Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპას აშშ-ის „ანტისარაკეტო ქოლგა“ ეფარება


ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი
ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი

12 მაისს რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, აშშ-ის მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ამოქმედდა. ამ მოვლენას „რუსეთისათვის აშკარა საფრთხე“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რომლის განცხადება „უპასუხისმგებლოდ“ და „უსაფუძვლოდ“ მიიჩნია ნატოს ხელძღვანელობამ.

აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის, „იჯისის“, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის პირველი კომპონენტის - გადამტაცი სადგურის - ამოქმედებას რუმინეთში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო სარდლობა და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა ევროპის ანტისარაკეტო ფარის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამ პროექტის წინაისტორიაც გაიხსენა:

„ევროატლანტიკური სივრცის გარედან მომავალი სარაკეტო საფრთხე რეალურად ემუქრება ნატოელ მოკავშირეებს. რამდენიმე ქვეყანა ესწრაფვის ასეთი შეიარაღების შეძენას და შექმნას. ჩვენი ერთობლივი სარაკეტო თავდაცვის სისტემა გრძელვადიანი ინვესტიციაა ამ გრძელვადიანი საფრთხის წინაღმდეგ. ასეთი თავდაცვითი სისტემის შექმნის გადაწყვეტილება ნატოელმა მოკავშირეებმა ლისაბონის 2010 წლის სამიტზე მიიღეს“.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს გენერალური მდივნისა და ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის ლიდერმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ანტისარაკეტო ფარი „არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „რუსეთისათვის აშკარა საფრთხე“ უწოდა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგებას რუმინეთში:

„რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გაშლა [რუმინეთში], რა თქმა უნდა, ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. თვით რუსეთის პრეზიდენტსაც არაერთხელ წამოუჭრია კითხვა, ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს სისტემა. თავდაპირველად არსებობდა ძალიან ვრცელი განმარტება, რომ სარაკეტო თავდაცვის სისტემა იმ საფრთხის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც შეიძლებოდა ირანიდან წამოსულიყო. ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ირანის მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა, თუმცა აქტუალობას არ კარგავს კითხვა, რომელიც მოსკოვსა და პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ დაუსვამს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „უპასუხისმგებლო“ და „უსაფუძვლო“ უწოდა კრემლის ამგვარ განცხადებას და დასძინა, რომ ევროპის ანტისარაკეტო ფარი ვერანაირად ვერ მიაყენებს ზიანს რუსეთის შეკავების სტრატეგიას:

„ჩვენი თავდაცვითი სისტემა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ის მხოლოდ თავდაცვითია. რუმინეთიდან და პოლონეთიდან ნატოს სარაკეტო სისტემა ვერ ჩამოაგდებს რუსეთის ბალისტიკურ საკონტინეტთაშორისო რაკეტებს. ფიზიკურად და გეოგრაფიულად ეს შეუძლებელია. ჩვენი სარაკეტო თავდაცვის სისტემის დანიშნულება ევროატლანტიკური სივრცის გარედან მომდინარე საფრთხის შეკავება გახლავთ. და ეს არაერთხელ განვუმარტეთ რუსეთს“.

სამხრეთ რუმინეთში გაშლილი ევროპის სარაკეტო თავდაცვითი ფარის პირველი კომპონენტის ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს. 13 მაისს პოლონეთის დაბა რედზიკოვოში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვითი კომპლექსის კიდევ ერთი სისტემის განლაგება იგეგმება. ევროპაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის რობერტ ბელის თანახმად, სულ მალე ანტისარაკეტო ფარის მართვა გადაეცემა ნატოს სარდლობას, რომელმაც ევროპაში ალიანსის ქვეყნების საჰაერო თავდაცვა უნდა უზრუნველყოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG