Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთზე საუბრები ჩეხეთის დედაქალაქში


გია გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია და ჯემალ გამახარია პრაღაში, რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციაში
გია გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია და ჯემალ გამახარია პრაღაში, რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციაში

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ჩეხეთის დედაქალაქმა უმასპინძლა აფხაზეთის კულტურის დღეებს, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება და შეხვედრა გაიმართა - მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, სადაც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა ჩეხ პოლიტიკოსებს მიაწოდეს ინფორმაცია მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ე.წ. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესახებ. პრაღის მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ იმ სახლის ფასადზე, სადაც გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარე დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი დევნილობის დროს ცხოვრობდა, გაიხსნას სახელობითი მემორიალური დაფა. სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლების წევრები - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია პრაღაში რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას ესტუმრნენ და გადაცემა „დაბრკოლების ზოლში“ შეაჯამეს აფხაზეთის კულტურის დღეები, ისაუბრეს აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პრობლემატიკაზე.

არზაყან ემუხვარის ნაკვალევზე

ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე:

ჩვენმა საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში მოგვიწყო შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტში. ჩვენ იქ შეგვხვდნენ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებსაც მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ დღეებში აფხაზეთში. ჩეხეთის მთავრობამ მხარი დაგვიჭირა და დაგმო ე.წ მემორანდუმი სოხუმსა და მოსკოვს შორის...
ვახტანგ ყოლბაია

„არზაყან ემუხვარი გახლდათ დამოუკიდებელ სქართველოში 1918-21 წლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რომელსაც არ ჰქონია პრობლემა საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასთან ურთიერთობისა. პირიქით, ის სრულფასოვნად წარმოადგენდა არა მარტო აფხაზებს, არამედ ქართველებს და სრულიად აფხაზეთის მოსახლეობას. და ვიდრე იქ იყო, მან ღირსეულად გაატარა ეს წლები. შემდეგ, იცით ისტორია, საქართველოს მთავრობას მოუხდა ემიგრაციაში წასვლა, რაშიც ბატონი არზაყანიც მოჰყვა. ის თურქეთის გავლით ჩამოვიდა პრაღაში, სადაც მან იცხოვრა დიდხანს იმ სახლში, სადაც ჩვენ ვიყავით. სხვათა შორის, მოვნიშნეთ ის ადგილი. მან 10 წელიწადზე მეტი იცხოვრა პრაღაში. ამის შემდეგ მიიწვიეს საფრანგეთში, სადაც ძალიან გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ ყველაფერს ერთად თავი მოუყარა საქართველოს საელჩომ ჩეხეთში. რა თქმა უნდა, ამაში აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის განათლების სამინისტრო, სადაც მუშაობს არზაყან ემუხვარის შვილიშვილი ქალბატონი მარშანია, რომელმაც დაწერა შესანიშნავი წიგნი. იგი მიუძღვნა თავის ბაბუას. იქ მოყოლილია ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, და დიდი ადგილი დაუთმო ამ წიგნში თავისი ბაბუის მოღვაწეობას. არზაყან ემუხვარი შესანიშნავი პიროვნება გახლდათ. მას ოჯახი ჰყავდა საქართველოში, ქუთაისში. ძმა დაუხვრიტეს, შვილი დაუხვრიტეს და ძალიან ტრაგიკული ფიგურა გახლდათ.

და უცნაურია ეს მემკვიდრეობა, რამეთუ ჩვენც დევნილობაში ვართ, აფხაზეთის დღევანდელი მთავრობა და ხელისუფლება, ოღონდ დევნილობაში საკუთარ სამშობლოში და ეს არის მთავარი სხვაობა არზაყან ემუხვარის მთავრობასა და ჩვენს მთავრობას შორის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსით იმყოფება. ჩვენმა საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში მოგვიწყო შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტში. ჩვენ იქ შეგვხვდნენ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებსაც მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ დღეებში აფხაზეთში. ჩეხეთის მთავრობამ მხარი დაგვიჭირა და დაგმო ე.წ მემორანდუმი სოხუმსა და მოსკოვს შორის".

აფხაზეთის ოკუპაციიდან „გაფორმებულ ანექსიამდე“

გია გვაზავა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე:

შეიძლება კიდევ რაღაც დოკუმენტებს მოეწერა ხელი სოხუმსა და მოსკოვს შორის, რაც ჯერ არ გამჟღავნებულა - იქ არის კულტურის საკითხები, აფხაზური ენის გადარჩენა რუსეთის მიერ, სოციალური საკითხი და პენსიები...
გია გვაზავა

"რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, მარტივად, მოდი, ასე განვსაზღვროთ: ეს კრემლისა და სოხუმის გაგებით არის პრაქტიკულად გაფორმებული ანექსია. როდესაც აფხაზი საზოგადოება ეთანხმება ფსოუდან ენგურზე, ეს ხომ ცხადია, რომ რუსეთი აფხაზეთს იერთებს, როგორც თავის ერთ-ერთ პატარა გუბერნიას. რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედრო ძალების ერთიან შტაბზე, რუსული მმართველობით. ერთი სიტყვით, აფხაზეთი რუსეთის გუბერნია უნდა გახდეს, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული. ამას ბევრი რუსი პოლიტიკოსი არც მალავდა. შეიძლება კიდევ რაღაც დოკუმენტებს მოეწერა ხელი სოხუმსა და მოსკოვს შორის, რაც ჯერ არ გამჟღავნებულა - იქ არის კულტურის საკითხები, აფხაზური ენის გადარჩენა რუსეთის მიერ, სოციალური საკითხი და პენსიები... ფაქტობრივად, აფხაზეთი ხდება რუსეთის ნაწილი, რის წინააღმდეგაც გაილაშქრა აფხაზთა ნაწილმა".

პროტესტის პოლიტიკად ქცევის მცირე შანსი

გია გვაზავა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე:

"აფხაზური ელიტა, რომელიც დღეს არის, დამიჯერეთ, უკვე არასოდეს არ მობრუნდება საქართველოსაკენ, იმის გამო, რაც მათ უკვე გააკეთეს. ეს არის ცრუ ელიტა, კომუნისტურ ეპოქაში აღზრდილი ელიტა, რომელიც ამისთვის მზადდებოდა. დღეს ისე გამდიდრდა და იმდენი უბედურება აქვთ ჩადენილი, რომ მათი მობრუნება შეუძლებელია. მაგრამ არიან ნამდვილად პატრიოტი აფხაზები, რომლებსაც ნამდვილად შესტკივათ გული აფხაზეთსა და აფხაზურ ეთნოსზე და ეს გასათვალისწინებელია. მე ვერ ვხედავ იმის ალბათობას, რომ საქართველო ერთბაშად დიდ ნაბიჯებს გადადგამს. მაგრამ აფხაზთა ნაწილის პროტესტი ის პატარა ნიშანია, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი პოლიტიკა. მით უფრო, რომ აფხაზეთში, ჩვენი ხედვით, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს ის შინაგანი პროტესტი იმის მიმართ, რაც დღეს ხდება აფხაზეთში. რაც შეეხება გამოყენებას, პირველ ყოვლისა, სახალხო დიპლომატია არ უნდა გაცივდეს და, პირიქით, იგი რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა ავწიოთ, რადგან აფხაზეთიდან მოდიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან და მკურნალობას საჭიროებენ; არსებობს კულტურული კავშირები, რაც უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს".

საქართველო იდეოლოგიურ და საინფორმაციო ომში ჩამორჩება

პრაღაში, აფხაზეთის კულტურის დღეების ფარგლებში, მოეწყო ჩეხურ ენაზე თარგმნილი ისტორიული ბროშურის პრეზენტაცია. ნაშრომს ეწოდება „აფხაზეთი - საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი“ და იგი შესაძლებლობას აძლევს ჩეხ მკითხველს გაეცნოს აფხაზეთის პრობლემატიკას, მის ისტორიას, ქრისტიანულ კულტურას და იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს. ამ ბროშურის თანაავტორია

ჯემალ გამახარია, ისტორიკოსი, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:

მასობრივი მკითხველი ისე უყურებს პრობლემას, რომ დიდი ერი - ამ შემთხვევაში ქართველი ერი - ჩაგრავს პატარა ერს, რომელსაც ჰქვია აფხაზები. ჩეხეთში ამ პრობლემას კიდევ უფრო სხვა კუთხით უყურებენ...
ჯემალ გამახარია

„იბადება შეკითხვა, რატომ პრაღაში და რატომ ჩეხურ ენაზე? ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დიდი პრობლემის ფარგლებში, გახლავთ ის, რომ ჯერ კიდევ ომამდე, ვიდრე ეს უბედურება დატრიალდებოდა, აფხაზეთში ჩვენ წაგებული ვიყავით იდეოლოგიურად და, თუ გნებავთ, მეცნიერულად და, გამომდინარე აქედან, საინფორმაციო თვალსაზრისითაც. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლები მეცნიერები გვყავდა და გვყავს, ვიდრე აფხაზურ მხარეს. პირიქით! მაგრამ, თუ ჩვენი მეცნიერები იყვნენ ხელფეხშეკრულები, - საბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ, - აფხაზურ მხარეს ყველა შესაძლებლობა ეძლეოდა აფხაზურად - და უფრო რუსულად - ეწერათ, რასაც კი მოისურვებდნენ, და ეს სიცრუე, რაც იყო დაკავშირებული აფხაზეთის ისტორიასთან, მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ.

არ მინდა ვთქვა, რომ ისინი დღეს ჩვენ ამ კუთხით გვჯობიან, - და ეს რომ ასეა, ამის მაჩვენებელია ჩვენი წიგნის პრეზენტაცია, რაც ჩეხეთის დედაქალაქში მოხდა, - მაგრამ, თუ ჩვენ ამ [ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად] მუშაობა დავიწყეთ ბოლო წლებში, აფხაზები ამაზე საბჭოთა პერიოდიდან მუშაობდნენ და განსაკუთრებით ომის შემდგომი პერიოდი მათ განსაკუთრებით კარგად გამოიყენეს, რათა თავიანთი ცრუ ისტორია მთელი მსოფლიოსათვის მიეწოდებინათ. მასობრივი მკითხველი ისე უყურებს პრობლემას, რომ დიდი ერი - ამ შემთხვევაში ქართველი ერი - ჩაგრავს პატარა ერს, რომელსაც ჰქვია აფხაზები. ჩეხეთში ამ პრობლემას კიდევ უფრო სხვა კუთხით უყურებენ: ჩვენ ცივილიზებული ერი ვართ და როდესაც სლოვაკებმა მოითხოვეს გამოყოფა, ისინი უპრობლემოდ წავიდნენ. როგორც კი აფხაზებმა მოითხოვეს საქართველოდან გამოყოფა, იქ, საქართველოში, მათ ომი აუტეხეს და ამოხოცეს ეს საწყალი ხალხი. აი, ასე უყურებენ, გამიგეთ!? ამიტომ ყველაფერ ამას ძალიან კარგად და დეტალურად სჭირდება ახსნა და მე მინდა გითხრათ, რომ ჩეხეთში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოლიტიკა აქ არის ძალიან სწორი და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველა დონეზე, აკადემიურ წრეებში არის ოდნავ განსხვავებული სიტუაცია. არ მინდა ვთქვა, რომ ყველა მეცნიერი, მაგრამ არიან საკმაო რაოდენობით მეცნიერები, რომლებიც, ისევე როგორც მათი სტუდენტები, წერენ ისეთ შრომებს, რომლებსაც არავითარი საერთო არ აქვთ სინამდვილესთან და აქ ძალიან დიდი გავლენა იგრძნობა როგორც მოსკოვის, ისე თვით იმ სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ცრუ ლიტერატურისა“.

მარადიული დევნილის გედის სიმღერა

მოსკოვ-სოხუმს შორის ხელმოწერილ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას ვრცელი პუბლიკაციით უპასუხა ცნობილმა აფხაზმა დისიდენტმა, რომელიც საკუთარ თავს „მარადიულ დევნილს“ უწოდებს და ვრცლად საუბრობს იმაზე, თუ როგორ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარების ანტიქართული გეგმა და როგორ ღვივდებოდა ეტაპობრივად მოძმე ხალხს შორის ხელოვნური კონფლიქტი.

გია გვაზავა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე:

საერთოდ, ჩვენ ძალიან მარტივად უნდა ავუხსნათ ჩვენს იქ დარჩენილ სისხლით ნათესავებს. როცა არ იქნება აფხაზი ეთნოსი, მერე ჩვენი ჯერი დადგება არყოფნის. ამიტომ ერთად უნდა გადავრჩეთ...
გია გვაზავა

„ეს ადამიანი იქ დისიდენტობდა საბჭოთა კავშირის დროს და საოცრად საინტერესო ადამიანია. იგი არ მალავს საკუთარ სახელსა და გვარს. ეს გახლავთ ალექსეი თარია, გუდაუთელი აფხაზი კაცი, რომელიც წერს, რომ ელიტამ, ფაქტობრივად, ჩიხში შეიყვანა აფხაზი ეთნოსი და, რა თქმა უნდა, ღიად ლაპარაკობს დღევანდელი კრემლის პოლიტიკაზე. ჟურნალ „ჭოროხში“ რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომში თარია მოუწოდებს ერს, გამოფხიზლდით, თორემ ის, რაც დღეს დაიწყო, იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ერისათვისო. ეპიგრაფად მას გატანილი აქვს მე-19 საუკუნის შუა წლებში ჩაადაევის გამონათქვამი: „რუსეთი ყოველთვის ემორჩილებოდა ერთი კაცის ნებას, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იქნებოდა ის, პეტრე თუ ივანე. თავად დამონებული ერი კი ცდილობს, ყველა თავისი მეზობელი დაიმონოს“ - აი, ეს არის აზრი მთელი მისი სტატიისა. თარია მოუწოდებს რუსეთს და იმავე თავის ეთნოსს გამოფხიზლებისაკენ და დასძენს, რომ ილუზიები ქრება. აი, დაახლოებით ასე მიდის ლაპარაკი. ალექსეი თარია სულ ახლახან გადავიდა საცხოვრებლად ბათუმში, მანამდე ცხოვრობდა აფხაზეთსა და რუსეთში. მარინისტი კაცია, ზღვა უყვარს და ითხოვა, სადმე გემზე მაცხოვრეთო. ასეთი საოცარი ბუნების და მენტალიტეტის ადამიანია. იგი ღიად ლაპარაკობს ყველაფერზე - ყველა შეცდომაზე, რაც მას მიაჩნია შეცდომად როგორც ერთი ეთნოსის, ისე მეორე ეთნოსისა.

საერთოდ, ჩვენ ძალიან მარტივად უნდა ავუხსნათ ჩვენს იქ დარჩენილ სისხლით ნათესავებს. როცა არ იქნება აფხაზი ეთნოსი, მერე ჩვენი ჯერი დადგება არყოფნის. ამიტომ ერთად უნდა გადავრჩეთ. ამაზე ის მეტყველებს, რომ ჩემი ორი მოგვარე დაიღუპა ერთ ბრძოლაში: ერთი აქეთა მხარის გმირი იყო, მეორე კი - იქითასი. მეორე ისაა, რომ ჩვენ მათთან [აფხაზებთან] ერთად უნდა გავიკაფოთ გზა ევროპისაკენ. ეს უნდა ვაჩვენოთ მათ. ჩვენთან ერთად ისინი უნდა ისწრაფოდნენ ევროპისაკენ, ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. საქართველოს გავლით უნდა მოხდეს ეს. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველანაირად“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG