Accessibility links

logo-print

ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინეს


ზუგდიდი

ზუგდიდი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელიც გიორგი ბარამიას გადადგომის შემდეგ ვაკანტური გახდა, ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ორი სხვადასხვა კანდიდატურა დაასახელეს, რომლებსაც მხარდაჭერას უცხადებენ.

საინიციატივო ჯგუფმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შერვაშიძე იძულებით გადაადგილებულ პირებს წარუდგინა დადიანთა მუზეუმის ეზოში.

ჯგუფის წარმომადგენლის, გოდერძი გუნიას თქმით, მათ მიერ დასახელებული პიროვნება დევნილთა პრობლემებს კარგად იცნობს და მთავრობის თავმჯდომარედ ასარჩევად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„მას ადამიანური რესურსი აქვს როგორც აფხაზებთან ურთიერთობაში, ასევე, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებასთან. ის „ოცნების“ კანდიდატია, რადგან ჩვენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვართ“, - ამბობს გოდერძი გუნია.

თავად გიორგი შერვაშიძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ექსპერტია, შეხვედრაზე დევნილებს განუცხადა, რომ დღეს ყველა თითქმის იდენტურ პრიორიტეტებს ასახელებს, თუმცა მათ განსახორციელებლად კონკრეტული მექანიზმების შემუშავება და ამოქმედებაა აუცილებელი:

„ბოლო 9-10 წლის განმავლობაში ჩვენ შორის არანაირი ურთიერთობა არ ყოფილა. დავიწყებულ იქნა დიპლომატიის საკითხები, განსაკუთრებით სახალხო დიპოლომატია. ნდობა უნდა აღვადგინოთ და ურთიერთობები განახლდეს. ვფიქრობ, მყისიერად ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ არც უსაშველო დრო დასჭირდება. მე მაქვს ამის წინაპირობები. რაც გასაკეთებელია, უნდა გაკეთდეს და ამას ყველა ძალიან მალე დაინახავს“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა გიორგი შერვაშიძემ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდში. დევნილთა საინიციატივო ჯგუფი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრ დავით ფაცაციას უჭერს მხარს. ჯგუფის წევრების თქმით, მათ მიერ დასახელებული კანდიდატი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს იცავდა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა დევნილთა ინტერესები ხშირად ილახებოდა.

„დათო ფაცაციას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, როგორ უნდა შეიცვალოს სასაზღვრო პოლიტიკა ენგურის ხიდზე.მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობასა და დევნილთა სამინისტროს შორის დაკარგული იყო კონტაქტი. დავით ფაცაციას მამა, გოგი ფაცაცია, დავით დარახველიძის პირველი მოადგილეა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის შანსი, რომ ურთიერთობები აღდგეს და ურთიერთთანამშრომლობა განახლდეს?“ - განუცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა თეონა ქარდავამ ჟურნალისტებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, დევნილების მოთხოვნით, მათ მიერ დასახელებულ კანდიდატთან იძულებით გადაადგილებულ პირთა შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც დავით ფაცაცია მათ საკუთარ სამოქმედო გეგმასა და ინიციატივებზე ინფორმაციას მიაწვდის.

შეგახსენებთ, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა 5 აპრილიდანაა ვაკანტური. გია ბარამიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამჟამად მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია ასრულებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG