Accessibility links

logo-print

გარემოსდამცველებმა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თამარაშვილის 13 ნომერში ხეების ჭრას აპროტესტებენ და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის გადაყენებას ითხოვენ. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, მართალია, სამშენებლო კომპანიას ხეების ჭრის უფლება მიღებული ჰქონდა მერიისგან, მათ პროცესი უხეში დარღვევით წარმართეს.

„არა ხე ჭრა“ - ამ ლოზუნგით, ბარაბნებით და პატარა ნიჩბებით შეიარაღებულმა აქტივისტებმა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ასე დაგმეს მათ 27 აპრილს თამარაშვილის 13 ნომერში სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფის“ მიერ 10-ზე მეტი ხის მოჭრა. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი. ისინი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის გადაყენებასა და, მათი თქმით, სამსახურის კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს შორისაა „პარტიზანი მებაღე“ მარიამ ყანჩაველი:

„იმის მაგივრად, რომ ეს უწყება იცავდეს ქალაქში გამწვანებულ ტერიტორიებს და ამწვანებდეს ქალაქს, ისინი, უბრალოდ, ბრმად აძლევენ უფლებას ხალხს მოჭრან ხეები. ეს ასე არ უნდა იყოს!“ - ამბობს მარიამ ყანჩაველი.

თუკი დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას ჩავხედავთ, იქ წერია, რომ თამარაშვილის 13 ნომერში შენდება საცხოვრებელი კომპლექსი „გრინ სითი“, რომელშიც 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაა ჩადებული. განცხადების თანახმადვე, იმისათვის, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი ხეების მოჭრა, კომპანიას მთლიანი ნაკვეთის მხოლოდ მცირე ნაწილზე აქვს მშენებლობა. 27 აპრილს მათ 10-ზე მეტი ხე მოჭრეს და მხოლოდ მოსახლეობისა და გარემოსდამცველების პროტესტმა აიძულა ისინი ხეების ჭრა შეეჩერებინათ.

განაშენიანების რეგულირების გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შემუშავებას. გეგმის დამტკიცების შემდეგ კომპანია უკვე მოდის მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამ შემთხვევაში კომპანიამ უხეშად მოახდინა გამწვანების ხელყოფა...

ამჟამად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური თამარაშვილის 13-ის განაშენიანების რეგულირების გეგმას განიხილავს, პროექტის დამუშავების შემდეგ კი დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეგზავნება ქალაქის საკრებულოს, ანუ დღეს ამ ობიექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებული საბუთი არ არსებობს. როგორც არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ღოღობერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, „არქი ჯგუფს“ არ უნდა დაეწყო ხეების ჭრა განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებამდე. მისი სიტყვებით, „არქი ჯგუფმა“ პროცესი უხეში დარღვევით წარმართა:

„განაშენიანების რეგულირების გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმის შემუშავებას. გეგმის დამტკიცების შემდეგ კომპანია უკვე მოდის მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამ შემთხვევაში კომპანიამ უხეშად მოახდინა გამწვანების ხელყოფა, რადგან კომპანიას ჯერ არ მიუღია განაშენიანების რეგულირების გეგმა და მშენებლობის ნებართვა. კომპანიამ უხეში, ცუდი გამოყენება მისცა ამ პროცესს. ის უნდა დალოდებოდა მისი ობიექტის დამტკიცებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ კომპანიის ქმედება იურიდიულად უკანონო არ არის, რადგან კომპანიას 24 აპრილს აუმოქმედდა გამწვანების სამსახურიდან გაცემული ნებართვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას განვითარების გენერალური გეგმა ჯერ არ ჰქონდა შეთანხმებული, რაც მშენებლობის პროცესის დაწყების ნებას არ აძლევდა“.

ის, რაც გუშინ მოხდა იპოდრომზე, არის, უბრალოდ, ბოლო მაგალითი იმ უმძიმესი მდგომარეობისა, რაც ქალაქში გვაქვს და ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ შემოგვთავაზოს კონკრეტული გამოსავალი, გვთავაზობს სრულ ფარსს...

ბიძინა გიორგობიანის მიერ 27 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, გამწვანების სამსახურმა სწორედ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში გასცა ხეების მოჭრის უფლება.

კატასტროფული ვითარება, გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის თვალსაზრისით - ასე აფასებს თბილისში არსებულ ვითარებას გარემოსდამცველი ერეკლე ურუშაძე და პასუხისმგებლობას თბილისის ხელმძღვანელობას აკისრებს:

„ის, რაც გუშინ მოხდა იპოდრომზე, არის, უბრალოდ, ბოლო მაგალითი იმ უმძიმესი მდგომარეობისა, რაც ქალაქში გვაქვს და ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ შემოგვთავაზოს კონკრეტული გამოსავალი, გვთავაზობს სრულ ფარსს, ე.წ. მილიონი ხის პროგრამის სახით“.

თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს აყენებს და ამბობს, რომ მისი საქმიანობით ანტიკორუფციული სააგენტო უნდა დაინტერესდეს:

„მე აუცილებლად დავაყენებ საკრებულოს სხდომაზე ბიძინა გიორგობიანის პასუხისმგებლობის საკითხს“.

ამ დროისათვის თამარაშვილის 13 ნომერში ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია. როგორც „არქი ჯგუფი“ თავის ოფიციალურ განცხადებაში წერს, გამწვანების სამსახურიდან მათ 30 ხის მოჭრის ნებართვა აიღეს, რომელთაგან, მათი თქმით, ოთხი ხე გამხმარი იყო, დანარჩენი 26-დან კი უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია და უახლოეს წლებში სრულად გახმებოდა. მათივე მტკიცებით, შემოდგომაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე „არქი ჯგუფის“ მიერ 300-მდე ნერგი დაირგო. როდის განახლდება თამარაშვილის 13-ში ხეების ჭრა, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, თამარაშვილზე სამშენებლო პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც თბილისის საკრებულოს ურბანული კომისია ობიექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმას დაამტკიცებს და ქალაქის მერია მშენებლობის საბოლოო ნებართვას გასცემს.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG