Accessibility links

logo-print

შოტლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი ენი ლენოქსი ბევრისთვის პოპ-როკის მომღერალადაა ცნობილი, თუმცა გასული წლის ბოლოს, თავყანისმცემელთა წინაშე ის განსხვავებულ ამპლუაში წარსდგა. ახალი კრებული „ნოსტალგია“ ჯაზისა და ბლუზის კომპოზიციებს მოიცავს. გამოსვლისთანავე, კრებულმა კრიტიკოსთა და მსმენელთა დიდი ყურადღება მიიპყრო და ჯაზ კრებულთა შორის ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 12 სიმღერა, რომელიც შესულია კრებულში, ყველასათვის ცნობილი კლასიკად ქცეული კომპოზიციებია. მათ შორისაა ჯორჯ გერშვინის „Summertime”, ჰოგი ქარმაიკლის „Georgia on my Mind”, აბელ მიროპოლის „Strange Fruit” , ჯონი გრინის „I Cover the Waterfront” და სხვა.

ამ კლასიკური კომპოზიციების ლენოქსისეული ინტერპრეტაცია სიმღერებს ერთდროულად უკვდავს და თანამედროვეს ხდის. ზოგიერთი მათგანი თითქმის 80 წლის წინაა დაწერილი, თუმცა დღემდე გაუძლო დროს და კვლავ აქტუალურია. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ენი ლენოქსი კი არ მღერის ამ უკვდავ მელოდიებს, არამედ თავის სულს აშიშვლებს და უზიარებს მსმენელს. ამასთან, მომღერალი ახერხებს თითოეული ნოტის და სიტყვის განსაკუთრებული ინტონაციით გადმოცემას.

ენი ლენოქსი: „მთავარი მამოძრავებელი ამ სიმღერების შესრულების დროს არის გრძნობა. უნდა მოხდეს უხილავი კავშირი. მელოდია უნდა გელაპარაკებოდეს. თუ გავყვებით ამ მელოდიას, ის გაჩვენებს სწორ გზას, მიმრთულებას. კრებული ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ის ნამდვილად სიყვარულითაა შექმნილი.“

კრებული „ნოსტალგია“ფართო გაყიდვაში 2014 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ეს არის დახვეწილი, თანამედროვე ჟღერადობის და ამავე დროს, ტრადიციული კლასიკური კომპოზიციების ერთობა. სიმღერების არაჩვეულებრივი სელექცია, პროდიუსერთა გუნდის წარმატებული ნაშრომი, თავად უკვდავი მელოდიები- ყველაფერი ეს, მომღერალ ენი ლენოქსის არაჩვეულებრივ ვოკალურ შესრულებასთან ერთად, კრებულს სრულყოფილს ხდის და მომღერლის თაყვანისმცემლებს მუსიკოსის განსხვავებულ ამპლუაში ხილვის საშუალებას აძლევს.

XS
SM
MD
LG