Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან


1992-93 წლების ომის შედეგად დაზიანებული აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა
1992-93 წლების ომის შედეგად დაზიანებული აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა

21 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთში დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ამ ომში ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 000-მდე ადამიანი კი დღემდე დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას. 14 აგვისტო თბილისში აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალთან აღნიშნეს.

შაოსანი დედები გული ბერია და ლიანა ქუთელია აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალთან ყოველი წლის 14 აგვისტოს მიდიან. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. 21-ე წელია ისინი ამ დღეს გმირთა მემორიალთან იმ კედელს შესცქერიან, სადაც მათი დაღუპული ვაჟების სახელებია ამოტვიფრული. გული ბერიამ დღემდე არ იცის, სად არის თავისი შვილის საფლავი, ლიანა ქუთელიას უფრო გაუმართლა - შვილის საფლავზე მისვლას სოხუმში დროდარო მაინც ახერხებს. წელს გმირთა მემორიალთან სიხალვათეა - ორივე დედა ჩივის, რომ რაც დროს გადის, ამ დღეს მემორიალთან ხალხიც იკლებს და მათი გულშემატკივარიც.

“დღეს მაინც როგორ დავივიწყებ ამ უაზრო ომს, იმ დედებს, რომელთა დიდ ნაწილს შვილის საფლავიც არ გააჩნია. ნუთუ არ შეიძლება თანაგრძნობა გამოხატოს ჩვენმა მთავრობამ, მოვიდნენ, დაგველაპარაკონ. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილები, ყველაზე დაჩაგრული ხალხი ვართ. ორი კვირის წინ დავბრუნდი აფხაზეთიდან, შვილის საფლავზე ვიყავი, გაჭირვებით წავედი, მომავალ წელს იქნებ ვეღარც შევძლო. ჩემნაირ დედებს ძალიან სჭირდებათ ნუგეში ამ დღეს მაინც“, - შემოგვჩივლა ლიანა ქუთელიამ.

გული ბერიას ვაჟი 20 წლისაც არ იყო, როცა ომში წავიდა. აფხაზეთში აღარც ოჯახის სახლი არსებობს:

„პირველ კურსზე ჩაირიცხა თუ არა, ომიც დაიწყო. აიღო იარაღი და წავიდა. ახალდაბაში დაიღუპა. უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ისიც არ ვიცი, სადაა მისი საფლავი.“

მიუხედავად ამ 21-წლიანი ტკივილისა, ორივე დედა ფიქრობს, რომ უნდა გამოინახოს შერიგების გზა. ორივე დედა მზადაა, რომ აფხაზ დედებს შერიგების ხელი გაუწოდოს:

„მე გავუწვდიდი შერიგების ხელს აფხაზებს. დისშვილი აფხაზი მყავს, ძმისშვილი დედით აფხაზი მყავს. რომ არ გაგრძელდეს ეს უბედურება დანარჩენებისთვისაც, შერიგება საჭიროა. ცხრა ახლობელი ნათესავი მყავს დაღუპული და მაინც ვთმობ, მაინც ვგმობ ამ უბედურებას, ოღონდ როგორმე ეს გატეხილი ხიდი აღდგეს“.

აფხაზეთში დაღუპული გმირების მემორიალს 14 აგვისტოს დილიდან რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა მიაგო პატივი. ადგილზე მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა, როგორც აფხაზეთში დაღუპული გმირების ნათესავებიც აღნიშნავდნენ, რაც დროს გადის, ამ დღეს მემორიალთან სულ უფრო ცოტა ადამიანი მიდის.

დილიდან ადგილზე „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია გამოჩნდა. ომის დაწყებიდან 21 წლის შემდეგ დავითაიამ განაცხადა, რომ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, ვინც ამ ომში თავი გაწირა.

შერიგებაზე ლაპარაკობდა 14 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც:

„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ მარტო ტერიტორიები კი არ დავიბრუნოთ, იმ ხალხის გული დავიბრუნოთ, ვინც ენგურს გაღმა დარჩა 1992 წლის 14 აგვისტოს“.

მემორიალთან 14 აგვისტოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძეც მივიდნენ.

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გვინდა პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ძმათამკვლელ ომს შეეწირა“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

„ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, - ვკითხულობთ 14 აგვისტოს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პაატა ზაქარეიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვა მისთვის თავს მოხვეულ, აგრესიულ და მილიტარისტულ პოლიტიკაზე და რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზადაა აფხაზებისა და ოსების ინტერესების დასაცავად და გულწრფელად დაინტერესებულია მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების შექმნით:

„2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაადასტურა ცალხრივი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი ხელისუფლების კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსისადმი ერთგულებას. ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და ვიზრუნოთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობაზე, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, გასულ საუკუნეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები აღარასოდეს განმეორდება“, - წერია განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG