Accessibility links

ანტიდისკრიმინაციული კანონი - საჯარო სამსახურების სუსტი წერტილი


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, კავშირი „საფარი“, „იდენტობა“, „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ - ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც გასული წლის სექტემბერში, ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით, ერთი კოალიციის ქვეშ - „კოალიცია თანასწორობისათვის“ - გაერთიანდნენ და 16 თებერვალს ხელი მოაწერეს მემორანდუმს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველთან ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე. ხელმომწერი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ისინი ხელს შეუწყობენ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებას, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებასა და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებები.

„ანტიდისკრიმინაციულ კანონად“ წოდებული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან ცხრა თვის თავზეც კი საჯარო მოხელეებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო წარმოდგენა იმაზე, თუ რას გულისხმობს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომ აღარაფერი ითქვას ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაზე, - თქვა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 16 თებერვალს, „კოალიცია თანასწორობისათვის“ წევრ ორგანიზაციებთან ერთად მემორანდუმის ხელმოწერისას:

„ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. დღევანდელი დღე და მემორანდუმის გაფორმება არის ნიშანი, რომ ჩვენ ყველამ - როგორც სახელმწიფო სტრუქტურებმა, ისე სახალხო დამცველმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა - უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს კანონი რეალურად განხორციელდეს და კანონი არ დარჩეს ცარიელ კანონად, ცარიელ ქაღალდად, არამედ ის ცხოვრებაში გატარდეს. ამისათვის საჭიროა ყველა რესურსის გაერთიანება და მე ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმი და, ზოგადად, ეს პროცესი არის იმის დადასტურება, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია გაცილებით მეტი შედეგის მიღწევა, ვიდრე ცალ-ცალკე, დაქსაქსულად“.

შეგახსენებთ, რომ კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ ძალაში გასული წლის მაისში შევიდა და მისი განხილვა პარლამენტში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს დისკრიმინაციისგან დაცვას მრავალი მიმართულებით - მაგალითად, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა თუ რელიგიისა და რწმენისა - და თუმცა ეკლესია განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ამ ჩამონათვალში შეტანილ ”სექსუალურ ორიენტაციასა” თუ ”გენდერულ იდენტობას”, სადავო ფორმულირება უცვლელი სახით დარჩა კანონში და ის საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

კანონის თანახმად,სახალხო დამცველს შეუძლია როგორც მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე, ისე პირადი ინიციატივით დაიწყოს დისკრიმინაციულ ფაქტზე საქმის შესწავლა. ცხრა თვის მონაცემებით, სახალხო დამცველის ოფისში შევიდა 56 განცხადება, სამი საქმის შესწავლა კი სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. ათ შემთხვევაში საქმე გადაეცა სხვადასხვა დეპარტამენტს, რადგან არ გამოიკვეთა დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებული უფლებადარღვევა; ასევე ათ საქმეზე შეწყდა წარმოება დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობის გამო, ხოლო სამი საქმე შეჩერდა, რადგან განმცხადებელმა მიმართა სასამართლოს, ამჟამინდელი კანონმდებლობის რედაქციით კი, ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველმა საქმის წარმოება უნდა შეაჩეროს. კანონში არსებულ სწორედ ამ და კიდევ რამდენიმე ხარვეზზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები და უახლოეს მომავალში აპირებენ პარლამენტს მიმართონ საკანონმდებლო ინიციატივით. მაგალითად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების ეფექტურად აღდგენისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობის მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვის სამთვიანი ვადა ერთ წლამდე უნდა გაიზარდოს.

შინაგანაწესში მითითებულ დასვენების დღეებში მითითებულია პირველი იანვარი, შობა, აღდგომა, ანუ მართლმადიდებელთა რელიგიური დღესასწაულები. გასაგებია, რომ სახელმწიფო ამ დღესასწაულებს აცხადებს დასვენების დღეებად, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მიეთითოს მეორე პუნქტი...

თამარ კორძაია არის ის ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც აქტიურად ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და თვალყურს ადევნებს, ასრულებს თუ არა მიღებულ კანონს ხელისუფლება სრულყოფილად. როგორც თამარ კორძაია ამბობს, კანონმდებლობის შესრულების თვალსაზრისით, აღმასრულებელ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მეოთხე მუხლის თანახმად, ყველა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია თავისი საქმიანობა, სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები კანონს შეუსაბამოს.

„ჩვენ დავინტერესდით, რამდენად აქვს გააზრებული ხელისუფლებას თავისი პროაქტიული ქმედების ვალდებულება და როგორ ხედავს ის, დისკრიმინაცია არის თუ არა მის სამსახურში და მის ირგვლივ. სამწუხაროდ, შედეგი აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ველოდით: აბსოლუტურად ყველა დაწესებულებამ, რომელსაც მივმართეთ, ეს არის 17 სამინისტრო და ხუთი მერია, გვიპასუხა, რომ არავითარი ცვლილება ანტიდისკრიმინაციული კანონის შემდეგ არ განხორციელებულა, იმიტომ რომ მათთან არ ხდება დისკრიმინაციული დარღვევები. თან პირობაც დადეს, რომ თუკი მსგავს ფაქტს ექნება ადგილი, აუცილებლად მოახდენენ ამაზე რეაგირებას“, - ამბობს თამარ კორძაია, რომელსაც მაგალითად მოჰყავს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული პასუხი:

ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც სახალხო დამცველმა გამოიტანა, ეს ეხებოდა „საქართველოს ბანკის“ სექსისტურ რეკლამას. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს, ვინაიდან არ იყო კონკრეტული მომჩივანი და დაზარალებული...

„შინაგანაწესში მითითებულ დასვენების დღეებში მითითებულია პირველი იანვარი, შობა, აღდგომა, ანუ მართლმადიდებელთა რელიგიური დღესასწაულები. გასაგებია, რომ სახელმწიფო ამ დღესასწაულებს აცხადებს დასვენების დღეებად, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მიეთითოს მეორე პუნქტი, სადაც უფრო მეტი მგრძნობელობა იქნება დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და იყოს მითითება, რომ იმ პირებს, ვინც არ არიან მართლმადიდებლები, შეუძლიათ ეს დღეები არ გამოიყენონ და სამსახურის უფროსს შეუთანხმონ საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების დღეები?!“

კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი ორგანიზაცია, კავშირი „საფარი“, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისთანავე აქტიურად აწარმოებს საქმიანობას გენდერული თანასწორობის კუთხით განხორციელებულ დისკრიმინაციულ ფაქტებზე. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, ამ თვეების განმავლობაში მათ არაერთხელ გამოიყენეს კანონი და მიმართეს როგორც სასამართლოს, ისე სახალხო დამცველის ოფისს:

„ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც სახალხო დამცველმა გამოიტანა, ეს ეხებოდა „საქართველოს ბანკის“ სექსისტურ რეკლამას. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს, ვინაიდან არ იყო კონკრეტული მომჩივანი და დაზარალებული, და ვთხოვეთ მას გამოეყენებინა მის ხელთ არსებული საშუალება და ზოგადი რეკომენდაცია გაეცა სექსისტურ რეკლამებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული რეკლამა ნამდვილად იყო დისკრიმინაციული და რეკომენდაციით მიმართა ‘საქართველოს ბანკს’“.

„ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი“ რელიგიური ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციულ ფაქტებს სწავლობს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, გამოცდილება აჩვენებს, რომ უნდა გაიზარდოს მუშაობა დისკრიმინაციის მსხვერპლთა გაძლიერების მიმართულებით, რადგან, მისი თქმით, ხშირად თავად ისინი ვერ აცნობიერებენ მათ მიმართ ჩადენილ კანონდარღვევას და, რაც მთავარია, ხშირად უარსაც ამბობენ საკუთარი უფლებების დაცვაზე. თამთა მიქელაძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს ამ მიმართულებით სამართალდამცავთა და ხელისუფლების ვალდებულებებს მაშინ, როცა, მისი თქმით, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დისკრიმინაციული ფაქტები ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება. თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამთა მიქელაძე ლაპარაკობს. ის საჯარო სამსახურებში რელიგიური ნეიტრალიტეტის სტანდარტის არარსებობას ეხება:

„ბოლო პერიოში გვქონდა არაერთი შემთხვევა რელიგიური ნეიტრალიტეტის ძალიან უხეში დარღვევისა. მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმ კომისიაში, რომელსაც საჯარო სამსახურში ადამიანები უნდა დაესაქმებინა და კონკურსი უნდა ჩაეტარებინა, ჩართული იყო დომინანტი რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირი“.

რაც შეეხება კოალიციაში შემავალ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, „იდენტობა“ იმუშავებს სექსუალური უმცირესობების მიმართ ჩადენილ დისკრიმინაციულ ფაქტებზე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შეისწავლის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციულ ფაქტებს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი - რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს.16 თებერვლიდან ამოქმედდა ცხელი ხაზიც (568 321 221), რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG