Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში პარლამენტში


2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელთა თქმით, პრეტენზიები უკავშირდება მათი დარგობრივი სამინისტროების მხრიდან ხარჯვითი ნაწილის ათვისებას. აქვე უნდა ითქვას, რომ 6 თვის ბიუჯეტს პრობლემები მხოლოდ ამ მიმართულებებით არ აქვს.

2014 წლის 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 96,9 პროცენტით შესრულდა, ბიუჯეტს 126,6 მილიონი ლარი დააკლდა. გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები გეგმის 103,2 პროცენტით იქნა მობილიზებული. ჩავარდნა იყო გრანტების მუხლით მისაღებ შემოსავლებში: შესრულდა გეგმის 47 პროცენტი. მსგავსი ვითარებაა სხვა შემოსავლების მუხლშიც: შესრულებულია გეგმის 78,9 პროცენტი. პრივატიზებიდან მიღებული შემოსულობები მობილიზებულ იქნა გეგმის გადაჭარბებით - 142,1 პროცენტით. ვალი აღებულია გეგმის 77 პროცენტით. ჩავარდნაა საგარეო ვალდებულებების აღების მხრივ. დაგეგმილი საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტი აღებულია 53,2 პროცენტით - კერძოდ, არ ჩარიცხულა 129,3 მლნ ლარი.

გადასახდელების ნაწილში შესრულებულია გეგმის 90,8 პროცენტი, კერძოდ, გადახრა არის 401,5 მლნ ლარი. 6 თვის მდგომარეობით, ყველაზე დიდი გარღვევაა კაპიტალური დანახარჯების მიმართულებით, გახარჯულია გეგმის 78,6 პროცენტი, ამ მიმართულებით დაუხარჯავი დარჩა 62,8 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯების მუხლით აუთვისებელია 132,3 მილიონი ლარი.

ორგანიზაციულ ჭრილში ყველაზე დიდი გადახრა აქვს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 114 მილიონ 127 ათასი ლარი. ეს ბუნებრივია, რადგან ფუნქციონალურ ჭრილში ყველაზე მეტად კაპიტალური დანახარჯების ათვისება ვერ მოხერხდა, ამ ტიპის დანახარჯები კი, უმეტესად, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს უკავშირდება.

მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ აუთვისებელია 70,5 მილიონი ლარი. ამ თანხის 60 პროცენტი სხვა ხარჯებზე მოდის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აუთვისებელმა ხარჯებმა 24,7 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 9,5 მილიონი სოციალური უზრუნველყოფის, ხოლო 5,3 მილიონი კაპიტალური ტიპის დანახარჯებია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 თვის გადახრამ 24 მილიონი შეადგინა. 7,8 მილიონი არ წასულა კაპიტალურ დანახარჯებზე, 4 მილიონი აუთვისებელია სუბსიდიების მუხლით, არ აღებულა 3,5 მლნ ლარის ვალი.

შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრების ათვისების ძირითადი ტვირთი ისევ წლის მეორე ნახევარს დააწვება - დიდი ალბათობით, თანხის ძირითადი ნაწილი, გასული წლის ანალოგიურად, მეოთხე კვარტალში დაიხარჯება,. არსებობს უფრო რთული სცენარიც, რომლის თანახმადაც, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, ასევე გასული წლის მსგავსად, შეიძლება საერთოდ ვერ დაფინანსდეს.

XS
SM
MD
LG