Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანი და ქორწინება


“ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს” - აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში. ამ დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო, 189 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ყველაზე მეტი ამგვარი ფაქტი კი აჭარასა და ქვემო ქართლში გამოვლინდა. საქართველოს კანონმდებლობით, 18 წელს მიუღწეველ მოზარდთან სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა - მათ შორის, ქორწინების გზით - მკაცრად ისჯება. რა ვითარებაა აჭარაში არასრულწლოვანთა ქორწინების თვალსაზრისით და რა საფრთხის წინაშე დგანან 18 წლამდე გოგონები?

23 წლის გოგიტა ხიმშიაშვილს 2016 წელს არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის გამო წაუყენეს ბრალი. ის შუახევის რაიონში ორი წლის წინ 13 წლის გოგონაზე არაოფიციალურად დაქორწინდა. მას შემდე, რაც არასრულწლოვან დედას შვილი გაუჩნდა, ხიმშიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

„სამსახურს მე ვერ დავიწყებ, უმუშევარი ვიქნები და ამიტომ არ მაწყობს პირობითი სასჯელი. მერე შემომთავაზეს გარიგება, რაც ნიშნავს იმას, რომ ფული უნდა გადავიხადო, ამის საშუალება მე არ მაქვს...“ - ამბობს გოგიტა ხიმშიაშვილი.

გოგიტას მეუღლე 15 წლისაა. ამბობს, რომ თუ მის მეუღლეს დააკავებენ, ბავშვის გაზრდა მარტოს მოუწევს:

„რომ მცოდნოდა, რომ არ შეიძლება, დაველოდებოდი სრულწლოვანებას და მერე გავყვებოდი. ახლა გოგიტა რომ დაიჭირონ, ბავშვი მარტო როგორ უნდა გავზარდო? “

საქართველოს კანონმდებლობით, 18 წელს მიუღწეველ მოზარდთან სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა - მათ შორის, ქორწინების გზით - მკაცრად ისჯება. 2016 წლის დასაწყისში აჭარაში გახმაურდა ხუთი ასეთი საქმე. მას შემდეგ, რაც გოგონების ნაადრევ ასაკში მშობიარობა გამოვლინდა, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით აჭარის პროკურატურამ ხუთივე მამაკაცს წაუყენა ბრალი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ნაადრევი ქორწინების პრევენციაზე უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვან გოგონებს ორმაგი პრობლემები ექმნებათ:

„თუ სახელმწიფო სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას განახორციელებს და მოითხოვს სრულწლოვანი მეუღლის დასჯას, ეს დასჯა კი შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა, მაშინ სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რა რეაგირება ექნება ასეთი დედათა და შვილთა დაცვის კუთხით, რა სოციალურ სტაბილურობას შესთავაზებს მათ. ამიტომ ეს შემთხვევები საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეაფასონ, საერთო ჯამში, და უნდა თქვან, ასეთი პოლიტიკის წარმოება რა შედეგების მომტანია არასრულწლოვანი დედისთვის და ბავშვისთვის“, – განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

სახალხო დამცველმა სახელმწიფოს მისცა რეკომენდაცია, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნაადრევი ქორწინების ფაქტები შემცირდეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეკატერინე სხილაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ კანონის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამდე უნდა მიიტანოს:

„მთავარი გამოწვევაა საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე. მნიშვნელოვანია, ასევე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება. ეს პრობლემები განსაკუთრებით ვლინდება მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რიგი მიზეზების გამო, ისედაც გართულებულია. ამიტომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ გაიზარდოს შესაბამისი უწყებების ჩართულობა და მათი როლი ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირებისას და ასევე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ“, – განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

სახალხო დამცველის მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში 1312-მა არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა, აქედან აჭარაში 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ჰოსპიტალ „მედინას“ მთავარი ექიმი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ მათი ვალდებულებაა ბავშვის დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი საბუთები მოამზადონ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი დედა გამოვლინდა, საქმეში პოლიცია ერთვება:

„ყველა ორსული მოზარდი, ანატომიურად, ვიწრო მენჯის პირობებში მშობიარობს. აქედან გამომდინარე, სამედიცინო თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი მათი ფეხმძიმობა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია ხარატი ამბობს, რომ გაეროს არაერთი კვლევით დადგინდა , რომ არასრულწლოვანის მშობიარობა საშიშ დაავადებებს იწვევს. არის შემთხვევები, როდესაც გოგონებს ნერვული აშლილობები ეწყებათ:

„ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ძალიან ბევრს, მაგრამ, გარდა ამისა, ფიზიოლოგიურად რა ხდება ორგანიზმში? 20 წლამდე მშობიარობის შემთხვევაში ორჯერ მეტია სიკვდილიანობა, ვიდრე 20 წლის შემდეგ. ეს არის ოფიციალური საერთაშორისო მაჩვენებელი“, - ამბობს ნათია ხარატი.

გოგიტა ხიმშიაშვილი და მისი არასრულწლოვანი მეუღლე გამოძიების დასრულებას ელოდებიან, მათი პატარა ბიჭი კი უკვე 8 თვისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG