ვადას ისევ გაუგრძელებენ... ბრეივიკი რომ დღესვე დაეხვრიტათ, ჩემთვის არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ განაჩენით სამართლიანობის განცდა დამრჩა და მაინც კმაყოფილი ვარ..."

ანდერს ბრეივიკმა სასამართლოზე აღიარა, რომ 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში მოაწყო აფეთქება, რომელსაც რვა ადამიანი შეეწირა, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 69 ადამიანი კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის "შრომის პარტიის" ახალგაზრდულ ბანაკში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG