Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 დეკემბრის „აპოკალიფსის“ მოლოდინი: პანიკიდან კომერციამდე


მაის ცივილიზაციის ნაშთები
მაის ცივილიზაციის ნაშთები
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სამყაროს აღსასრულისთვის ემზადებიან, რომელიც, ბევრის აზრით, 21 დეკემბერს უნდა დადგეს, როგორც ეს მაიას ტომის უძველესი კალენდრით არის ნაწინასწარმეტყველები. იკვეთება პანიკის ნიშნები. თუმცა, შიშის ფონზე, კომერციული სტრუქტურები ამ დღითაც ცდილობენ მოგების ნახვას. გთავაზობთ ჩვენი კოლეგის, კლერ ბიგის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს:

დასასრული კარს მოგვადგა. სამყაროს აღსასრული 21 დეკემბერს დადგება, როცა კატაკლიზმური მოვლენები გამანადგურებელ პროცესებს გამოიწვევს და დედამიწაზე ადამიანთა მოდგმას თითქმის სრულად გაანადგურებს.

როგორ დრამატულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ წინასწარმეტყველებას მსოფლიოში ბევრი იზიარებს, რადგან სწამთ, რომ ის მაიას ტომის უძველესი კალენდრის ინტერპრეტაციას ეფუძნება.

მკვლევრები, პოლიტიკური ლიდერები, სასულიერო პირები ყველანაირად ცდილობენ ამ თეორიის უარყოფას და შიშის გაფანტვას, მაგრამ ეს ბევრზე არ ჭრის. მოახლოებული აპოკალიფსის გამო შიშს ბევრი შედეგი თუ გამოვლინება აქვს - ნამდვილი პანიკიდან დაწყებული, ხუმრობებით დამთავრებული. ბევრი ამ ჭორების საფუძველზე, უბრალოდ, ფულის გაკეთებას ცდილობს.

განკითხვის დღესთან დაკავშირებული შიში ფართოდაა მოდებული რუსეთსა და უკრაინაში. ოჯახები 21 დეკემბრისთვის სურსათს და აუცილებელი მოხმარების საგნებს იმარაგებენ. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფასები სანთლებსა და კვების პროდუქტებზე.

პანიკა მთელი რუსეთის მასშტაბით შეიმჩნევა. როგორც იუწყებიან, ხალხი ფარნებს, ასანთს, თერმოსებს და ნავთის ლამპებს იმარაგებს.

თუმცა ბევრი პანიკას იუმორით ხვდება. მაგალითად, ციმბირის ქალაქ ტომსკში ერთ-ერთმა კომპანიამ „აპოკალიფსის პაკეტების“ გაყიდვა დაიწყო, რაც საკმაოდ მომგებიანი საქმეც აღმოჩნდა.

კომპანიის წარმომადგენელმა ალეფტინა პოპოვამ ჩვენს რადიოს წამოწყების იდეა ასე აუხსნა: „ბოლო ხანებში ხალხი ბევრს ლაპარაკობს ამის შესახებ. გადავწყვიტეთ ამაზე გვეხუმრა და ხალხიც გაგვეცინებინა. ჰოდა, მოვიფიქრეთ ეს პაკეტი“.

პოპოვას თქმით, პაკეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვეთენ ინტერნეტით.
პაკეტი 890 რუბლი, ანუ დაახლოებით 29 დოლარი, ღირს. მასში შედის თოკი, ბინტი, საწერი ბლოკნოტი, არაყი, შპროტის კონსერვი, საპონი და კიდევ რამდენიმე ნივთი, რომლებიც, პროექტის ავტორების აზრით, გადარჩენისთვის არის აუცილებელი.

თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები ამ ამბავში სასაცილოს ბევრს ვერაფერს ხედავენ.

სახელმწიფო სათათბიროს წევრების ჯგუფმა ფედერალურ სატელევიზიო არხებს წერილი მისწერა და სთხოვა, არ გაავრცელონ „ფსევდომეცნიერული ინფორმაცია მსოფლიოს აღსასრულის შესახებ“. საგანგებო განცხადებებით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, საგანგებო ვითარებათა მინისტრი ვლადიმირ პუშკოვი და მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო.
სამყაროს აღსასრული კარს მოგვადგა. სულ ერთია ვინ მოგვაყენებს ბოლო დარტყმას ...
ჯულია გილარდი

შიშის გაფანტვას სხვა ქვეყნებშიც აქტიურად ცდილობენ.

ვატიკანში წამყვანმა ასტრონომმა განაცხადა, ვითომ მაიას კალენდარზე დამყარებული აპოკალიპტური სცენარები განხილვასაც კი არ იმსახურებსო.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ, უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და გამოაქვეყნა ფაქტების ჩამონათვალი, სახელწოდებით „2012 წლის მიღმა - რატომ არ დადგება სამყაროს აღსასრული“.

ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი კი სიტუაციას, უწინარესად, ხუმრობად აღიქვამს.

მიმდინარე თვეში ინტერნეტით გავრცელდა სახუმარო ვიდეო, რომელშიც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი შეშფოთებული გამომეტყველებით საუბრობდა მოახლოებულ აპოკალიფსზე: „სამყაროს აღსასრული კარს მოგვადგა. სულ ერთია ვინ მოგვაყენებს ბოლო დარტყმას - ხორცის მჭამელი ზომბები, ჯოჯოხეთის დემონური მხეცები თუ კორეული პოპ-მუსიკის ტოტალური ტრიუმფი. ჩემ შესახებ ერთი რამ დაიმახსოვრეთ - მე თქვენთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ“.
გვირეკავენ და როცა ვეუბნებით, რომ ნომრები აღარ დაგვრჩა, გვთხოვენ, იქნებ მანქანების სადგომზე მოგვცეთ გაჩერების უფლება ან რესტორანშიო ...
ორბად ბლეჩიჩი

აპოკალიფსის თემის კომერციალიზაცია და მოგების ნახვის სურვილი მრავალი გამოვლინებით გვხვდება. მაგალითად, მანქანების კომპანია „შევროლემ“ და ლუდის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „შოკ-ტოპმა“ თავიანთი პროდუქციის რეკლამები გადაიღეს სამყაროს აღსასრულის თემის გამოყენებით.
სერბიის აღმოსავლეთ რეგიონში, რტანის მთის სიახლოვეს, ტურისტების მოზღვავებაა. ბევრს სწამს, რომ 21 დეკემბრის აპოკალიფსს სწორედ ეს ადგილი გადაურჩება. ლეგენდის თანახმად, ამ მთაში პირამიდის ფორმის სტრუქტურაა ჩამალული, რომელიც იქ ოდესღაც უცხოპლანეტელებმა დატოვეს და გადარჩენას სწორედ ეს სტრუქტურა განაპირობებს.

ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა, ობრად ბლეჩიჩმა, ჩვენს რადიოს შექმნილი სიტუაცია ასე აღუწერა: „ამ ბოლო ათიოდე დღის განმავლობაში აქ სიგიჟე ხდება. ხალხი ოთახების დასაჯავშნად გვირეკავს, მაგრამ უკვე სულ სავსე ვართ. არადა, სხვა დროს ნომრების 20 პროცენტი გვაქვს ხოლმე გაქირავებული. ავსტრიიდან დაგვირეკა ორმა თუ სამმა ოჯახმა. სერბიის დიდი ქალაქებიდან - მათ შორის, ბელგრადიდან - გვიკავშირდება ადგილობრივი ხალხი. გვირეკავენ და როცა ვეუბნებით, რომ ნომრები აღარ დაგვრჩა, გვთხოვენ, იქნებ მანქანების სადგომზე მოგვცეთ გაჩერების უფლება ან რესტორანშიო“.

დაახლოებით იგივე ვითარებაა კიდევ, სულ მცირე, ორ მთიან წერტილში - საფრანგეთსა და თურქეთში. სხვა ლეგენდებით, 21 დეკემბერს ის წერტილები გარდაურჩებიან.

აპოკალიფსის გამო გლობალური ისტერიის ფონზე, ბევრად ნაკლებია ისეთი ხალხი, ვინც საკუთრივ მაიას ტომის შთამომავლებს უსმენს.

არადა, მათი განცხადებით, მაიას ტომის უძველესი კალენდარი არაფერს ამბობს იმაზე, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს კატასტროფა მოხდება. ამ კალენდრის თანახმად, ამ დღეს, უბრალოდ, ახალი კალენდარული ათვლა იწყება.
მაიას ტომის შთამომავლები გმობენ მათი კულტურული მემკვიდრეობის კომერციალიზაციას და მის მიმართ ვულგარულ მიდგომებს. ისინი ამ დღის აღნიშვნას მაიას ტომის არქეოლოგიურ ნამარხებთან აპირებენ მშვიდი ცერემონიებით, რაც შეიძლება შორს იმ უამრავი ტურისტისგან, რომლებიც მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკას მიაწყდება სამყაროს დასასრულის აღსანიშნავად გამართულ კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG