Accessibility links

9 აპრილი და საქართველოს დაუსრულებელი საფრთხე


საბჭოთა ტანკები რუსთაველის გამზირზე, 1989 წელი

საბჭოთა ტანკები რუსთაველის გამზირზე, 1989 წელი

საქართველოში წელსაც მიაგეს პატივი 26 წლის წინათ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის ხელით განგმირული ადამიანების ხსოვნას. ეს თარიღი თავისუფლებისთვის ბრძოლის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა საქართველოში, რომელიც კვლავაც დგას რუსეთის იმპერიული ზრახვების საფრთხის წინაშე.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ტრადიციულად სანთლები დაანთეს, ლექსები წაიკითხეს და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი. ხუთშაბათს რუსთაველზე სხვადასხვა დროს გამოჩნდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური სპექტრისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ითქვა, რომ 1989 წლის 9 აპრილს უკვალოდ არ ჩაუვლია და რომ დამოუკიდებელი საქართველო კვლავ და კვლავ მადლობას სწირავს სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს.

ჯერ ხმა ისმოდა – ფარებზე ურტყამდნენ ნიჩბებს... მერე დაიწყო საშინელება, ეს სასაკლაო იყო... არავინ იცოდა, ვინ საით წაიყვანა ხალხის ტალღამ, ვინ დაიხოცა... უკვე შემდეგ დღეებში ერთმანეთს ვეძებდით – ვინ გადავრჩით...

26 წლის წინანდელ სისხლისმღვრელ სპეცოპერაციას, რომელსაც გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა და რომელმაც 21 ადამიანი იმსხვერპლა, ახლაც დიდი ტკივილით იხსენებენ განსაკუთრებით ისინი, ვინც იმ ავბედით ღამესრუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. მათ შორის არის ნინო მარსაგიშვილი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა რიგებში თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად იდგა. ისინი გადაურჩნენ რუსი სამხედროების ალესილ ნიჩბებს, მაგრამ, სხვა ასეულობით ადამიანთან ერთად, გაზით მოიწამლნენ:

„ჯერ ხმა ისმოდა – ფარებზე ურტყამდნენ ნიჩბებს... მერე დაიწყო საშინელება, ეს სასაკლაო იყო... არავინ იცოდა, ვინ საით წაიყვანა ხალხის ტალღამ, ვინ დაიხოცა... უკვე შემდეგ დღეებში ერთმანეთს ვეძებდით – ვინ გადავრჩით. მერე 40 დღე ვიდექით კიდევ აქ, გარდაცვლილების სულის პატივსაცემად და ბევრი ხალხი მაშინ მოიწამლა. ყვავილები რომ იყო აქ, ის ყვავილები გაიჟღინთა მომწამვლელი გაზით. ოთხნაირი ძალიან ძლიერი გაზი იყო გაშვებული და მათი კომბინაცია გამანადგურებლად მოქმედებდა. გვაქვს ქრონიკული დაავადებები, ვინც ცოცხალი გადავრჩით“.

9 აპრილმა თავისი წვლილი შეიტანა საბჭოთა იმპერიის დაშლის პროცესის დაჩქარებაში და იმ დღეს დაღუპული ადამიანები სამშობლოსთვის თავგანწირული გმირები არიან, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი თამარ ჩხეიძე, თუმცა ის დღემდე ფიქრობს, რომ 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აშორება შესაძლებელი იყო, თუკი ხალხი პატრიარქს დაუჯერებდა და აქციას შეწყვეტდა.

ხალხი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას, 2015 წლის 9 აპრილი

ხალხი პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას, 2015 წლის 9 აპრილი

მაშინ როცა საბჭოთა სასტიკი იმპერია ყველაფერზე იყო წამსვლელი, თამარ ჩხეიძის თქმით, პოლიტიკურ ძალებს მეტი სიფრთხილე მოეთხოვებოდათ:

„უკვე იყო დაფიქსირებული დამოუკიდებლობის მოთხოვნა. ლოგიკურად ამაზე მეტი იქ ვეღარ მოხდებოდა, რადგანაც, ცხადია, იმ დღეებში დამოუკიდებლობა ვერ გამოცხადდებოდა... როდესაც აშკარა იყო, რომ იწყებოდა დარბევა და ადამიანების სიცოცხლეს მასობრივად ემუქრებოდა საფრთხე, უნდა მომხდარიყო ყოველივე ამის დასრულება ქაშვეთში გადასვლითა და ლოცვით. სამწუხაროდ, ჩვენი აზრი აქაც უმცირესობაში აღმოჩნდა“.

9 აპრილი არის თარიღი, რომელმაც მომენტალურად გააერთიანა მთელი ქვეყანა და გააძლიერა დამოუკიდებლობის სურვილი – ეს უკვე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებაა. ის თვლის, რომ შესაძლოა კონკრეტულად იმ დღეს მართლაც მოხერხებულიყო სისხლისღვრის თავიდან აშორება, მაგრამ თუკი იმავე პერიოდის ვილნიუსისა და ბაქოს მაგალითებს გავითვალისწინებთ, რუსეთის აგრესიას საქართველო მაინც ვერ გადაურჩებოდა, ხოლო რაც შეეხება ბოლო წლებში გამოჩენილ ნამდვილ სახეს, ფაქტია, რომ რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები კვლავაც ცოცხალია და სახიფათოა მეზობლებისთვის:

ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე

„დღევანდელი რუსეთის ქმედებით უკვე რეალურად ჩანს ის, რომ რუსეთმა დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო შეთანხმება და ნორმა – იურიდიული და სამართლებრივი – და დღეს უკვე პრობლემა დგას იმისა, რომ მოხდეს სამხედრო ძალით აღდგენა იმისა, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირი. ყოველ შემთხვევაში, უკრაინის პროცესები ნამდვილად იძლევა ამგვარი ვარაუდის საფუძველს“.

რამდენად შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო 26 წლის განმავლობაში მიეღწიათ მიზნებისთვის, რომლებიც მათ 1989 წლის 9 აპრილს ამოძრავებდათ?

ვახტანგ ძაბირაძის თვალთახედვით, საქართველოს შეეძლო უფრო მეტად დაშორებოდა რუსეთს და უფრო გაემართლებინა 26 წლის წინ არსებული მოლოდინი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მთავარი პრობლემა კი იყო წინდაუხედაობა და არათანმიმდევრულობა, რამაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეცდომის სახით იჩინა თავი და ერთ-ერთ ასეთ შეცდომად ჩემი რესპონდენტი საქართველოს დსთ–ში გაწევრიანებას მიიჩნევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG