Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ახალ მთავრობას ერთ კვირაში დაასახელებს


აფხაზეთის უმაღლესი საბჭო
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო
11 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ვახტანგ ყოლბაია ოფიციალურად დაამტკიცა, 12 სექტემბრიდან კი ის აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელებას დაიწყებს. მას უკვე ყველა ის უფლება აქვს, რომლითაც თავმჯდომარე სარგებლობს, მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის უფლებას კი მას აძლევს უკვე შეცვლილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

აფხაზეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის მთავრობის ახალ შემადგენლობას ერთ კვირაში წარუდგენს. ის ჯერჯერობით არ ასახელებს იმ მინისტრთა ვინაობას, ვინც თანამდებობას დატოვებს და არც მათ შემცვლელებს, თუმცა აცხადებს, რომ მთავრობის დიდი ნაწილი შეიცვლება, ხოლო ის, ვინც მოვა, შეცვლის აქამდე დამკვიდრებულ აზრს აფხაზეთის მთავრობის უმოქმედობის შესახებ:

„მომავალ კვირაში ვგეგმავ გავმართო კონსულტაციები საბჭოს შემადგენლობასთან, რათა წარვადგინო ის ხალხი, რომელიც მისაღები იქნება არა მხოლოდ უმაღლესი საბჭოსთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ამას დაერქმევა ახალი შემადგენლობა და, ვფიქრობ, მთავრობა დიდწილად შეიცვლება. მე მინდა, რომ შეიცვალოს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის სულისკვეთება და რომ ეს შემადგენლობა იყოს ისეთი, რომლის მიმართაც ნაკლები შეკითხვები გაუჩნდება ყველას და ის აზრი, რომ ეს მთავრობა ხელფასებს ტყუილად იხდის, აღარ არსებობდეს“.

ერთსაათიანი სხდომის შემდეგ, 11 სექტემბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ ყოლბაიას კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და ცვლილებებისათვის მოემზადა.

სხდომის დასრულების შემდეგ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სამართლებრივი ხარვეზი აღარ არსებობს. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოსტის შემოღება და აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, მისი თქმით, შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია - როცა მთავრობა ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. ამიტომ კანონში ეს პუნქტი დარჩება. გვაზავა ამბობს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები კიდევ შევა:

„ჩვენი წინა გადაწყვეტილება უკვე კანონის ფარგლებშია მოქცეული. ის შუალედური გადაწყვეტილება გამოწვეული იყო იმით, რომ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. წავიდა თავმჯდომარე, მის ადგილას არ იყო არავინ, მინისტრთა საბჭოს კაბინეტი ითვლებოდა გადამდგარად, ჩვენ კი იძულებულები ვიყავით გვემოქმედა ისე, როგორც ვიმოქმედეთ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელი და, ამავე დროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია არ დაამტკიცა. ამის მიზეზად მიხეილ სააკაშვილი კანდიდატის იმ პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ასახელებს, რომელიც, მისი სიტყვებით, ოკუპანტ ძალასთან კავშირშია და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ პრეზიდენტს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურის დასამტკიცებლად წერილით მიმართა, 26 აპრილს ასეთი პასუხი მიიღო:

”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატი ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იქცა აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად. ეს ჯგუფი, როგორც ცნობილია, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში და არაერთხელ დააყენა საქართველოს სუვერენიტეტი დარტყმის ქვეშ. ახლა საქართველოს - განსაკუთრებით, დევნილებს - აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში სჭირდებათ არა კოლაბორაციონისტები, არამედ საქართველოს დეოკუპაციისა და დამოუკიდებლობის მყარი დამცველები”.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ჯემალ გამახარია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ სიძნელეების შესახებ ლაპარაკობს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა აფხაზეთის მთავრობა მისი მეთაურის წასვლის შემდეგ:

„აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე უმაღლესმა საბჭომ რა კანონიც უნდა მიიღოს, ის ძალაში არ შედის. ასეთი მოჯადოებული წრე შეიქმნა: მთავრობის თავმჯდომარეს ვერ ნიშნავ, კანონს გიბლოკავს იუსტიციის დეპარტამენტი, რადგან სამსახურიდან გათავისუფლების ეშინია.. ასე რომ, ყველანაირი გზა, რომ ცვლილებები შეგვეტანა კანონში, მან გადაგვიკეტა. თუმცა დღეს ეს სიძნელეები უკვე გადალახულია“.

გამახარიას შეფასებით, აფხაზეთის მთავრობაში განვითარებული მოვლენები იმ დაპირისპირებას ასახავს, რომელიც ქვეყანაში მოქმედ მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს. გამახარიას თქმით, ვახტანგ ყოლბაიას ოფიციალური დანიშვნით კოჰაბიტაციის პროცესი აფხაზეთის მთავრობაში დასრულებულია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG