Accessibility links

logo-print

ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი ანეტ პიკოკი იმ მეამბოხე მუსიკოსებს შორის მოიაზრება, რომლებმაც უარი თქვეს საყოველთაოდ მიღებულ ჯაზურ კანონებზე, მეინსტრიმულ იმპროვიზაციულ პრინციპებზე და ალტერნატიული მიმართულება "ფრი ჯაზი" შექმნეს. ამას გარდა, პიკოკი ის ქალია, 70-იან წლებში ელექტრონული ექსპერიმენტები რომ წამოიწყო და, გილ სკოტ-ჰერონის მსგავსად, რეჩიტატიულ ვოკალურ მეტყველებას მოჰყვა, რაც რეპის გაჩენის წინაპირობად მიიჩნევა.

ანეტ პიკოკმა სახელი 1964 წელს ქმრის წყალობით გაითქვა. ცნობილმა ავანგარდისტმა პიანისტმა პოლ ბლეიმ კომპოზიტორი ცოლის ავანგარდული ჯაზური თხზულებების ჩაწერა და შესრულება დაიწყო. 60-იანების ბოლოს ამერიკულ სცენაზე რობერტ მუგის სინთეზატორი გამოჩნდა და ანეტმაც ახალი ინსტრუმენტის აკუსტიკური შესაძლებლობების გამოყენება გადაწყვიტა. შედეგად, გამოიცა ალბომი Bley-Peacock Synthesizer Show - ელექტრონული მუსიკის სამყაროში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტი. პიკოკმა საკუთარი ხმა სინთეზატორში გაატარა და იმ ეპოქისთვის მეტად უცნაური, ამავე დროს, ნოვაციურად პრეპარირებული ვოკალური ეფექტი მიიღო. რაც შეეხება თავად დისკის კონცეფციას, რთული მელოდიური სტრუქტურები ჯაზური გრუვით იქნა გაჯერებული.

ანეტ პიკოკის დებიუტისათვის კრიტიკოსების ყური მოუმზადებელი აღმოჩნდა, ამიტომ პროექტი ყურადღების მიღმა დარჩა. განსხვავებული გამოდგა მეორე სოლო ნამუშევარი I’m The One, რომელმაც ნაღმის აფეთქების ეფექტი იქონია. არტისტმა ამჯერად დაინდო მსმენელის ფაქიზი სმენა და შედარებით გამარტივებული, ელექტრიფიცირებული ფანკ-ჯაზურ-ბლუზური ფორმები შესთავაზა. მასალის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს პოლ ბლეიმ, დრამერმა რიკ მაროტამ, აირტო მორეირამ და პიანისტმა მაიკ გარსონმა. დისკი სტუდია RCA-ში შეიქმნა, სადაც იმხანად დევიდ ბოუიც მუშაობდა. ეს უკანასკნელი იმდენად აღფრთოვანდა პიკოკის ნამოქმედარით, რომ ერთობლივი ტურნეც შესთავაზა, თუმცა არტისტს სხვა გეგმები ჰქონდა და უარით გაისტუმრა ბრიტანელი. I’m The One ისტორიული მნიშვნელობის ალბომი გამოდგა - დღეს ბევრი მუსიკათმცოდნე ამ დისკს პირველ რეპალბომად ნათლავს, ხოლო პატი სმითი, ლორი ანდერსონი იმ ნამუშევრად მოიხსენიებენ, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მათ პოეზიაზე.

მეორე ალბომის წარმატების შემდეგ ანეტ პიკოკმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. ნიუ-იორკიდან ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუსიკას საერთოდ არ გაჰკარებია. მხოლოდ 1978 წელს გამოსცა ალბომი X-Dreams, რომელზეც ბრიტანელ არტისტებთან ერთად იმუშავა: დრამზე ბილ ბრაფორდი და რიკ მაროტა, კლავიშზე პიტ ლემერი განაწესა და გიტარაზე ბოუის ფავორიტს, მიკ რონსონს, დააკვრევინა. ჩემი აზრით, X-Dreams ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია პიკოკის დისკოგრაფიაში. გარდა იმისა, რომ ჩინებულ ვოკალისტად წარმოაჩინა თავი, საკომპოზიტორო ნიჭის გამოვლენაც ჩინებულად მოახერხა.

ანეტზე საუბარს შემდეგ გადაცემაში გავაგრძელებ, დღევანდელ სიუჟეტს კი ერთი სიმღერით დავასრულებ ზემოხსენებული ალბომიდან, რომელსაც Question ჰქვია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG