Accessibility links

logo-print

„აპოლო-13“-ის მთვარეზე გაფრენას მოგვიანებით „ნასას“ წარმატებული მარცხი უწოდეს. ამერიკელი ასტრონავტები 45 წლის წინანდელ ხიფათით სავსე მისიას იგონებენ.

მაშინ, როცა „ნასას“ ასტრონავტები ჯიმ ლოველი, ფრედ ჰეისი და ჯეკ სვეიგერტი გასაფრენად ემზადებოდნენ, კოსმოსური მისიები და მთვარეზე დაჯდომა უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს 45 წლის წინ, 1970 წელს მოხდა. მთვარეზე მიმავალი მესამე მისიის მონაწილეები ძალიან მალე მიხვდნენ, რომ „აპოლო 13“-ის გაფრენა გამორჩეული იქნებოდა. აფრენისთანავე კოსმოსურ ხომალდზე ჟანგბადის დიდი საცავი აფეთქდა, რასაც სერიოზული დაზიანებები მოჰყვა.

ასტრონავტი ჯიმ ლოველი იგონებს, რომ იმწამსვე გაიფიქრა, რომ მთვარეზე დაბიჯების მის ოცნებას ასრულება აღარასოდეს ეწერა. „ძალიან გავბრაზდი, მთვარეზე დაჯდომა კი არა, ფრენის შეწყვეტა გვიწევდა“ - იგონებს ის. ამის შემდეგ იყო სამი ერთმანეთზე რთული დღე, როცა „ნასას“ ინჟინრები ასტრონავტების დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნებას ცდილობდნენ. „ეს კარგი მენეჯმენტის და გუნდური მუშაობის მართლაც საუკეთესო მაგალითია - კრიზისის სწორი მართვის კლასიკური შემთხვევა“ - ამბობს ჯიმი, რომელმაც ფათერაკების შემდეგ დანარჩენ ასტრონავტებთან ერთად შინ მშვიდობით დაბრუნება შეძლო.

მაიკლ კოლინსი 1969 წელს „აპოლო-11“-ით მთვარეზე გაფრენილ პირველ მისიაში მონაწილეობდა. ის წამყვანი პილოტი იყო. მაიკლის თქმით, „აპოლო-13“-ის ინციდენტი მაშინ გამომაფხიზლებელი ზარივით გაისმა: „ნასა“ და ამერიკის მოსახლეობა მიხვდა, რომ მთვარეზე გაფრენა და უკან დაბრუნება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული“.

ე.წ. წარმატებული მარცხის მიუხედავად, მთვარეზე მისიები არ შეწყვეტილა. 1972 წელს „აპოლოს“ პროგრამის საბოლოო დახურვამდე, ასტრონავტები მთვარეზე კიდევ ოთხჯერ დასხდნენ. ჯერი გრიფინი ბოლო მისიის დირექტორი იყო. „მახსოვს, მაშინ ვთქვი: ასე თუ გაგრძელდა, 20 წელიწადში ალბათ მარსზე ვიქნებით. ეს 1972 წელი იყო, ანუ ჩემი ვარაუდით, მარსზე 92-ში უნდა მიგვეღწია. ვერ შევძელით. მიკვირს. სამწუხაროა, რომ მისიების გაგრძელებაზე სათანადოდ ვერ ვიზრუნეთ და ამისთვის საკმარისი ეროვნული შეგნება და ლიდერებს შორის საკმარისი ნება არ აღმოგვაჩნდა“.

დღეს ამერიკის მუზეუმებში „ნასას“ მთვარეზე გაფრენის დოკუმენტური მასალა, თუ იმიტაციები ამაყადაა გამოფენილი. მათ შორისაა ჩიკაგოში გახსნილი ახალი საინტერესო ექსპოზიცია, სახელწოდებით „მისია მთვარეზე“. ჯიმ ლოველი თვლის, რომ მთვარეზე მისიები ისევ უნდა განახლდეს. „მთვარეზე მისიის შემდეგ უკვე მარსზე შეგვეძლება გაფრენა. თუმცა, ეს საბოლოო მიზანს დამატებით კიდევ რამდენიმე წლით დაგვაშორებს“.

ჯიმი არ ნანობს, რომ მთვარეზე ფეხის დადგმის ოცნება ვერ შეისრულა: „საბოლოო ჯამში დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მისია ამ შედეგით დასრულდა. მთვარეზე რიგით მესამე გაფრენა ასე რომ არ წარმართულიყო, შესაძლოა შემდგომი წარმატებები და დღესასწაულები აღარც გვქონოდა“. ამ ხიფათით სავსე ფრენაზე მოგვიანებით ფილმიც გადაიღეს, რომელიც ამერიკელებს ძალიან უყვართ. პოპულარულ ფილმში მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს და მას ასევე ჰქვია: „აპოლო-13“.

XS
SM
MD
LG