Accessibility links

აშშ-ში არ დაიწყება გამოძიება ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ


ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც უდავოდ სასიხარულო უნდა იყოს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისათვის: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ, გამოაცხადა, რომ არ დაიწყება გამოძიება კლინტონის წინააღმდეგ ელფოსტის სარგებლობასთან დაკავშირებული გადაცდომის გამო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ, კერძოდ, აშშ-ის კონგრესს შეატყობინა, რომ ახალაღმოჩენილი ელექტრონული წერილების შემოწმების შემდეგაც ძალაში რჩება წელს ივლისში მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ არსებობს საჭიროება, დაიწყოს გამოძიება ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ელფოსტის სარგებლობასთან დაკავშირებული გადაცდომის გამო. საქმე ეხება ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნად მუშაობისას მის მიერ პირადი ელფოსტის გამოყენებას, ნაწილობრივ, გასაიდუმლოებული შეტყობინებებისთვისაც.

ვნახეთ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის, ბოლო წერილი კონგრესისათვის. გვიხარია, რომ მან დაადასტურა - როგორც დარწმუნებული ვიყავით, რომ დაადასტურებდა - დასკვნები, რომლებამდეც ივლისში მივიდა. და გვიხარია, რომ ეს საკითხი მოგვარებულია...

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯეისონ ჩაფეცი ადასტურებს, რომ კომიმ წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომიტეტს 6 ნოემბერს შეატყობინა კლინტონის ელფოსტასთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოლო დასკვნის შესახებ.

ამ ცნობას უკვე მოჰყვა გამოხმაურება საპრეზიდენტო არჩევნებში დაპირისპირებული ბანაკებიდან. როგორც მოსალოდნელი იყო, დემოკრატების წარმომადგენელი - ამ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციის დირექტორი ჯენიფერ პალმიერი - მიესალმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნას. „ვნახეთ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის, ბოლო წერილი კონგრესისათვის. გვიხარია, რომ მან დაადასტურა - როგორც დარწმუნებული ვიყავით, რომ დაადასტურებდა - დასკვნები, რომლებამდეც ივლისში მივიდა. და გვიხარია, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციის დირექტორმა ჯენიფერ პალმიერიმ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა 28 ოქტომბერს, ანუ არჩევნებამდე ათიოდე დღით ადრე, შეატყობინა კონგრესს ახალაღმოჩენილ ელექტრონულ წერილებზე, რომლებიც დაკავშირებულია კლინტონის პირად ელფოსტასთან. ამ ცნობამ კიდევ უფრო დაძაბა ისედაც მწვავე დაპირისპირება წინასაარჩევნო კამპანიაში. 28 ოქტომბრის მომდევნო დღეებში ჩატარებულმა არაერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ, მხარდამჭერთა რაოდენობის მხრივ, შემცირდა უპირატესობა, რომელიც კლინტონს ჰქონდა რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპთან მიმართებით.

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

მას შემდეგ, რაც დღის წესრიგიდან მოიხსნა კლინტონისათვის ბრალდების წაყენების საკითხი, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა: ჰილარი კლინტონს მთელი მმართველი სისტემა იცავს, თორემ სინამდვილეში ის დამნაშავე არისო.

„ამჟამად მას მანიპულირებული სისტემა იცავს. ეს არის მთლიანად მანიპულირებული სისტემა, ამას მე უკვე დიდი ხანია ვამბობ. შეუძლებელია, რვა დღეში შეამოწმო 650 ათასი ელექტრონული წერილი - ამას ვერ გააკეთებ. ჰილარი კლინტონი დამნაშავეა! ეს მან იცის, ეს იცის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ეს იცის ხალხმა. და ახლა ამერიკელ ხალხზეა დამოკიდებული სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საარჩევნო ყუთთან 8 ნოემბერს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიჩიგანის შტატში. კლინტონის ელფოსტა არის თემა, რომელსაც ტრამპი ხშირად ახსენებს წინასაარჩევნო გამოსვლებისას კლინტონის „უპასუხისმგებლობო ქმედებების“ თუ „დანაშაულების“ ჩამოთვლისას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG