Accessibility links

9 სექტემბერს სასტუმრო “რედისონში“ 18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომელიც ხელმომწერ ორგანიზაციებს ავალდებულებს გამოაქვეყნონ ინფორმაცია თავიანთი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობისა და ფინანსების შესახებ. სიახლეა ისიც, რომ დაინტერესებულ პირთათვის ეს ინფორმაცია ახალ ვებსაიტზე მოიყრის თავს, რომლის მისამართია www.cso.ge

აბსოლუტური გამჭვირვალობა ფინანსების, მიზნების, გეგმებისა და, ზოგადად, საქმიანობის - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების საეჭვო წარმომავლობას უსვამენ ხაზს. დღეიდან 18 არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობის დეკლარაციაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას იღებს გამოაქვეყნოს ყველა ინფორმაცია, თავისი ორგანიზაციის დაფინანსების ჩათვლით. ახალი ამბები, მედია, განცხადებები და კონკურსები, ტრენინგები, ანგარიშები და გამოკვლევები, საინფორმაციო ბაზები, ანონსი - ახალ საიტ www.cso.ge-ზე სწორედ ამ რუბრიკების ქვეშ მოიყრის თავს ეს ინფორმაციები და ის ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი აცხადებს მედიასთან საუბარში, სწორედ ეს დეკლარაციაა პასუხი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, რომლებიც გაისმის პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო ხანებში მედიაში. დევდარიანი ამბობს, რომ დღემდე საქართველოში მსგავსი პლატფორმა არ არსებულა, დღეს კი სამოქალაქო სექტორი მომწიფდა ამ ნაბიჯის გადასადგმელად და ის იმედს გამოთქვამს, რომ მალე მათ რამდენიმე ათეული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდება საქართველოს რეგიონებიდან:

ზვიად დევდარიანი

ზვიად დევდარიანი

„ეს ახალი სტანდარტია, როდესაც იქმნება ახალი ვებპლატფორმა, სადაც აისახება ყველაფერი, რაც არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას და საქმიანობას შეეხება. ყველას, ვისაც ეს დააინტერესებს, შეეძლება ეს ინფორმაცია მოიძიოს ახალ ვებსაიტზე“, - აცხადებს ზვიად დევდარიანი. ამავე ვებსაიტზე შესაძლებელი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების აუდიტის დასკვნების მოძიებაც.

გამჭვირვალობის დეკლარაციაზე ხელმოწერა ერთხელ და სამუდამოდ გასცემს პასუხს კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომავლობის, მიზნებისა და მათი დამფინანსებლების შესახებ, - აცხადებს მედიასთან საუბარში მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი, თამარ კინწურაშვილი:

„ქვეყანაში ბევრი პრორუსული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა დაფინანსების წყაროები არის აბსოლუტურად გაურკვეველი, ეს პლატფორმა კი გასცემს პასუხს შეკითხვებს, ვინ ვართ ჩვენ, საიდან ვფინანსდებით და რომ ანგარიშვალდებულნი ვართ საზოგადოების წინაშე“.

ფინანსების გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძეც და ამბობს, რომ ეს სამოქალაქო სექტორის მიმართ ნდობას კიდევ უფრო განამტკიცებს:

ქვეყანაში ბევრი პრორუსული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა დაფინანსების წყაროები არის აბსოლუტურად გაურკვეველი, ეს პლატფორმა კი გასცემს პასუხს შეკითხვებს, ვინ ვართ ჩვენ, საიდან ვფინანსდებით და რომ ანგარიშვალდებულნი ვართ საზოგადოების წინაშე...

„ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, აღარ იარსებებს ორაზროვანი პასუხები და ეჭვები, თუ რას ვაკეთებთ, საიდან ფინანსდება ესა თუ ის პროექტი და ა.შ. ამას ცალკეული ორგანიზაციები აქამდეც ვაკეთებდით, თუმცა ეს კიდევ ერთი ახალი მექანიზმია, რომელიც ღიაობას ხელს შეუწყობს“.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლისათვის და, ზოგადად, საზოგადოების განვითარებისათვის მუშაობენ, ანგარიშვალდებულნი არიან არა მხოლოდ დონორების მიმართ, არამედ ამავე საზოგადოების მიმართ. ანგარიშვალდებულების ხარისხი კი უფრო მაღალი იქნება, თუ მათ სრულყოფილი ინფორმაცია ექნებათ:

„ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არასამთავრობოთა მიმართ გამოიყენება გარკვეული კლიშეები, რომლებიც ხანდახან გამიზნულადაც ინერგება - თითქოს ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტები, რომ მუშაობენ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და ა.შ. რეალურად კი, ხშირად არასამთავრობოების მუშაობა ისე ფართოდ არ შუქდება და არ არის ცნობილი, რას აკეთებენ ქვეყნისთვის“.

ვის აძლევს ხელს არასამთავრობო ორგანიზაციათა იმიჯის შელახვა და ვის ინტერესებში შედის საზოგადოებაში ამ ორგანიზაციების მიმართ უნდობლობის დათესვა? - ვკითხეთ ლევან ავალიშვილს:

ლევან ავალიშვილი

ლევან ავალიშვილი

„იქ, სადაც ეშინიათ ამ სექტორის განვითარების და არ იციან, რა სარგებელი მოაქვს ასეთ ორგანიზაციებს საზოგადოებისათვის, სწორედ იქედან მოდის ასეთი დაკვეთაც, რომ ეს სექტორი ვითომ ძირს უთხრის ქვეყანას, ცდილობს ღირებულებების გაუფასურებას და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავს. ეს ძირითადად ისეთი ტრენდია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ახასიათებს და სამწუხაროა, რომ საქართველოში როგორც ადრე იყო ასეთი მიდგომა არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომ არ აწყობდა ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელიც მას აკონტროლებდა, ისე დღეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თუ პირი კვლავაც იგივე მიდგომით ცდილობს, რომ უნდობლობა დათესოს ამ სექტორის მიმართ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებისა და საქმიანობის გასაჯაროებაც სწორედ იმისთვის არის საჭირო, ამბობს ლევან ავალიშვილი, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო არ დაეცეს და, პირიქით, გაიზარდოს.

სამოქალაქო საზოგადოების პორტალს ადმინისტრირებას სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) გაუწევს, ვებსაიტის შექმნა კი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.​

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG