Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბერნატორი და საზოგადოებრივი დარბაზი


ანდრო ბარნოვი გორის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეხვდა
ანდრო ბარნოვი გორის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეხვდა
მედიის წარმომადგენლების შემდეგ შიდა ქართლის ახლად დანიშნული გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორის საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეხვდა. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო კერძო ინიციატივებისა და სხვადასხვა სფეროს განვითარების ხელშეწყობას თანამშრომლობით და საქმიანი კავშირებით. პრეზიდენტის რწმუნებულის ინიციატივაა ქართლში ჩატარდეს ადგილობრივი ღვინის ფესტივალი და ეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხდეს. გარდა ამისა, გუბერნატორი პირობას დებს, რომ მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებების საკითხს და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას რეაგირების გარეშე არ დატოვებს. შეხვედრის მონაწილეებმა თვითმმართველობის შემდგომი განვითარების შესახებ იმსჯელეს და გადაწყდა, რომ შემდეგ შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე მოხდება აქცენტირება. დარბაზის წევრი ვერიკო ბიწაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები აუცილებელია, რადგან ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას არაერთი პრობლემური საკითხის გადაჭრა შეუძლია.

კატო ქოთოლაშვილი, რომელიც საზოგადოება „ბილიკში“ ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებებზე მუშაობს, ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან საერთო სოციალური პრობლემების ფონზე ბავშვები და ახალგაზრდები ბევრს დაავიწყდა.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე აცხადებს, რომ ახალ გუბერნატორს შეზღუდული უფლებები აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თანამშრომლობა აუცილებელი და სასარგებლოა.

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი მიიჩნევს, რომ საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია და არასამთავრობო სექტორი მუდამ მზად უნდა იყოს ამისთვის.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული დარბაზი ერთი წლის წინ შეიქმნა. მასში გაწევრიანებულნი არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ამ დარბაზს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ხელმძღვანელობს, მაგრამ იგი ამ შეხვედრას არ დასწრებია. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გუბერნატორი ცალკე გეგმავს, ასევე ცალკე იგეგმება შეხვედრა გორის სახალხო დარბაზთან, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა.
XS
SM
MD
LG