Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციები დისკუსიის გაგრძელებას ითხოვენ


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ „უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის არსებულ რედაქციას და მის დახვეწაზე შემდგომი მუშაობა დისკუსიის ფორმატში გააგრძელონ. 8 არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი აისახა სპეციალურ მიმართვაში, რომელიც მათ 24 ივნისს გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, პოზიტიურად აფასებენ რა ინიციატივას, რომელიც საპოლიციო და უშიშროების სამსახურების გამიჯვნას ითვალისწინებს, ფიქრობენ, რომ გამიჯვნა რეალურ შინაარსს უნდა ატარებდეს და უნდა ქმნიდეს არა მარტო ინსტიტუციური, არამედ ფუნქციური გაყოფის საფუძველსაც. როგორც მიმართვის ერთ-ერთი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ - აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შემოთავაზებული რეფორმის ფარგლებში ერთი პრობლემატური უწყების ნაცვლად ორ არანაკლებ პრობლემატურ უწყებას და ფუნქციათა დუბლირებას მივიღებთ, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და კანონიერი მმართველობის პრინციპებს:

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა უშიშროების სამსახური, რომელიც დაექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. გარდა ამ ცვლილებებისა, ჩვენი აზრით, ფაქტობრივად, სხვა სიღრმისეული ცვლილებები არ ხორციელდება, მათ შორის, არ იცვლება ის ოდეერების პრაქტიკა, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში და შემდეგ უკვე, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, გადმოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში“.

კანონპროექტი „უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ უშიშროების სამსახურებს უნარჩუნებს სამართალდაცვით, საგამოძიებო და პრევენციულ ფუნქციებს, უშიშროების სამსახურებს აძლევს სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების უფლებას და მოქალაქეთა თავისუფლებაში უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობას. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ იურისტი სოფო ვერძეული შენიშნავს, რომ პარლამენტის წევრებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ იმ პრინციპებს, რომლებიც ძალიან ბევრ სახიფათო დებულებას შეიცავს:

“თუკი კანონპროექტი პირველი მოსმენით არსებული რედაქციით იქნება მიღებული, ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს შემდგომში კანონპროექტის დახვეწას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა ხელი შეუწყონ დისკუსიის გაგრძელებას კანონპროექტის ირგვლივ და საკუთარი გადაწყვეტილებით არ დახურონ ის სადისკუსიო სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კანონპროექტი შემდგომში კიდევ უფრო დაიხვეწოს“.

ინტენსიურად ვმუშაობდით, გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ექსპერტებთანაც და მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის სტანდარტები და მიდგომები, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. ლაპარაკია ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხზე, გამჭვირვალობაზე...

სოფო ვერძეული ისურვებდა პარლამენტის წევრებმა გაიაზრონ ის რისკები, რომელთაც კანონპროექტი შეიცავს. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ უსაფრთხოების სამსახურები, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სასამართლოს კონტროლის გარეშე მოიპოვებენ ინფორმაციას და ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, ფარული ფოტო და კინოგადაღება, წვდომა ფარული მიყურადების ტექნიკურ მოწყობილობებზე და სხვა. და ეს მაშინ, როდესაც ანალოგიურ ღონისძიებებზე სისხლის სამართლის კოდექსი სასამართლო კონტროლს მოითხოვს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 12 ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა. კანონპროექტის წარდგენისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი არის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება და მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არსებული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპად, მისი განმარტებით, განსაზღვრულია დისკრიმინაციის დაუშვებლობა, თანაზომიერებისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება და პოლიტიკური ნეიტრალობა:

“ინტენსიურად ვმუშაობდით, გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ექსპერტებთანაც და მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის სტანდარტები და მიდგომები, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. ლაპარაკია ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხზე, გამჭვირვალობაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი სწორედ საერთაშორისო სტანდარტების დაუცველობით გამოირჩევა და წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომელთა მიხედვითაც შიდა უშიშროების სამსახურებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი სამართალდამცავი უფლებამოსილების გატარების შესაძლებლობა, როგორიცაა გამოძიება და პირის დაკავება.

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული კანონპროექტი გაგზავნილ იქნეს საერთაშორისო საექსპერტო ორგანოებში, კერძოდ, ვენეციის კომისიასა და ევროპის საბჭოში, რათა მოვისმინოთ იმ უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებიც, რომელთაც ამ სფეროში სათანადო გამოცდილება აქვთ:

“არ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმასთან და არც რომელიმე სხვა სამინისტროს რეფორმასთან მიმართებაში. არსებობს ძალიან დიდი ცოდნა, სხვა ქვეყნების გამოცდილება და როცა ვიცით, რომ რაღაც სისტემამ სხვა ქვეყანაში არ გაამართლა, რატომ უნდა გავრისკოთ და გვქონდეს იმის ილუზია, რომ გაამართლებს საქართველოში“.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კენჭისყრამდე აუცილებელია კანონპროექტის არსებითი გაუმჯობესება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უშიშროების სამსახურისთვის საგამოძიებო და სამართალდამცავი ფუნქციების ჩამოცილების, მისი მანდატის, კომპეტენციებისა და ფუნქციების ნათლად ჩამოყალიბების ხაზით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG