Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიელი მწერლის პორტუგალიური ისტორია


ანტონიო ტაბუკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელია თანამედროვე იტალიური ლიტერატურის, თუმცა კი ქართველი მკითხველისთვის არასაკმარისად ცნობილი. ჯერჯერობით მისი მხოლოდ ერთი რომანია თარგმნილი და გამოცემული. „მიაჩნია პერეირას“ ხათუნა ცხადაძემ თარგმნა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. იტალიელი მწერლის ამ ნაწარმოებში მოქმედება პორტუგალიაში ხდება, სალაზარის რეჟიმის დროს, 1938 წლის ზაფხულში. პერეირა ორმოცდაათს გადაცილებული, მსუქანი, ჯანმრთელობის პრობლემებით შეწუხებული ადამიანია, რომელსაც ერთი გაზეთის ლიტერატურული გვერდი აბარია, მჩქეფარე ცხოვრება კი ფაქტობრივად წარსულისთვის ჩაუბარებია. მისი ყოველდღიური რუტინა არის რედაქციაში სიარული, გარდაცვლილი მეუღლის ფოტოსურათთან საუბარი, შიგადაშიგ ფრანგი მწერლების თარგმნა გაზეთისთვის, თეოლოგიური საუბრები პადრე ანტონიოსთან და აჩემებულ კაფეებში ეულად ჯდომა... მის ლიტერატურულ გვერდს ოპერატიულობა რომ არ მოაკლდეს, პერეირას უცნაური იდეა უჩნდება: ქირაობს ერთ ახალგაზრდას, რათა მან წინასწარ გაუმზადოს ნეკროლოგები იმ ცნობილი მწერლებისა, რომლებიც ჯერაც ცოცხლები არიან, მაგრამ თუ ვინიცობაა უცებ გარდაიცვლებიან, ის შეძლებს მეორე დღესვე ღირსეულად გამოეხმაუროს ამ მოვლენას. მაგრამ სტაჟიორად აყვანილ მონტერიო როსის მასთან ერთიმეორეზე უფრო საშიში და ჟურნალისთვის გამოუსადეგარი სტატიები მოაქვს: ხან ლორკას სიკვდილს აღწერს, ხან დ’ ანუნციოს გასახსენებელ წერილს წერს... მონტეირო როსი მემარცხენეა, მეამბოხეა, ეს პერეირას ჟურნალს არანაირად არ სჭირდება, მას შეუძლია დაითხოვოს როსი, მაგრამ პირიქით, პერეირას საოცარი მიჯაჭვულობა ეწყება ამ ადამიანისადმი. ეს ურთიერთობა თანდათანობით ცვლის მას, გამოჰყავს რეჟიმის დამთრგუნველი წნეხიდან, ჰმატებს გამბედაობას.

წიგნზე და ავტორზე საუბარი ვთხოვეთ მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს:

ხათუნა ცხადაძე
ხათუნა ცხადაძე

„შეიძლება გადაჭარბებული არ იყოს, თუ ვიტყვი, რომ ეს წიგნი არის იტალიელების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი. და ის იტალიელებიც კი, რომლებიც არ კითხულობენ, და ზოგადად ძალიან ცოტას კითხულობენ, ამ წიგნს კითხულობენ - დაწყებული თინეიჯერებით, დამთავრებული ნებისმიერი ასაკის ადამიანით. ტაბუკი იყო ადამიანი, რომელმაც შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო თარგმნით. თარგმნიდა პორტუგალიურენოვან ლიტერატურას, და ის წერს ერთგან, რომ 60-იან წლებში პარიზში, სადღაც ბუკინისტის დახლზე უნახავს ფერნანდო პესოას წიგნი და იმის შემდეგ, პორტუგალია იქცა ჩემს სამშობლოდ და პორტუგალიური ენა კი ჩემს მშობლიურ ენადო. ესაა ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად იტალიელებს აჩუქა პესოას შემოქმედება იტალიურ ენაზე.

არ არის შემთხვევითი ის, რომ ტაბუკი იყო ძალიან პოლიტიზებული ადამიანი, ძალიან ჩართული იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, და არც კი ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მოწამლული იმ პოლიტიკური სივრცით, რომელიც იყო იტალიაში 90-იანი წლების ბოლოს. არ არის შემთხვევითი, რომ 1994 წელს გამოვიდა ეს წიგნი, როცა ბერლუსკონი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რომლის სასტიკი წინააღმდეგი და მოძულე იყო ანტონიო ტაბუკი“.

მთელ წიგნს რეფრენივით მიჰყვება ფრაზა „მიაჩნია პერეირას“. იგი რომანში აღწერილ თითქმის ყველა ქმედებას, მოვლენას თან სდევს, გაუთავებლად, მონოტონურად. ეს ყველაფერი შეიძლება მწერლის ფორმალისტურ ხერხად აღვიქვათ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს არაა წმინდა წყლის ფორმალიზმი და ამის უკან მწერლის ხედვა, პოზიცია ჩანს. ჩანს, რომ რეჟიმის პირობებში ხშირად ობიექტური რეალობა იკარგება. ადამიანს, მით უმეტეს იმ ადამიანს, რომელიც მასმედიის წარმომადგენელია, უჭირს დარწმუნებით მტკიცება იმისა, რომ ის, რაც მის ირგვლივ ხდება, დანამდვილებით ხდება. ის ცნობიერად თუ არაცნობიერად იძულებულია ობიექტური რეალობა ჩაანაცვლოს სუბიექტური რეალობით, ყველაფერი საკუთარ ხედვას მიაწეროს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იქნება ეს თუ სრულიად ყოფითი დეტალები - ვთქვათ ის, რომ რაღაც კერძს მიირთმევს, ან ამა და ამ საათზე იღვიძებს. მას მიაჩნია, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ შეიძლება ეს სულაც არაა სიმართლე - ის ამაზე თავს ვერ დადებს. ამ შემთხვევაში ზმნა „მიაჩნია“ სულაც არაა მტკიცებითი ფორმის, ის უფრო ადამიანის იმ მდგომარეობას გამოხატავს, როდესაც იგი ხედავს რეალობას, მაგრამ ვერ ბედავს, ბოლომდე მიიღოს იგი, გაურბის მას და ყველაფერს სუბიექტურ აღქმას აბრალებს.

ხათუნა ცხადაძე: „წიგნი ლაპარაკობს რეჟიმზე. წიგნი ლაპარაკობს სწორედ იმ ყოყმანზე და ორჭოფობაზე, რომელიც ამ რეჟიმის პირობებში გაჩნდა. პერეირა არის ინტელექტუალი, რომელიც ფიქრობს, რომ ის ლიტერატორია და მას რაღაცები არ ეხება, მას არ ეხება პოლიტიკური სიტუაცია, ის, რაც მის გარშემო ხდება, და ბოლოს, სანამ სისხლიანი რეჟიმი სახეში არ მიაშხეფებს ამ ვიღაცის, მოყვასის, გვერდზე მჯდომის თუ გვერდზე მცხოვრების სისხლს, მანამდე არ ფხიზლდება. უფრო სწორად, არ აღიარებს. ძალიან კარგად ხედავს რაღაცებს, მაგრამ არ აღიარებს, რაღაც ისეთი გარსი აქვს აშენებული გარშემო, რომლითაც თავს იცავს და არ უნდა იქიდან გაჭყეტა გარეთ. და ეს ტონიც, ჰო, თითქოს არ არის დარწმუნებული, ეს ერთი, და მეორე, თითქოს ვიღაცის წინაშე თავს კი არ იმართლებს, არამედ ჰყვება ამას, თუ იგონებს, მის ფიქრს უფრო ჰგავს მთელი წიგნი, ვიდრე ხმამაღლა მონაყოლს. წიგნს ქვესათაური აქვს და ჰქვია „ჩვენება“. ანუ სასამართლოზე მიცემული ჩვენებასავითაა. მაგრამ ეს არაა რეალურად არსებული სასამართლო, ეს არის მისი შინაგანი სასამართლო, და საერთოდ, რომელი? თუ გვინდა შორს წავიდეთ, -რადგან პერეირა მორწმუნე კაცია და არ მინდა, სადღაც ძალიან შორს გადავხტე, - რომელი სასამართლოს წინაშე „მიაჩნია“ მას ეს ყველაფერი, ამის ინტერპრეტაციის სივრცეს გვიტოვებს ავტორი“.

ორიგინალიდან პირდაპირ გადმოდის შენზე ეს მდორე ტემპი, რომელიც ტექსტის თხრობაშია თავიდან. არ ვიცი, რა მხატვრული ხერხებით ახერხებს ამას ტაბუკი, მაგრამ წიგნს რომ ფურცლავ, აშკარად უფრო სწრაფად კითხულობ ბოლო ნაწილებს...
ხათუნა ცხადაძე

პერეირა თანდათანობით მონტეირო როსის მესაიდუმლე და შემფარებელიც კი ხდება, ხოლო როცა ყველაფერი მაინც ტრაგიკულად მთავრდება, იგი ყველანაირ შიშსა და ეჭვს იხსნის, ეშმაკურად ახერხებს ცენზურის გაცურებას და თავის გაზეთში, სადაც აქამდე თავის „აპოლიტიკურ“ საქმიანობას ეწეოდა, პოლიტიკური სკანდალის მქონე კრიმინალურ მასალას აქვეყნებს. ჩემზე ძალიან იმოქმედა რომანის ფინალმა, სახელწოდებით „შენიშვნა“. აქ ირკვევა, რომ პერეირა, რომელიც თითქოსდა მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, სინამდვილეში ტაბუკის ძველი ნაცნობის პროტოტიპია, ერთი პორტუგალიელი ჟურნალისტის, რომელმაც რეჟიმის საწინააღმდეგო სასტიკი სტატიის დაბეჭდვა მოახერხა სალაზარის პერიოდის პორტუგალიაში და მერე პარიზში მოუხდა გაქცევა. ტაბუკი შემთხვევით იგებს მისი გარდაცვალების შესახებ და მისი ნეშტის მოსანახულებლად მიდის. გულისმომკვლელია ის სურათი, რომ თავისუფალ პორტუგალიაში უკვე აღარავის ახსოვს ის ადამიანი, რომელიც ორმოციან წლებში გაბედულად აღუდგა წინ დიქტატურას.

ხათუნა ცხადაძე: „კიდევ მინდოდა წიგნის დინამიკაზე მეთქვა. ეს ავისმომასწავებელი, თითქოს მდუმარე ლისაბონი და ამ სიცხეში, ხვატში გახვეული ქალაქი, რომელიც პირდაპირ იხრჩობა და ხრჩობის, უჰაერობის ეს შეგრძნება მქონდა მეც, და იმედია ქართველ მკითხველსაც ექნება თარგმანის წყალობით. ორიგინალიდან პირდაპირ გადმოდის შენზე ეს მდორე ტემპი, რომელიც ტექსტის თხრობაშია თავიდან. არ ვიცი, რა მხატვრული ხერხებით ახერხებს ამას ტაბუკი, მაგრამ წიგნს რომ ფურცლავ, აშკარად უფრო სწრაფად კითხულობ ბოლო ნაწილებს“.

მე წიგნი ზაფხულში წავიკითხე. ძალიან ცხელოდა, მაგრამ წიგნში კიდევ უფრო აუტანლად. და მსუქანი პერეირა ქშენით დადიოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ოფლს იწმენდდა, გრილ კუთხესა და ვენტილატორს ეძებდა, კაფეში ჩამომჯდარი მაშინვე ყინულიან ლიმონის წვენს უკვეთდა. ჩემმა უფროსმა გოგომ, რომელმაც იმავე პერიოდში წაიკითხა „მიაჩნია პერეირას“, როცა გაიგო, რომ ამ რომანზე სიუჟეტს ვამზადებდი, პირველი რაც გაიხსენა, ის იყო, რომ, წიგნს როცა კითხულობდა, პერეირასავით სულ ცივი ლიმონის წვენის დალევა უნდებოდა. ეს რა იყო, რა უცნაური განცდა იყოო, თქვა და მერე დაამატა: აი, ახლაც, ეგ რომ გამახსენდა, საშინლად მომინდა ლიმონიანი წყალიო და ნერწყვი გადაყლაპა. ასე რომ, ხათუნა ცხადაძეს შეუძლია მშვიდად იყოს, მან მართლაც მოახერხა ხრჩობისა და უჰაერობის შეგრძნების გადმოტანა ორიგინალიდან.

ამიტომ, თუნდაც შუა ზამთარი იყოს, ყველას გირჩევთ, თუკი ამ წიგნის წაკითხვას დააპირებთ, კითხვისას პირი რომ არ გაგიშრეთ და სული არ შეგეხუთოთ, მაცივარში ყინული და ლიმონის წვენი მოიმარაგეთ!

XS
SM
MD
LG