Accessibility links

logo-print

სოხუმი უერთდება რუსეთის მიერ თურქეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს


სოხუმი

სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 20 იანვრიდან შეუერთდება რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის ე. წ. რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის ვებსაიტი. როგორი შეიძლება იყოს აფხაზეთის ეკონომიკის პერსპექტივა თურქეთთან დაწესებული სანქციების კვალდაკვალ?

საუბარი იმის შესახებ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდებოდა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო - მაშინ, როდესაც აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ეწვია და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადისლავ სურკოვმა, რომ რუსეთი არ დაუშვებდა აფხაზეთში რუსეთის მიერ გამოყოფილი ფულით თურქული კომპანიების მიერ ობიექტების მშენებლობას:

„აფხაზეთს ოფიციალური ურთიერთობა არა აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთი მაინც ცდილობს გადაწყვიტოს აქ ზოგიერთი ეკონომიკური და, მე ვფიქრობ, ასევე პოლიტიკური საკითხი“.

აფხაზეთი პრაქტიკულად ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის, იფუჭებს ურთიერთობას თავის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან. სავარაუდოდ, აფხაზეთი, ალბათ, ელოდება რუსეთისგან ამ მიყენებული ზარალის შევსებას...

დაპირება სისრულეში 20 იანვრისთვის უნდა მოვიდეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ 11 იანვარს მოაწერა ხელი განკარგულებას რუსეთის მიერ თურქეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან მიერთების თაობაზე. მან ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა 20 იანვრამდე მოამზადონ წინადადებები დროებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ თურქეთში წარმოებული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებით. განკარგულების თანახმად, აფხაზეთში არ დაიშვებიან ორგანიზაციები, რომლებიც თურქეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, აფხაზეთში აიკრძალება თურქული არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებას 2014 წელს რუსეთთან გაფორმებული "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება" ითვალისწინებს.

აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაცია „საერთაშორისო ფონდ აფსნის“ ხელმძღვანელის სონერ გოგუას ინფორმაციით, თურქეთსა და აფხაზეთს შორის საგარეო-სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ინვესტიციებს, მისი თქმით, ინვესტიციების დიდი წილი თურქეთში მცხოვრები დიასპორიდან მოედინება და ეს შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა. იმას, რომ თურქეთი აფხაზეთისთვის რუსეთის შემდეგ ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია, ამბობს "პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის" დირექტორი ალექსეი ჩესნაკოვი. მისი თქმით, ამ ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა წელიწადში 2,6 მილიარდ რუბლს შეადგენს. თურქეთის სათვალავზე მოდის აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის 18 %.

გიორგი გობრონიძე

გიორგი გობრონიძე

თურქეთისათვის დაწესებული სანქციები რომ აფხაზეთის ეკონომიკაზე პოზიტიურად არ აისახება, ეჭვს არ იწვევს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის მანძილზე აფხაზეთი თურქეთთან გაწყვეტილი ურთიერთობების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ დანაკარგს, დიდი ალბათობით, რუსეთიდან წამოსული დოტაციებით შეივსებს. სხვათა შორის, ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთში ვიზიტისას დაჰპირდა დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას საპენსიო დაფინანსების გაზრდასა და უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროგრამას. გიორგი გობრონიძის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვით:

„რუსეთმა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მაღალ დონეზე აყვანა თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დააყენა და სწორედ ეს ფაქტი მოიაზრება ალბათ, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს იქ სხვა აქტორების, სხვა მოთამაშეების შეღწევადობა და ეს, ცხადია, მოსკოვიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა. აფხაზეთი პრაქტიკულად ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის, იფუჭებს ურთიერთობას თავის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორთან. სავარაუდოდ, აფხაზეთი, ალბათ, ელოდება რუსეთისგან ამ მიყენებული ზარალის შევსებას. მეორე მხრივ, ეს სიტუაცია პირდაპირ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში, გამომდინარე იქიდან, რომ ამით შეიზღუდება მისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის ეკონომიკური ყოფნა რეგიონში“.

თურქეთში 700 ათასიდან ერთ მილიონამდე მოჰაჯირების შთამომავალია. ბუნებრივია, რომ ყველა აფხაზი არ არის, იქ არიან ჩრდილო კავკასიის ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც, მაგრამ აფხაზები საკმაოდ გავლენიანები არიან...

ლევან გერაძე, მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ფიქრობს, რომ, მიუხედავად ხელმოწერილი დოკუმენტისა, აფხაზეთი გამოძებნის გარკვეულ შესაძლებლობებს და მაინც გააგრძელებს თურქეთთან იმ არაფორმალურ ურთიერთობას, რომელიც აქამდე ჰქონდათ. მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, ეს ურთიერთობა აფხაზეთის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენდა:

„თურქეთში 700 ათასიდან ერთ მილიონამდე მოჰაჯირების შთამომავალია. ბუნებრივია, რომ ყველა აფხაზი არ არის, იქ არიან ჩრდილო კავკასიის ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც, მაგრამ აფხაზები საკმაოდ გავლენიანები არიან და, რა თქმა უნდა, საკუთარ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება სურდათ და, მათ შორის, ეკონომიკური დახმარების გაწევაც და, გარკვეულწილად, ამ ურთიერთობების განვითარებაც“.

პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობდა, საქართველოსთვის ხელსაყრელი იქნება, თუკი თურქული კერძო კომპანიები ვეღარ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლითო. თურქეთსა და აფხაზეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები ცალსახად ცხადყოფს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

რაც შეეხება სანქციებს, რუსეთმა ანკარას შეზღუდვები 2015 წლის ნოემბერში დაუწესა მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. რუსეთის სანქციები თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას და თურქეთში რუსული ტუროპერატორების მუშაობის შეჩერებას ითვალისწინებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG