Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი ისტორიკოსი ენტონი ბივორი: „მეორე მსოფლიო ომის მაგალითების მოხმობა სახიფათო გახდა“


ენტონი ბივორი
ენტონი ბივორი
ავტორები: კოლინ ოკონორი
ოქროპირ რუხაძე


სტალინგრადის ბრძოლა იყო მეორე მსოფლიო ომის ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება, რომელმაც ამ ომის შემდგომი განვითარება განსაზღვრა. ეს ბრძოლა ვოლგისპირეთის ქალაქ სტალინგრადისთვის ზუსტად 70 წლის წინ გაიმართა და რამდენიმე თვე გაგრძელდა. საბჭოთა არმიამ სძლია გერმანიის არმიას, რომელშიც შედიოდნენ მოკავშირეთა - იტალიის, უნგრეთის, ხორვატიის, რუმინეთის - ნაწილები და, მათთან ერთად, საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ნაცისტების მხარეს გადავიდნენ. დახოცილთა რიცხვმა ორივე მხარეს, ზოგიერთი მონაცემით, მილიონს გადააჭარბა. მთავარი ისაა, რომ სტალინგრადის ბრძოლას სიმბოლური მნიშვნელობა მიენიჭა. ორივე მხარე - იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი - მისი მოგების აბსოლუტურ აუცილებლობას რომ ხედავდა, ჩანს იქიდან, რომ სტალინმა აუკრძალა ქალაქის მოსახლეობას იქაურობის დატოვება, ჰიტლერს კი თავის გენერალიტეტთან ხშირად ჰქონდა უთანხმოება ბრძოლის ტაქტიკის თაობაზე. სტალინგრადის ბრძოლაზე არაერთი გამოკვლევაა დაწერილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომის, 26 ენაზე თარგმნილი წიგნის, „სტალინგრადის“, ავტორია ენტონი ბივორი, რომელსაც შეკითხვები დაუსვა ჩვენმა თანამშრომელმა, კოლინ ოკონორმა.

ენტონი ბივორი ომის ისტორიკოსია. მისი ასევე ცნობილი წიგნია „ბერლინის დაცემა“, რომელშიც საბჭოთა არმია მეტისმეტად უარყოფითადაა წარმოდგენილი. ამის გამო ავტორი კოლეგებმა გააკრიტიკეს არამარტო რუსეთში. თავის წიგნზე საუბრისას ბივორი ამბობს, რომ აღმოსავლეთში მოძიებული მასალების მეშვეობით მან შეცვალა სტალინგრადის ბრძოლის შესახებ დასავლეთში - კერძოდ, ინგლისურენოვან სამყაროში - გავრცელებული აზრი და, ამავე დროს, რუსი ისტორიკოსების კრიტიკასაც უპასუხა, ინფორმაცია „ენ-კა-ვე-დეს“ დოკუმენტებიდან მივიღეო. ბივორი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სტალინგრადის ბრძოლაზე ლაპარაკობს, როგორც ომის გარდამტეხ ეპიზოდზე, რომლის ფინალმაც აშკარა გახადა, რომ საბჭოთა არმია უკვე დასავლეთისკენ იზამდა პირს, რაც მოხდა კიდეც. ის იხსენებს ბერლინში, რაიხსტაგის შენობაზე, რუსი ჯარისკაცის მიერ გაკეთებულ წარწერას - „სტალინგრადი-ბერლინი“ - და ამბობს, ეს ორი ქალაქი რუსი ჯარისკაცის გონებაში ერთმანეთს დაუკავშირდაო. და იქვე ჰყვება:

„მახსენდება ერთი ამბავი, რომელმაც განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე: ერთმა ასაკოვანმა რუსმა პოლკოვნიკმა ბრძოლის შემდეგ გერმანელ ტყვეებს, რომლებსაც ფეხები ჰქონდათ მოყინული, გარშემო ნანგრევებზე მიუთითა ყვირილით: „ბერლინსაც იგივე მოელისო“. ჩემი აზრით, სტალინგრადი და ბერლინი მათ გონებაში ერთმანეთს დაუკავშირდა. სტალინგრადმა აჩვენა, რომ გერმანია ამ ომში დამარცხდებოდა.“

ასე ფიქრობს ენტონი ბივორი, ბრიტანელი ისტორიკოსი, რომელიც თავის წიგნში სტალინგრადის ბრძოლის სისასტიკეზე, დაუნდობლობაზე წერს და ამბობს, ამ ბრძოლას ვერც ერთი დასავლური არმია ვერ მოიგებდაო:

„არა მგონია, რომელიმე დასავლური არმია გადარჩენილიყო სტალინგრადის შემდეგ. ასეთი ბრძოლის დროს საჭირო იყო უმკაცრესი, მართლაცდა, რკინის დისციპლინა იმისათვის, რომ ჯარი შეენარჩუნებინათ ადგილზე, განსაკუთრებით ბრძოლის პირველ ფაზაში, როცა მართლაც ისეთი ვითარება იყო, იფიქრებდით, ყველაფერი დასრულდაო. როგორც გაირკვა, სტალინგრადის ბრძოლის მიმდინარეობისას 13 ათას 500 საკუთარი ჯარისკაცი დახოცა საბჭოთა არმიამ, მისმა „სმერჩმა“, კონტრდაზვერვის სამსახურმა და“ ენ-კა-ვე-დ-ეს“ ჯარებმა. ეს დანაყოფები ჯარს უკან მიჰყვებოდნენ, რათა უკან დახევა არ დაეშვათ.“

თუმცა ენტონი ბივორს არ სურს ასე განზოგადება და ამბობს, რა თქმა უნდა, იყო სიმამაცე და იდეალიზმი, თავგანწირვაო. ის ლაპარაკობს ასევე იმ ფაქტზეც, რომ გერმანიის არმიაში მსახურობდა ძალიან ბევრი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, ტყვეობიდან ვერმახტში მოხვედრილი სამხედროები, რომლებსაც სასტიკად უსწორდებოდა საბჭოთა მხარე, თუკი ისინი მათ ხელში ჩაუვარდებოდნენ. რატომ იყო, რომ სტალინგრადის ბრძოლა გახდა ასე პოპულარული კინემატოგრაფისთვის? რატომ იქცა ის პოპკულტურის წყაროდ? რატომ შეიქმნა მის მიხედვით კომპიუტერული თამაშები? - ეკითხება რადიო თავისუფლება სტალინგრადის ბრძოლის ექსპერტს. - ასეთი პოპულარობა დამატებით ინტერესს აღვივებს ამ მოვლენის მიმართ? - სტალინგრადი იქცა ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოდო, იმეორებს ბივორი. ამასთან, რადგან ეს იყო ბრძოლა ქალაქში და ქალაქისთვის, მასში დიდი კინემატოგრაფიული პოტენციალიაო ფილმის გადასაღებად. სტალინგრადი მითად იქცაო, ამბობს ის:

„სტალინგრადი უზარმაზარ მითად გადაიქცა. ჟან-ჟაკ ანომ, ავტორმა ფილმისა „მტერი კარებთან“, ერთხელ მომმართა ასეთი რიტორიკული კითხვით: „მაგრამ, ენტონი, ვინ შეიძლება თქვას, სად იწყება მითი და სად მთავრდება სიმართლე?“ ვერ გეტყვით, რამდენად ამართლებს ეს გარემოება ისტორიით თამაშს და იძლევა თუ არა საფუძველს იმისათვის, რომ ვთქვათ, ისტორია მოქნილი რამააო. ვშიშობ, ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჰოლივუდისა და გასართობი მრეწველობის საჭიროება სრულიად შეუთავსებელია ისტორიის საჭიროებასთან.“

ენტონი ბივორი, ისტორიკოსი, ომის მკვლევარი, ამბობს, რომ სტალინგრადის ბრძოლის მემკვიდრეობა „გინდა თუ არა“ ჭკუის მასწავლებელი არ არის, რადგან სიმბოლური ბუნების გამო, მისი ბოროტად გამოყენება ხდება, როცა ისტორიულ პარალელებს მიმართავენ. ის იხსენებს ერაყის ომის დაწყების პერიოდს, როცა მედია ბაღდადისთვის ბრძოლას სტალინგრადის ბრძოლას ადარებდა. ბივორი ამბობს, რომ პარალელების გავლება შეცდომაა, რომ ისტორია არასოდეს მეორდება:

„ჩვენ ვნახეთ, ჯორჯ ბუშმა, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა, როგორ შეადარა თერთმეტი სექტემბრის „პერლ ჰარბორს“, ხოლო ბრიტანეთის პრემიერმა, ტონი ბლერმა, როგორ სცადა ჰიტლერის შედარება სადამ ჰუსეინთან. დავინახეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის მაგალითების მოხმობა სახიფათო გახდა, რადგან ეს გავლენას ახდენს პოლიტიკურ სტრატეგიაზე, და იმიტომაც, რომ მედია ამ მიმართულებას მიჰყვება ხოლმე. საინტერესოა, რომ პრესას მოსწონს ამგვარი პარალელები, მათ თავის მკითხველებს უზიარებს და შეცდომაში შეჰყავს, რაც, ჩვეულებრივ, ძალიან სახიფათოა.“

ამ აზრისაა ისტორიით მანიპულაციის შესახებ ბრიტანელი ისტორიკოსი ენტონი ბივორი, ავტორი წიგნისა სტალინგრადის ბრძოლაზე, ასევე არაერთი სხვა პუბლიკაციისა და, სხვათა შორის, ისეთი რომანების ავტორი, როგორიცაა „ფაუსტური პაქტი“, „სახელმწიფოს ინტერესებისთვის“ და სხვ.
XS
SM
MD
LG