Accessibility links

logo-print

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში აქციები გამართეს.

თბილისში 17 მაისისთვის მზადება დაიწყო 10 მაისს, როცა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ წამოიწყო კამპანია „ეს ქუჩა დაკავებულია - ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის“. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სხვადასხვა ქუჩაში ტრანსპარანტით გაჩნდებოდა ხოლმე. ტრანსპარანტზე ეწერა: „ეს ქუჩა დაკავებულია“. შემდეგ მცირე აქციების ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდებოდა.

უშუალოდ 17 მაისს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ თბილისში, ვაჩნაძის ქუჩაზე გამართა აქცია და ეს ქუჩაც „დაიკავა“. ორგანიზაციის წევრი ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ ორი წლის წინ სწორედ ვაჩნაძის ქუჩაზე დაესხნენ თავს მსგავსი აქციის მონაწილეებს.

„ეს ადგილი (ვაჩნაძის ქუჩა) არის სიმბოლური, რადგან 2013 წლის 17 მაისს სწორედ ამ ქუჩის კუთხეში დაესხნენ თავს 23 აქტივისტს, მათ შორის უმეტესობა ქალები იყვნენ, ლგბტ თემის წევრები და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს. სამმა მათგანმა ტვინის შერყევა მიიღო. ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას და მივიჩნევთ, რომ შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს ყველას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, მისი სოციალური მიკუთვნების მიუხედავად“.

ვაჩნაძის ქუჩას პოლიციელები იცავდნენ, აქციის მონაწილე ათიოდე ადამიანი აქაც ტრანსპარანტებით მივიდა. საწვიმრებსა და ქოლგებზე ეწერათ: „კონსტიტუციის 25-ე მუხლი“. ეს მუხლი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ კიდევ ერთი წევრი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ლგბტ თემის წევრები დღემდე საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

„საფრთხე დღემდე არის. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო არ იქნებოდა არც პოლიციის და არც უშიშროების მობილიზება. მუქარაც იყო და სხვა ყველაფერიც. ამიტომ გვინდა, გაიწმინდოს ჩვენი ქუჩები ძალადობისგან. ასევე ძალიან გვინდა, პერსონიფიცირებული იყოს ჩვენი პროტესტი იმ კოლექტიური ძალადობის წინააღმდეგ, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში“.

აქციები გაიმართა იუსტიციის სამინისტროსთან და მრგვალ ბაღთანაც. მრგვალ ბაღთან აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც დატანილი იყო ამონარიდები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომელიც ამ სასამართლომ ორი წლის წინანდელი აქციის დარბევასთან დაკავშირებით მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი ვაჭარაძით თქმით, დღევანდელი აქცია სწორედ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ეძღვნება.

„დღევანდელი შეკრება ეძღვნება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატია ნიშნავს ადამიანების მიერ ერთმანეთის პატივისცემას და ჰარმონიული ურთიერთობები მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული“.

მრგვალ ბაღთან გამართულ აქციაზე მოხვედრა ჟურნალისტებს მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეეძლოთ. ორგანიზატორები მაქსიმალურად ეცადნენ საფრთხე თავიდან აერიდებინათ. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებების დამცველები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ვახუშტი მებანდე ამბობს, რომ აქციაზე სოლიდარობის ნიშნად მივიდა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ადამიანები დღესაც იდევნებიან საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო და ამიტომ საჭიროა ჩვენი სოლიდარობა“.

17 მაისს-ვე აღინიშნება ოჯახის სიმტკიცის დღეც, რომელიც საქართველოს პატრიარქმა დააწესა ორი წლის წინ. ამ დღის აღსანიშნავად სამების ტაძრის მიმართულებით მოეწყო მსვლელობა, უშუალოდ სამების ტაძარში კი პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG