Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლების 1200 გვერდი


უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს შეისწავლოს ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის მუშაობა. უჩა ნანუაშვილი კვლავ ხედავს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა საგამოძიებო დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის აუცილებლობას. ამის თაობაზე ომბუდსმენმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის საზოგადოებისთვის გაცნობას მიუძღვნა. ანგარიში პარლამენტში 31 მარტს გაიგზავნა, პარლამენტი კი, თავის მხრივ, ანგარიშს მიმდინარე სასესიო პერიოდში განიხილავს.

1200-გვერდიანი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს სახალხო დამცველმა უკვე გადაუგზავნა. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისში მოქალაქეთა 7 ათასი განცხადება დარეგისტრირდა, რაც ორ რამეზე მეტყველებს: ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და, მეორე, იზრდება ნდობა ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ, დაასკვნის სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, მისასალმებელია პროკურატურის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, რაც განამტკიცებს პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიებს, თუმცა კვლავ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. მათ შორის იგულისხმება საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი და პროკურატურის მაქსიმალური დეპოლიტიზება.

უჩა ნანუაშვილმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ, შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა, თუმცა, მისი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა და ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის არსი:

„თუმცა, ამ ცვლილების მიუხედავად, 2016 წლის მარტში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ არსებობის შესახებ. ამიტომ აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები პრაქტიკაში ზედმიწევნით შესრულდეს და არ იარსებოს საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოგროვების მახინჯმა პრაქტიკამ“.

ამ ფაქტებზე დეტალურად ვმუშაობთ. როცა დავასრულებთ ანგარიშის გაცნობას მეც და ჩემი კომიტეტიც, შემდეგ შემეძლება გავაკეთო კომენტარები. ვიდრე არ შევისწავლი ფაქტებს, მანამდე ვერც ერთ მის განცხადებას ვერ შევაფასებ...
ეკა ბესელია

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი გურამ იმნაძე ამბობს, რომ, მიუხედავად კანონში შესული ცვლილებებისა, მართლაც დღემდე პასუხგაუცემელი რჩება ე.წ. „ოდეერების“ საკითხი და განსაკუთრებით ის, თუ რომელ უწყებებში დარჩნენ კონკრეტული პირები "ოდეერის" ფუნქციით:

„ერთი წლის წინ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საერთოდ არ მოწესრიგებულა საკითხი, თუ როგორ უნდა გათავისუფლებულიყვნენ ეს ადამიანები თანამდებობიდან ან უნდა გათავისუფლებულიყვნენ თუ არა, საერთოდ. გამოვიდა ისე, რომ ეს ხალხი დარჩა თანამდებობებზე. მეორე საკითხია თვითონ ამ „ოდეერების“ ინსტიტუტით სარგებლობის უფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც არის აბსოლუტურად ჩაკეტილი და გაუმჭვირვალე ორგანო და კაცმა არ იცის, ამ თანამშრომლებს როგორ იყენებს. მაგალითად, ჩვენთვის უცნობია ამ სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობაც კი“.

ისევ სახალხო დამცველის ანგარიშს რომ დავუბრუნდეთ, უჩა ნანუაშვილის თქმით, გასულ წელს განსაკუთრებული სიმწვავით იდგა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საკითხი, თუმცა, ხელისუფლების განმარტებით, ასეთი ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

უჩა ნანუაშვილმა მწვავე საკითხების ჩამონათვალში გამოყო სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით არსებული ვითარება. მისი თქმით, რეფორმის მიუხედავად:

„განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესი, რომელიც არ ეფუძნებოდა კანდიდატთა პროფესიული საქმიანობის სამართლიან და ობიექტურ შეფასებას. ისევე როგორც წინა წლებში, სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები, თუმცა მიმართვები რჩებოდა ადეკვატური რეაგირების გარეშე“.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და, ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარაო, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ანგარიშში მოხვდა ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ჭრილშია განხილული; ასევე, ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და ისინი დადებითადაა შეფასებული. ანგარიში შეეხო პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის ფაქტებსაც. ეს თემა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშშიც მოხვდა, რაზეც ორგანიზაციის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამაც გაამახვილა ყურადღება:

გიორგი გოგია
გიორგი გოგია

„აქ იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურ ოფისებთან მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა. მხოლოდ ნოემბერში ერთი დღის განმავლობაში 19 ასეთი აქცია მოეწყო, რასაც არასათანადო რეაგირება მოჰყვა. ესეც, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს ქვეყნისთვის“.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში შეეხო წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულთა გამოძიებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობის არაეფექტურობას. ახალი დანაშაულის სტიმულირება მოახდინა, უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალების გასაჯაროების საკითხის გამოუძიებლობამ. პრობლემად რჩება, აგრეთვე, შრომის უფლების რეალიზების საკითხი და ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ გადადგმულა შრომის ინსპექციის შესაქმნელად არც ერთი ქმედითი ნაბიჯი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კომენტარს სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების თაობაზე ხელისუფლება მხოლოდ ამ ფაქტების კონკრეტულად შესწავლის შემდეგ შეძლებს:

„ამ ფაქტებზე დეტალურად ვმუშაობთ. როცა დავასრულებთ ანგარიშის გაცნობას მეც და ჩემი კომიტეტიც, შემდეგ შემეძლება გავაკეთო კომენტარები. ვიდრე არ შევისწავლი ფაქტებს, მანამდე ვერც ერთ მის განცხადებას ვერ შევაფასებ“.

ეკა ბესელიას თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის შესწავლას აპრილში შეუდგებიან და ამის შემდეგ ჯერ საკომიტეტო, შემდეგ სასესიო მოსმენაც შედგება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG