Accessibility links

logo-print

რუსეთის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს „დაერია“


„ამნესტი ინტერნეიშენალის“ მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი სერგეი ნიკიტინი

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი სერგეი ნიკიტინი

რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისების ჩხრეკის პროცესში, მოსკოვში მდებარე „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ოფისიც გაჩხრიკეს. გასული კვირიდან დაწყებული, რუსეთში ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის - მათ შორის, უძველესი უფლებდამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ - ოფისის ჩხრეკა ჩატარდა.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი მეორე კვირაა ამოწმებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისებს. ოფიციალურად ამ რეიდებს ეწოდება „ინსპექცია“, თუმცა არასამთავრობოები ასეთ სტუმრობას ჩხრეკას ადარებენ. თანაც, ძალიან საგულისხმოა, რომ სამართალდამცველებს ყოველთვის თან დაჰყვება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია „ენტევეს“ გადამღები ჯგუფი, რასაც ტელეკომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ბეზბოროდოვა მოვლენების ცენტრში ყოფნის სურვილით ხსნის:

„ვადასტურებთ, რომ ჩვენი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი შევიდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, „ადამიანის უფლებებისათვის მოძრაობის“ ოფისში, რადგან ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ყველგან, სადაც დღის მთავარი მოვლენები ვითარდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ინფორმაციის საკუთარი წყაროები სამართალდამცველ ორგანოებში და გვსურს, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდეს“.
ორშაბათ დილით დაგვირეკეს და ოფისში მოვიდა მოსკოვის პროკურატურის სამი და ერთი საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი. ამ ადამიანებმა წარმომიდგინეს დოკუმენტი, სახელწოდებით „შეკითხვა“, რომელშიც ჩამოთვლილია იმ დოკუმენტების სია, რომელთა ასლების მიღებაც ჩვენგან სურთ...


როგორც ზემოთ ითქვა, არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისების ჩხრეკის პროცესში, სამართალდამცველებმა ორშაბათს მოსკოვში მდებარე „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ოფისიც გაჩხრიკეს. პოლიციელთა რეიდი ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელმა სერგეი ნიკიტინმა დაადასტურა და ასე აღწერა ჩხრეკის პროცესის დაწყება:

„ორშაბათ დილით დაგვირეკეს და ოფისში მოვიდა მოსკოვის პროკურატურის სამი და ერთი საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი. ამ ადამიანებმა წარმომიდგინეს დოკუმენტი, სახელწოდებით „შეკითხვა“, რომელშიც ჩამოთვლილია იმ დოკუმენტების სია, რომელთა ასლების მიღებაც ჩვენგან სურთ“.

ორშაბათს სამართალდამცველთა შერეულმა ჯგუფმა რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის - „ადამიანის უფლებებისათვის“ - ოფისსაც მიაკითხა. ორგანიზაციის თავკაცმა, ყოფილმა დისიდენტმა ლევ პონომარიოვმა, ღია წერილით მიმართა მოსკოვის ოლქის პროკურორს სერგეი კუდენეევს და ორგანიზაციაში ჩატარებულ ჩხრეკას უკანონო უწოდა. შემოწმების თაობაზე განცხადება გაავრცელა „ამნესტი ინტერნეიშენალმაც“, რომელიც დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისების ინსპექტირება შედეგია 2012 წელს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონმდებლობისა და იგი სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG