Accessibility links

logo-print

დღეს ამერიკელი კომპოზიტორისა და მომღერლის ანეტ პიკოკის შესახებ გავაგრძელებ საუბარს - არტისტის, რომლის პროექტები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება. ყოველი ახალი დისკი ნოვაციური მუსიკალური ფორმების ძიებაა, იმდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი, რომ შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცე კითხვას, თუ სად გადაეყრები ნამდვილ ანეტ პიკოკს.

1979 წლის დისკი The Perfect Release ზემოთქმულის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. თუ წინა ალბომი X-Dreams სტილისტიკური, ჟანრობრივი ქაოსით გამოირჩეოდა, აქ ყველაფერი თითქოს დალაგდა, ერთიან აკუსტიკურ ჩარჩოში მოექცა. პიკოკის ვოკალმა ხასიათი იცვალა და დასტი სპრინგფილდის ყაიდაზე ტრანსფორმირდა, ხოლო გამომხატველობითი ფორმებითა თუ არტიკულირების მანერით ჯონი მიტჩელის ჯაზურ პერიოდს დაუახლოვდა. საინტერესოა ისიც, რომ არტისტმა ინსტრუმენტული აკომპანემენტიც მინიმალისტური არჩია, ბენდის შემადგენლობა ოციდან 5 კაცამდე დაიყვანა. ალბომის ჩასაწერად გიტარისტი რობერტ ავაი და პიანისტი მაქს მიდლტონი მიიწვია, რომლებიც მანამდე ჯეფ ბეკთან ერთად უკრავდნენ ცნობილ ბრიტანულ ბენდში Hummingbird. მათ დიდებულად გაართვეს თავი ვოკალისტის სინკოპებსა და გაუთავებლად ცვლად რიტმიკას. შესაბამისად, პიკოკის რთულმა კომპოზიციურმა სტრუქტურებმა სასმენად საამო, მეინსტრიმული ფორმები მიიღო.

კომერციული The Perfect Release-ის შემდეგ, ანეტ პიკოკმა საკუთარი დამოუკიდებელი ხმის ჩამწერი სტუდია Ironic Records გახსნა და კვლავ ექსპერიმენტების გზას დაადგა. გამოუშვა მთელი წყება პროექტებისა, სადაც ზოგან მხოლოდ ფორტეპიანოს თანხლებით იმღერა, ზოგან ჯაზავანგარდისტებს შეეკრა და თავი სიმებიან კვარტეტთანაც მოსინჯა. 90-იანი წლების ბოლოს კი ლეიბლზე ECM გამოსცა ალბომი An Acrobat's Heart, სადაც ახალ სიმღერებთან ერთად 60-იან წლების რეპერტუარი ახლებური არანჟირებით წარმოადგინა.

ანეტ პიკოკის სცენაზე დაბრუნებამ ხელახლა გააღვიძა როგორც მსმენელების, ასევე კოლეგების ინტერესი მისი შემოქმედების მიმართ. არტისტის საავტორო თხზულებების ქავერები ისეთმა მუსიკოსებმა შექმნეს, როგორებიც არიან: ბრაიან ინო, მიკ რონსონი და პეტ მეთენი. თუმცა ყველაზე საინტერესო დევიდ ბოუის ექსპერიმენტი აღმოჩნდა, ბოუისა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ამაოდ ცდილობდა პიკოკის თანამშრომლობაზე დაყოლიებას. ბრიტანელმა სიმღერაში Something In The Air ანეტის ნაწარმოების I’m The One-ის მოტივების ციტირება მოახდინა.

ამჟამად ანეტ პიკოკი 75 წლის ბრძანდება. მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ ხშირად ჩნდება სხვადასხვა მუსიკალურ ფორუმზე. მაგალითად, გასული წლის ნოემბერში ჰოლანდიურ ქალაქ უტრეხტს სტუმრობდა, სადაც ე. წ. ინდი-მუსიკის ფესტივალზე "Guess Who?" წარდგა მსმენელის წინაშე. რაც შეეხება სტუდიურ მოღვაწეობას, ამ სივრცეში დიდი ხანია არაფერი შეუქმნია. ბოლოს 2005 წელს იაქტიურა და 31- წუთიანი საოცარი სილამაზის ალბომი გამოსცა. პროექტსაც ასევე დაარქვა: "31:31".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG