Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის გალერეაში ქართველი მხატვრის ინსტალაცია დაიდგა


ანნა ეძგვერაძე-კაპანაძე
ანნა ეძგვერაძე-კაპანაძე

ნიუ იორკის ჩელსის რაიონში, ვესტ-ვილიჯში მდებარე ალტერნატიული ხელოვნების დარბაზში სამი ახალგაზრდა ქალის გამოფენა გაიხსნა. მათ შორის თავის ინსტალაცია ანნა ეძგვერაძე -კაპანაძემ იგივე ანნა კეიმ წარმოადგინა. ანა წარმატებული ქართველი მხატვარია, რომელსაც თავის პერფორმანს-შოუ 2004 წლიდან გერმანიაში, რუსეთში, ამერიკაში, ჰოლანდიაში აქვს გამართული. "ნო ენთრანს ნო ეგზით" ასე ქვია გამოფენას, რომელიც ენდი ვორჰოლის ფონდის, შტატის ყოფილი გუბერნატორის ენდრიუ კუომოს და ქალაქ ნიუ-იორკის მერიის კულტურის განყოფილების მხარდაჭერით იმართება და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. თეა თუაშვილი ნიუ იორკიდან მოგვითხრობს.

იანვრის ყველაზე ცივი დღეები ნიუ-იორკში, ჩელსის უბანი, ნიუ- იორკის ბოჰემა, იდეების გენერაციის ადგილი. სამ შემოქმედი ქალი - ანნა კეი, იგივე ანნა კაპანაძე-ეძგვერაძე, ვიოლა ვესილტაკი და ალინა ტენზერი საკუთარ ინსტალაციებს ალტერნატიული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საგამოფენო სივრცეში ამონტაჟებენ. მთლიანად ამ პერფორმანსს "ნო ეგზით, ნო ენთრანს" ქვია, და ეს არის ინსტალაცია პერფომანსთან ერთად. აქ შენ შემოქმედიც ხარ და მსახიობიც. ანნა კეიმ, იგივე ანნა კაპანაძე-ეძგვერაძემ თავის ნამუშევარს, რომელზეც სამი თვე იმუშავა "დაუმთავრებელ ღიმილი" დაარქვა. გამოსახულებით ეს არის კაფელისგან შექმნილი აუზი, რომელშიც თეთრი ფერი ჭარბობს. ინსტალაცია კედელზე პროექციით ჩნდება. გვერდით ხის ფიგურებია და მასზე დაკეცილი საცურაო კოსტუმები. "დაუმთავრებელი ღიმილი" ბავშვობას, ბებიას და თბილისს უკავშირდება. ანა ხალისით ყვება, რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი კაფელი.

ანნა კეი: ინსპირაცია მოდის საქართველოდან. პატარა რომ ვიყავი ბებიაჩემს ლია კაპანაძეს დავყავდი თურქულ აბანოში. და როგორც მახსოვს, მაშინ ვგიჟდებოდი ამ მომენტზე. კაფელს ჰქონდა დაფარული კედელი, იატაკი და ჭერი და ამ რაღაც უსასრულო გეომეტრიულ სივრცეში ვიმყოფებოდი. ასეთი გრძნობა მქონდა, რომ იქ მარტო წყალი არ იყო, რომელიც გწმინდავდა, არამედ კაფელსაც იგივე ფუნქცია ჰქონდა. ვახტან ჭაბუკიანის სკოლაში ვსწავლობდი, თუმცა წავედი გერმანიაში და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. გავხდი სტუდენტი. ამ პერიოდში ძალიან ბევრს ვცეკვავდი, ვერთობოდი და ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა გავსულიყავი საჭირო ოთახში. იმიტომ კი არა რომ რამე მჭირდებოდა, არამედ მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი. მერე უცბად ამოტივდტივდა, რომ ეს კაფელის გამო ხდებოდა. კაფელი მანიჭებს სისუფთავის, და კათარზისის გრძნობას მაძლევს, რომ თითქოს სულ ბოლომდე გასუფთავებს და მერე შედიხარ ისევ იმ სოციალურ სამყაროში, რომელშიც სულ სხვა რაღაც პრინციპზეა აგებული ყველაფერი.

“The Kitchen ", დღეს თანამედროვე არტის სამზარეულოა თუმცა წლების წინ აქ სასტუმრო იყო, დღევანდელი საგამოფენო სივრცე კი - ჩვეულებრივი სამზარეულო. ბოლო ოც წელზე მეტია ეს ადგილი თანამედროვე ალტერნატიული, ავანგარდული კულტურის ერთ-ერთ ცნობილ ადგილად ითვლება მეგაპოლისში. ვიზუალური არტის, პერფორმანსის, თეატრის, მუსიკის, გადაკვეთის ადგილი, სადაც იწვევენ მათ, ვის ხელოვნებაშიც მნიშვნელოვანია პერფომანსი. ანნას პატარა ოთახში შევყავართ. სამი ვიდეო-პროექციაა კედელზე. ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლის ყოფილი ბალერინა თავის შესაძლებლობებს სოლო-პერფომანსში იყენებს. სამივე ვიდეო-არტში ანნა ფანჯრის რაფაზეა, მოძრაობს, რაღაცისკენ მიიწევს, შემდეგ ვარდება, ვარდება ყველა ვიდეო-კლიპში, სხვადასხვა დროს. ამ პროექტში მიწვევა მან გამოფენის კურატორისგან ლუმი ტანისგან მიიღო.

ლუმი ტანი: მინდოდა ანნა ყოფილიყო ამ ორ არტისტთან ერთად ამ პროექტში. ყველა მათგანს აქვს თავისი პირადი გამოცდილება და ისტორიები ამ პერფომანსთან დაკავშირებით. მე ძალიან დავინტერესდი ანნათი, თუ როგორ მოძრაობს პერფომანსის დროს კლასიკური ბალერინა. მისი მოქმედება მართლა მნიშვნელოვანი იყო ამ პერფომანსისთვის, რადგან ამგვარ ვიზუალურ მხარეს და საკუთარ სხეულს დანარჩენი ორი შემოქმედი ნაკლებად იყენებს.

ეს ანნა კაპანაძე-ეძგვერაძის მეხუთე გამოფენაა ნიუ იორკში. პროფესიული განათლება, როგორც გვითხრა, გერმანიაში მიიღო, სადაც მამასთან-გია ეძგვერაძესთან ჩავიდა. გერმანიის სამხატვრო აკადემიაში სწავლა 15 წლიდან დაიწყო.

ანნა კაპანაძე ეძგვერაძე: ჩავედი გერმანიაში და გავიცანი მამაჩემი, გია ეძგვერაძე, მანამდე არ ვიცნობდი ფაქტობრივად. ძალიან დავმეგობრდით და დავახლოვდით. მერე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, რაც ძალიან უჩვეულო იყო ჩემი ასაკისთვის. მაშინ 15 წლის ვიყავი, რახან იქ აკადემიაში 25 წლის ასაკში აბარებენ. მასწავლებელმა მითხრა, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი. ასე გავხდი სტუდენტი და რაღაც შინაგანად ისეთი გრძნობა მქონდა, რომ აქ ასე ხომ არ მთავრდება: ახლა სტუდენტი ვარ, მერე გავხდები მხატვარი და რაღაც კიდევ მიზანი უნდა გავიჩინო. ეს მიზანი გახდა ნიუ იორკი, რადგან 80-იანებში სწორედ ნიუ იორკში ხდებოდა ბევრი მნიშვნელოვანი რამ ამ სფეროში, ვიცოდი რომ აქ დიდი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას.

ამბობს, რომ თავის პროფესიით ცხოვრობს და ბედნიერია იმით რომ აკეთებს იმას, რაც უყვარს. არის სამი გალერეა, რომელიც მისი ნამუშევრების გაყიდვებზე მუშაობს. მის გარშემო არიან კურატორები, რომლებიც მას გამოფენებში იწვევენ და პრომოუშენს უკეთებენ მის შემოქმედებას. არტ- პერფორმანსი “სამზარეულოში” 13 იანვარს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება ენდი ვორჰოლის ფონდის, დევიდ ლოუსის, ჯენიფერ ვორბაკის, ნიუ-იორკის მერიის კულტურის განყოფილებასთან პარტნიორობით. წელს ანნა კაპანაძე -ეძგვერაძე კიდევ ერთ, ამჯერად სოლო-გამოფენას გეგმავს. შემოქმედის მიზანი მისი ნამუშევრების გალერეებში გამოფენა, უფრო დიდი მიზანი კი მომა, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია.

XS
SM
MD
LG