Accessibility links

logo-print
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის შეთავაზებულ წინასაარჩევნო ქცევის წესების ოთხპუნქტიან დოკუმენტს კიდევ ერთი მსგავსი, უფრო ვრცელი დოკუმენტი დაემატა, რომელიც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს კამპანია ”ეს შენ გეხებას” წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს. ”ეს შენ გეხება” ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთგვარი შუამავლის როლს კისრულობს და ფიქრობს, რომ ეს დოკუმენტი მათ შორის ”დიალოგის გზით შეთანხმების საგანი” უნდა გახდეს. თავად პოლიტიკური პარტიები ჯერჯერობით ”ქცევის კოდექსზე” ხელმოწერის სიტყვიერ მზაობაზე ლაპარაკობენ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ”ეს შენ გეხებას” პოლიტიკური პარტიებისათვის წინასაარჩევნოდ სავალდებული ქცევის წესების შემუშავებისკენ უბიძგა, კარალეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იყო.

”თუ ერთი მხარე ქვებს ისროდა, მეორე მხარე შეიარაღებული დაცვით იყო მისული. პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ხელისუფლებას მეტი დოზით, მაგრამ, საერთო ჯამში, ორივე მხარეს ეკისრება”, - ამბობს კამპანია ”ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციის, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, – ”ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ პარტიები უნდა დასხდნენ და რაღაც კონკრეტულ წესებზე შეთანხმდნენ. მართალია, საამისოდ არსებობს კანონი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურა ჯერ ქვეყანაში არ არსებობს, ჩვენ გვჭირდება დამატებითი დოკუმენტებიც.”

”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 14 ივლისს პარტიებისათვის შეთავაზებულ დოკუმენტში აღწერილი პრინციპების მნიშვნელობაზე ”ეს შენ გეხება” არ დაობს, თუმცა ეკა გიგაური შენიშნავს, რომ ეს პრინციპები, პირველი, არასაკმარისია და, მეორე, ამ დოკუმენტის შემუშავებაში მმართველის გარდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს გარემოება გახდა კიდეც კოალიცია”ქართული ოცნების” კრიტიკის საგანი. სწორედ ამიტომ იკისრა ”ეს შენ გეხებამ” ერთგვარი შუამავლის როლი და თქვა, რომ კიდევ არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც მსგავს დოკუმენტში ნახსენები უნდა იყოს, და პარტიებს დოკუმენტის უფრო შევსებული ვარიანტი შესთავაზა:
მართალია, რომ კანონები არეგულირებს ქვეყანაში ყველაფერს, მაგრამ არსებობს ქცევის კოდექსებიც, რომლებსაც საჯარო სამსახურების თუ სხვა მოხელეები აწერენ ხელს. ამ შემთხვევაში ეს ნების დემონსტრირებაა, რომ დავიცავთ ამ წესებს. რაც ეხება არასამთავრობოების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, მასში ჩვენ დავამატებდით არჩევნების შედეგების აღიარების პუნქტს და ძალადობისკენ მოწოდებისგან თავშეკავებას...

არასამთავრობო სექტორის მიერ პარტიებისათვის შეთავაზებულ ცხრა პუნქტს შორის არის ასევე ის, რომ არ დაუშვან საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება; უზრუნველყონ საზოგადოების და შესაბამისი სამსახურების წინასწარი ინფორმირება მათ მიერ დაგეგმილი პარტიული ღონისძიებების თაობაზე; არ დაუშვან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაციის მცდელობა; არ განახორციელონ ამომრჩევლის მოსყიდვა და ამ კუთხით დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები; არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსების, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების; ხელი შეუწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას თემატურ პოლიტიკურ დებატებზე მაქსიმალური აქცენტირებით და ამით მისცენ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა; არ დაუშვან ძალადობის და აგრესიის წახალისება არჩევნების დღეს, მათ შორის, მომხრეების წინასწარი მობილიზების გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უწესრიგობა და დესტაბილიზაცია არჩევნების დღეს; უზრუნველყონ საკუთარ ღონისძიებებზე ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბარი სამუშაო პირობები, არ დაუშვან ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები; არ დაუშვან მედიასაშუალებების ბოროტად გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის ან საზოგადოების დეზინფორმირებისთვის, ხელი შეუწყონ მედიასაშუალებებს შორის არსებული დაპირისპირების და დაძაბულობის განმუხტვას.

„ეს შენ გეხება“ ასევე მიიჩნევს, რომ შეთანხმების საგანი უნდა გახდეს პრინციპები, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა იმოქმედონ მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით; უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება ან დისკრიმინაციული მიდგომა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომ დისკრიმინაციულად არ შეზღუდოს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და საგამოძიებო ორგანოებმა მეტი აქცენტი გააკეთონ დარღვევების პრევენციაზე, ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მათ შორის, წინასწარი კონსულტაციების გზით, პარტიებს ხელი შეუწყოს კანონის შესრულებაში, განსაკუთრებით დაფინანსების მიღების კუთხით; არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები და უზრუნველყონ ყველა რეგისტრირებული მედიასაშუალების წარმომადგენლებისათვის საქმიანობის თანაბარი პირობები; ყველა შესაძლო და კანონიერი ფორმით უზრუნველყონ საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც ასევე გულისხმობს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ტელეარხების შეუზღუდავად მიწოდებას.
მიხეილ მაჭავარიანი

მიხეილ მაჭავარიანი


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტიისათვის მთავარი იყო მათ მიერ შეთავაზებულ ოთხ ძირითად პრინციპზე შეთანხმება. ამ პრინციპების მთავარი არსი ის არის, რომ პარტიები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო კამპანიას, უარს ამბობენ ძალადობასა და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე. ხელმომწერი პარტიები ასევე იღებენ ვალდებულებას აღიარონ არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვლება „სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ“.

მაჭავარიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივის გაფართოების და დამატებითი პუნქტების განხილვის წინააღმდეგი არ იქნება:

”სიამოვნებით გავეცნობი ამ ინიციატივას და თუ პროცესი დაიწყება, ჩავერთვებით კიდეც. მთავარი ის არის... ჩვენ გვაწუხებს ის საკითხი, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანად თავისუფალი არჩევნები. ისიც მართალია, რომ კანონები არეგულირებს ქვეყანაში ყველაფერს, მაგრამ არსებობს ქცევის კოდექსებიც, რომელსაც საჯარო სამსახურების თუ სხვა მოხელეები აწერენ ხელს. ამ შემთხვევაში ეს ნების დემონსტრირებაა, რომ დავიცავთ ამ წესებს. რაც ეხება არასამთავრობოების მიერ მომზადებულ დოკუმენტს, მასში ჩვენ დავამატებდით არჩევნების შედეგების აღიარების პუნქტს და ძალადობისკენ მოწოდებისგან თავშეკავებას.”
კანონის მოთხოვნას არ იცავს ”ნაციონალური მოძრაობა“ და ქცევის წესებს დაიცავს? თუმცა ჩვენ არ ვემიჯნებით პროცესს, მით უმეტეს, თუ მასში არასამთავრობო სექტორი იქნება ჩართული, და ჩვენც მივიღებთ მასში მონაწილეობას, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც ვალდებულება აქვს ასაღები ქართული საზოგადოების წინაშე, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“...

რაც შეეხება ”ქართულ ოცნების“ დამოკიდებულებას, რომელმაც, ქრისტიან–დემოკრატების, ახალი მემარჯვენეებისა და ეროვნულ–დემოკრატებისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, არასამთავრობო სექტორის მომზადებულ დოკუმენტს მიესალმება, თუმცა ეჭვობს რამდენად შეასრულებს მმართველი პარტია არასავალდებულო ქცევის წესებს მაშინ, როცა ქვეყანაში კანონით დადგენილი წესები ირღვევა. ”ქართული ოცნების” იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელი, ზაქარია ქუცნაშვილი, სწორედ ხელისუფლებას აკისრებს მთავარი ვალდებულებების შესრულებას:

”კანონის მოთხოვნას არ იცავს ”ნაციონალური მოძრაობა“ და ქცევის წესებს დაიცავს? თუმცა ჩვენ არ ვემიჯნებით პროცესს, მით უმეტეს, თუ მასში არასამთავრობო სექტორი იქნება ჩართული, და ჩვენც მივიღებთ მასში მონაწილეობას, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც ვალდებულება აქვს ასაღები ქართული საზოგადოების წინაშე, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“. მათ უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ქვებს არ ისვრიან ან მედიას გაათავისუფლებენ, ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებენ და ა.შ.... ათ კაცს გადასცდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჩვენი აქტივისტების რაოდენობა და ასეულ მილიონს ჯარიმა და რაღა პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ?”

”ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მზად არიან, პარტიების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მათ შორის დიალოგის პროცესს ხელი შეუწყონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG