Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი კაცის საძოვარი


არეშფერანის მოსახლეობა
არეშფერანის მოსახლეობა
არეშფერანი ლაგოდეხის რაიონში მდებარე უპირატესად ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელია, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე 650 ოჯახი ცხოვრობდა. მოსახლეობის ნაწილმა სოფელი გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა, თუმცა მოგვიანებით არეშფერანს თავი შეაფარეს იმერეთიდან და აჭარიდან გადმოსახლებულმა ეკომიგრანტებმა, რომლებსაც, ძირძველი არეშფერანელების მსგავსად, ერთი პრობლემა აწუხებთ - სოფელი საძოვრების გარეშეა დარჩენილი. ვითარებაში გასარკვევად ლაგოდეხის რაიონში მივლინებით იმყოფებოდა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის რუსულენოვანი რედაქციის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი მზია ფარესიშვილი, რომლის მიერ მომზადებულ რეპორტაჟსაც გთავაზობთ.

„აი, ასე ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულები“, - ოსურ ენაზე ჩივის არეშფერანელი გივი ხვედელიძე, როცა მისი ავტომობილის ბორბალი მორიგ თხრილში ვარდება. გივი ხვედელიძე ეკომიგრანტია. არეშფერანში ოჯახთან ერთად რომ ჩაასახლეს, ბავშვი იყო და ოსური ენის შესწავლა არ გასჭირვებია, თუმცა ამჟამად მას და მის თანასოფლელებს გზების ხარისხზე მეტად საძოვრების საკითხი აწუხებთ.

არეშფერანელი არჩილ ცეცხლაძე წარმოშობით მთიანი აჭარიდაანაა. როცა ლაგოდეხის რაიონში ასახლებდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საძოვრების სიმრავლითა და საქონლის მოშენების პერსპექტივით მოხიბლეს, თუმცა ადგილზე ჩასულს განსხვავებული ვითარება დახვდა:
უმეტესობას არც სოციალური დახმარება აქვს და არც პენსია, როგორ უნდა იცხოვრონ? არ გვაქვს მიწა, რომელსაც დავამუშავებდით...
ლენა ცარიათი

„უჭირთ, მიწა არა აქვთ, რომ საქონელი გაიყვანონ და გამწყემსონ ან დაამუშაონ. უნდა მოგვცენ გასაქანი, მიწა, რომ ხალხმა დაამუშაოს და თავი შეინახოს... სხვანაირად არ შეიძლება. მიუტანეთ მთავრობას ეს სიტყვა, რომ მოგვეხმარონ.“

არჩილ ცეცხლაძის მსგავსად, სოფლის უმთავრეს პრობლემად მიწის ნაკლებობას მიიჩნევს არეშფერანელი ლენა ცარიათი:

„უმეტესობას არც სოციალური დახმარება აქვს და არც პენსია, როგორ უნდა იცხოვრონ? არ გვაქვს მიწა, რომელსაც დავამუშავებდით. პირადად მე თავი გამაქვს ძროხისა და მის მიერ მოცემული რძის ნაწარმის საშუალებით. თუკი საძოვრები აღარ გვექნება, როგორ ვირჩინო თავი? სხვა სოფლებში ჰექტრობით დაარიგეს მიწა, ჩვენ კი 25 მეასედი მოგვცეს. რატომ, განა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები არ ვართ?“

ლენა ცარიათის იმედი აქვს გადაწურული და არ იცის საშველად ვის მიმართოს. მისი თქმით, არეშფერანელთა უბედურების მთავარი წყარო ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი ედუარდ ჯიოევია. საქმე ისაა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა კოლმეურნეობები იშლებოდა, მთავრობამ დაიწყო საერთო სარგებლობაში მიწების არენდით გაცემა, თუმცა დოკუმენტაცია ფორმდებოდა ერთ კონკრეტულ პირზე, რომელიც სოფლის სახელით კრებდა გადასახადს და შეჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტში. იმის გამო, რომ მაშინ პირადობის მოწმობა მხოლოდ ედუარდ ჯიოევს ჰქონდა, სოფელმა არენდატორის მოვალეობა მას დააკისრა და მის სახელზე გააფორმა, ჯამში, 21 ჰექტარი მიწა. წელიწად-ნახევრის წინ არეშფერანელებმა შეიტყვეს, რომ ედუარდ ჯიოევს მიწის მთელი ფართობი ჯერ კიდევ 2006 წელს შეუძენია აუქციონზე და რომ ახლა ისაა ამ მიწის ერთადერთი და კანონიერი მფლობელი. სოფლის გამგებელი ტარიელ თედეევი ჯიოევს არ ამართლებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ სოფლის მცხოვრებლებს ვერაფრით დაეხმარება:

არეშფერანი
არეშფერანი
„იჯარა ჰქონდათ აღებული ერთად, ხელმძღვანელი იყო ედუარდ ჯიოევი, მაგრამ მოიშალა ეს იჯარა არგადახდის გამო, სოფელმა არ გადაიხადა. ამის შემდეგ ედუარდ ჯიოევმა შეისყიდა მიწა, ესენი კი დარჩნენ ხელცარიელი, მიწას ჯიოევი პატრონობს. გამგებელმაც, საკრებულოს თავმჯდომარემაც და დეპუტატმაც უთხრეს ჯიოევს, მიწის ნაწილი უნდა დაუთმო სოფელსო. კი დათანხმდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მივიდა“. - ტარიელ თედეევის ამ ნათქვამს დეტალებით ავსებს ასევე არეშფერანის მკვიდრი ნუგზარ კიტიაშვილი:

„17 ათასი ლარი გადამიხადეთო, გვეუბნება. ამხელა თანხას ჩვენ ვერაფრით გავწვდებით, ვერ შევაგროვებთ. ლუკმა პური გვენატრება, ხალხი გაჭირვებულია, თითო-თითო ძროხა გვყავს... ან რა ფულს გვთხოვს?! ამ მიწის ნახევარს აქირავებდა, ხორბალს ათესინებდა, საბაღედ აძლევდა... ამ მიწის ნახევარი ჩვენი საძოვარი არ იყო, ცხვარი დადიოდა და იქიდან ცალკე იღებდა. აქ უკანონობაა!“

თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არეშფერანელთა ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოზალიშვილის მტკიცებით, ჯიოევმა მიწა კანონის სრული დაცვით შეიძინა:
არეშფერანი
არეშფერანი

„მე ვუთხარი სოფლის მოსახლეობას, შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი და იდავეთ, გაარკვიეთ რამდენად სწორად აქვს შეძენილი-მეთქი. ეს ერთი საკითხია. მეორე მხრივ, ჯიოევს ნაყიდი აქვს ეს მიწა და მისთვის საკუთრების წართმევა არ იქნება სწორი. სოფელს არ უნდა ფულის გადახდა, ამაშია საქმე. პრობლემა არ იქნებოდა, თავის დროზე ყოველწლიური გადასახადი რომ გადაეხადათ. არ გადაიხადეს და მარტო საურავმა 6 ათასი ლარი შეადგინა. ჯიოევი ამბობს, გადაიხადონ საურავი და ყადაღა მომიხსნანო... მის სახლს ბანკმა ყადაღა დაადო და დღეს თუ ხვალ შეიძლება გაუყიდოს.“

თავად ედუარდ ჯიოევი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მისმა თანასოფლელებმა კი არ იცოდნენ, რომ სახლს ყადაღა ჰქონდა დადებული. არეშფერანელთა ვარაუდით, ჯიოევმა ბანკიდან სესხი მიწების შესაძენად გამოიტანა და სახლიც იმ დროს დააგირავა. სოფელი ჯიოევს მიწების დაბრუნების სანაცვლოდ, აუქციონზე გადახდილ თანხას, 6 ათას ლარს სთავაზობს, მაგრამ ჯიოევი სრულ თანხას -17 ათასს ლარს - ითხოვს. ასე რომ, არეშფერანელებს ყველა შემთხვევაში მწირი და არასახარბიელო არჩევანის გაკეთება მოუწევთ: ან უნდა შეეგუონ ბედს, ან შეაგროვონ ფული ადვოკატის დასაქირავებლად ან მიწის გამოსასყიდად. თუმცა, როგორც არეშფერანის მკვიდრი, 83 წლის იულია ხასიევი ამბობს, არის კიდევ ერთი გზა:

„ოთარაანთ ქვრივი“ ხომ იცით?! ბევრჯერ მიფიქრია, ჩავალ სააკაშვილთან მაგ ქალივით და დაველაპარაკები!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG