Accessibility links

10 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამართული რეფერენდუმი ჩაიშალა. ხმის უფლების მქონე 133 ათასი მოქალაქიდან საარჩევნო უბანზე მივიდა მხოლოდ 1600-მდე ამომრჩეველი, ანუ საერთო რაოდენობის 1,2 პროცენტი. სარეფერენდუმო შეკითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: „მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების გამართვა?“.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეფერენდუმი დანიშნა ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნით, თუმცა ბოლო მომენტში, თარიღის შეცვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს რეფერენდუმის ჩაშლა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

აფხაზეთის მედიის ცნობით, 10 ივლისის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა უპრეცდენტოდ მცირე რაოდენობამ, არადა რეფერენდუმის შედეგების ძალაში შესვლისთვის, ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, საჭირო იყო 50 პროცენტი პლუს ერთი ხმა. რეფერენდუმის შედეგები შეაჯამა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბათალ ტაბაღუამ:

„რეფერენდუმის ყველა საარჩევნო ოლქიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ საარჩევნო სიაში შეტანილი მოქალაქეების საერთო რაოდენობამ შეადგინა 132 ათას 800 ადამიანი, რომელთაგან კენჭისყრაში მონაწილეობა მიღო 1628-მა, რაც შეადგენს მთლიანი რაოდენობის 1,2 პროცენტს. სარეფერენდუმო კითხვას დადებითად უპასუხა 750-მა, ხოლო უარყოფითად - 761-მა“.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და მისმა მხარდამჭერებმა ამომრჩეველთა ასეთი დაბალი აქტივობის კომენტირებისას განაცხადეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არააქტუალურია საზოგადოებისთვის, თუმცა თავად ოპოზიცია ამბობს, რომ იძულებული იყო გამოეცხადებინა ბოიკოტი იმის გამო, რომ რეფერენდუმი დაინიშნა შუა საკურორტო სეზონში. რაულ ხაჯიმბას პოლიტიკური გუნდის ეს წარმატება საბოოლო გამარჯვებად არ მიაჩნია ჟურნალისტ კობა ბენდელიანს, რომლის თქმითაც, რეფერენდუმის ჩავარდნით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილში წერტილი არ დასმულა.

ეს პროცესი თუნდაც იმიტომ არ დასრულდება, რომ მათ არ ახასიათებთ პროცესის მიტოვება.

„თუ გავიხსენებთ, როგორია აფხაზი ხალხის ეთნოფსიქოლოგია, ეს პროცესი თუნდაც იმიტომ არ დასრულდება, რომ მათ არ ახასიათებთ პროცესის მიტოვება. პროცესი რომ დაიწყება, რაღაცით უნდა დასრულდეს. შორს ვარ იმ მოსაზრებიდან, რომ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს ძალისმიერი მეთოდით გადაყენებით, მაგრამ ის, რომ ეს პროცესი უფრო ძლიერი იქნება შემდგომი არჩევნებისთვის, ასეთი პირი ნამდვილად უჩანს თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთის დიდ ნაწილს არ სურს დაუთმოს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი. მხედველობაში მაქვს მიწის საკითხი, რომლის დაძვრასაც ასე აქტიურად ითხოვს მოსკოვი სოხუმისგან“, უთხრა კობა ბენდელიანმა რადიო თავისუფლებას.

კობა ბენდელიანის თქმით, საუბარია ისეთი კანონების მიღებაზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას შეიძინონ აფხაზეთში მიწა ან სხვა უძრავი ქონება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია და მოსახლეობის დიდი ნაწილი. შესაბამისად, კობა ბენდელიანის მტკიცებით, ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღა გამოკვეთილად ანტირუსულია, თუმცა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, მთავარი რედაქტორი დემის პოლანდოვი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ძალაუფლებისათვის ბრძოლასთან, რომელშიც ჩართული ძალები - სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები - არსებითად არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან:

„არანაირი იდეოლოგიური განსხვავება ამ პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს. ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სათავეში უდგანან ოპოზიციას, ძალაუფლებას ეცილებიან მოქმედ ხელისუფლებას. სხვა შინაარსი ამ დაპირისპირებას არ აქვს. ყველა მცდელობა იპოვო განსხვავება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვებს შორის, მაგალითად, რუსეთთან და, მით უმეტეს, საქართველოსთან დამოკიდებულებაში, აბსოლუტურად სპეკულატიური და უსაფუძვლოა“.

არანაირი იდეოლოგიური განსხვავება ამ პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს.

დაპირისპირებაში მართლაც ჩართული არიან ყოფილი თანამდებობის პირები, რომელთა შორის, როგორც ჟურნალისტი კობა ბენდელიანი ამბობს, ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბიცაა. კობა ბენდელიანის თქმით, პოლიტიკურ კრიზისს ერთი-ორად ამძაფრებს ეკონომიკური და სოციალური ხასიათის პრობლემები, რომელთა გადაჭრა თავის თავზე აღებული ჰქონდა რუსეთის ფედერაციას, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო, თვითგამოცხადებული რესპუბლიკისათვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

„იგეგმებოდა 2015-16 წლებში 30-მდე დიდი ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რომლებიც შეჩერებულია. მხოლოდ ერთი-ორზეა დღეს საუბარი ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალურად, ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, სოციალური ფონის გაუმჯობესების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ხაჯიმბას ხელისუფლება ვერანაირ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და თუ კიდევ ამას დაემატა ის, რომ მომავალ არჩევნებამდე დღევანდელმა პარლამენტმა შეფარვით თუ პირდაპირ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას შეისყიდოს უძრავი ქონება, უკიდურესად დაამძიმებს მათ მდგმოარეობას არჩევნებზე“, უთხრა კობა ბენდელიანმა რადიო თავისუფლებას.

კობა ბენდელიანის მსგავსად, პოლიტიკის ადგილობრივი ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ რაულ ხაჯიმბა შეძლებს პრეზიდენტობის პირველი ვადის დასრულებას, მაგრამ მეორე ვადით დარჩენა გაუჭირდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG