მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ახალი ანგარიშით, რომელიც რუსეთის სპორტში აკრძალული ნივთიერებების გამოყენებას ასახავს, სულ ცოტა, ოთხი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი რუსი ათლეტი მონაწილეობდა დოპინგზე შემოწმების დადებითი შედეგების გაყალბებაში.
ახალი ანგარიში 9 დეკემბერს წარმოადგინეს. წინა ანგარიში, რომელიც რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებას ცხადყოფდა, წელს ზაფხულში გამოქვეყნდა და მას ათობით რუსი ათლეტის დისკვალიფიკაცია მოჰყვა. მათ ვერ შეძლეს რიოს ოლიმპიადაში მონაწილეობა.
ორივე ანგარიშის ავტორია კანადელი იურისტი, რიჩარდ მაკლარენი. ტექსტში საუბარია „ინსტიტუციურ შეთქმულებაზე“, რომელიც 2011 წელს დაიწყო და სპორტის 30-ზე მეტ სახეობას მოიცავდა. მაკლარენის წინა ანგარიშის დასკვნებს სრულად ადასტურებს ახალი ანგარიშიც.
რუსეთის ოფიციალური პირები უარყოფენ დოპინგის ორგანიზებული სისტემის არსებობას და აცხადებენ, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსთან თანამშრომლობენ აკრძალულ ნივთიერებებზე შემოწმების გასაუმჯობესებლად.
დაწერეთ კომენტარი