Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონასა და საბერძნეთს შორის შეთანხმება არ შედგა


იანის ვაროფაკისი
იანის ვაროფაკისი

შეთანხმების გარეშე დასრულდა ბრიუსელში სასწრაფო ფორმით გამართული შეხვედრა საბერძნეთსა და 19 წევრისგან შემდგარი ევროს მოქმედების ზონის მის კრედიტორებს შორის.

მხარეებმა ერთობლივი განცხადების შემუშავებაც კი ვერ შეძლეს.

საბერძნეთის ახალ, რადიკალური მემარცხენე ორიენტაციის მთავრობას სურს ცვლილებები შევიდეს საერთაშორისო დახმარების პაკეტში, რომელსაც ის დიდწილად ადანაშაულებს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარების შექმნაში.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერჯერობით უარს აცხადებენ ათენის თხოვნაზე, ხელახლა გაიმართოს მოლაპარაკება 240 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის პირობებზე, რომლებსაც ათენი ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს.

ფინანსთა მინისტრების შემდეგი შეხვედრა გაიმართება 16 თებერვალს. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვაროფაკისმა იმედი გამოთქვა, რომ იმ შეხვედრაზე პროგრესი იქნება.

ევროზონის ფინანსთა მინისტრთა ჯგუფის ხელმძღვანელი იერუნ დაისელბლუმი აცხადებს, რომ შეხვედრაზე დეტალური წინადადებები არც კი განხილულა. „ცოტა მეტი დრო გვჭირდებაო“, განაცხადა მან: „გავმართეთ ინტენსიური და კონსტრუქციული დისკუსია, რომელმაც ბევრი საკითხი მოიცვა და გარკვეული პროგრესიც იყო, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი პროგრესისთვის არ მიგვიღწევია საიმისოდ, რომ ერთობლივი დასკვნები გამოგვეტანა. მოლაპარაკებას განვაგრძობთ ორშაბათს, 16 თებერვალს, როცა გაიმართება ევროს ჯგუფის რეგულარული შეხვედრა, სადაც რამდენიმე საკითხი უნდა განვიხილოთ. გავაგრძელებთ ჩვენს მოლაპარაკებას საბერძნეთის თაობაზე და განვიხილავთ მასთან ჩვენს ამჟამინდელ და სამომავლო თანამშრომლობას“.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, რომლის რადიკალური მემარცხენე პარტია, „სირიზა“, გასულ თვეში გამართულ არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ხელისუფლებაში მოვიდა, აცხადებს, რომ არ გაახანგრძლივებს დახმარების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ორ კვირაში ეწურება ვადა.

საბერძნეთის მთავრობისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ შეთანხმების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს გამსესხებელთა ე.წ. „ტროიკა“ - ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი.

საბერძნეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თუ ევროზონასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მათ შესაძლოა აშშ-ს, რუსეთს ან ჩინეთს მიმართონ.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოციასმა 11 თებერვალს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელიც აცხადებს, რომ მოსკოვი განიხილავს საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევას, თუკი ათენი მას შესაბამისი თხოვნით მიმართავს.

XS
SM
MD
LG