Accessibility links

logo-print
საქართველოში პირველად აღინიშნა ევროპის ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღე. ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა და ამ პრობლემის გადაჭრის გზები იყო.
ექსპერტების თქმით, ზედმეტი ანტიბიოტიკების მიღება, საბოლოოდ, განაპირობებს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი წამალს ეჩვევა და ამ წამლით განკურნება უკვე ნაკლებად შესაძლებელია. ეს პრობლემა დგას როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა განმარტა, იმერეთში ჩატარდა პილოტული კვლევები. კვლევამ აჩვენა, რომ დანიშნული 10 წამლიდან 9 პაციენტისთვის საერთოდ არ იყო საჭირო.

„სწორედ ამ კვლევაში გამოვლინდა, რომ განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სადაც წამყვანი დაავადება სწორედ გახლავთ სასუნთქი გზების პრობლემები, 10- დან 9 შემთხვევაში არასწორად მკურნალობდნენ. გრიპი, გაციება... უმეტეს შემთხვევაში არ გახლავთ ბაქტერიებით გამოწვეული, ხშირად ის ვირუსულია. ამდენად, ანტიბიოტიკების მოხმარება არამცთუ არასასურველი და უშედეგო იქნება, არამედ ამით ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ ის, რომ სამომავლოდ იმავე ანტიბიოტიკების გამოყენებისას ინდივიდუალურ ორგანიზმში რეზისტენტული ფონი შეიქმნას“.

მარიამ ჯაშის თქმით, ანტიბიოტიკების საჭიროების გარეშე დანიშვნას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანი ექიმების დაბალი კვალიფიკაციაა. ამასთან, დღემდე არ არსებობს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ზუსტად განმარტავდა, პაციენტს რა შემთხვევაში რა უნდა გამოეწეროს.

ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, 9 კლინიკაში უკვე 1000-მდე ექიმისა და ექთნის ტრენინგი ჩატარდა. ასევე გაკეთებულია სიტუაციური ანალიზი...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ექიმებისთვის ტრენინგები უკვე ტარდება:

„ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, 9 კლინიკაში უკვე 1000-მდე ექიმისა და ექთნის ტრენინგი ჩატარდა. ასევე გაკეთებულია სიტუაციური ანალიზი, რა უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯი“.

ექსპერტები ასევე ასახელებენ სხვა პრობლემებსაც, კერძოდ: საქართველოში ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია თერაპიის ბოლომდე მიყვანა, რაც ავადმყოფის დაუდევრობის გამო ხშირად არ ხდება. მკურნალობის უდროოდ შეწყვეტა ასევე ერთ-ერთი წინაპირობაა იმის, რომ ადამიანს ამა თუ იმ წამლის მიმართ რეზისტენტობა ჩამოუყალიბდეს.

ჩვენ აქ ვართ, რადგან საქარათველო იღებს ახალ რეგულაციებს ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის და ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც, რათა არც მათ გასცენ ეს წამლები რეცეპტის გარეშე...
პრობლემის მოგვარების მიზნით, პირველი იანვრიდან ანტიბიოტიკები მხოლოდ რეცეპტებით გაიყიდება. მარიამ ჯაში ამბობს, რომ ეს ცვლილება პრობლემას მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

„არასტეროიდული, ანტიანთებითი, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი გარკვეული მედიკამენტები რეცეპტების გარეშე გაიცემა. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, ისინი დაექვემდებარებიან რეცეპტურას“.

ანტიბიოტიკების რეცეპტებით გაცემას მიესალმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი დანილო ლო ფო ვონგი:

„ჩვენ აქ ვართ, რადგან საქარათველო იღებს ახალ რეგულაციებს ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავად საქართველოსთვის და ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც, რათა არც მათ გასცენ ეს წამლები რეცეპტის გარეშე“.

დანილო ლო ფო ვონგის თქით, ჩვენს თაობას, მართალია, გაუმართლა, რომ ანტიბიოტიკები გვაქვს და მათი მეშვეობით ბევრი გართულების თავიდან აცილება შეგვიძლია, მაგრამ მათი არასწორი მოხმარება იწვევს რეზისტენტობას, რაც ასევე სამწუხარო რეალობაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG