Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანური სასჯელი არასრულწლოვნებს


"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" პროექტის თანახმად, არასრულწლოვანს პირველი სასჯელის მოხდის შემდეგ განმეორებით დანაშაულის ჩადენამდე ნასამართლობა მოეხსნება. "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" პროექტი12 მარტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. იუსტიციის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ერთობლივად შემუშავებული ცვლილებების მიზანია 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის შეიქმნას პეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისიმართლმსაჯულების სისტემა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც კანონპროექტის სხვა დადებით მხარეებსაც გაუსვა ხაზი.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით არასრულწლოვანთათვის პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს:

„არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახით შემოგვაქვს შინაპატიმრობა, რაც პირველად ინვესტიციას მოითხოვს სახელმწიფოსთვის, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ პროგრამის დონეზე სამაჯურების შესყიდვის პროცესში შეძლოს ამის იმპლემენტაცია პრაქტიკაში“.

ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ.

„ამ კოდექსით შემოდის ისეთი თანამედროვე სამართლებრივი ტერმინები და ცნებები, როგორიც არის უკიდურესი ზომის სახით პატიმრობა 14-18 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, ასევე არასრულწლოვნისადმი ინდვიდუალური მიდგომა... და ის, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს“.

მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ პატიმრობა იქნება სასჯელის უკიდურეს ფორმად განხილული და ბავშვებთან მიმართებით მაქსიმალურად იქნება გამოყენებული სასჯელის ალტერნატიული ზომები...
მაია ქურციკიძე

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობა კი სასჯელის მოხდისთანავე მოეხსნება, თუმცა, თუ გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე კანონპროექტს ძალზე პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ეს არის მცდელობა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტს:

„მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ პატიმრობა იქნება სასჯელის უკიდურეს ფორმად განხილული და ბავშვებთან მიმართებით მაქსიმალურად იქნება გამოყენებული სასჯელის ალტერნატიული ზომები. იმ ბავშვებში განმეორებითი დანაშაულის სტატისტიკა არის ძალიან დაბალი, რომელთა განრიდებაც მოხდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, ანუ ეს მიდგომები არის გამართლებული და ამას ადასტურებს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე საქართველოს სტატისტიკა“.

მაგრამ მაია ქურციკიძეს კანონპროექტის მიმართ შენიშვნებიც აქვს. მისი თქმით, მედიაციის პროცესში მინიმალური უნდა იყოს პროკურორების მონაწილეობა და დაკავებიდან სასამართლომდე წარდგენის ვადა 48-იდან 24 საათამდე უნდა შემცირდეს, რათა კანონმდებლობა ბავშვის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი გახდეს და უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტს.

მაია ცირამუა
მაია ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში არასრულწლოვანთა დანაშაულის დაბალისტატისტიკა განპირობებულია ძალზე ჰუმანური მართლმსაჯულებით. მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს დაყოფს მოზარდი სასჯელაღსრულების სისტემაში, მით უფრო იზრდება დანაშაულის რეციდივის ალბათობა. მაია ცირამუას თქმით, თავისუფლების აღკვეთის უკიდურეს ზომად განხილვა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია აღკვეთის ვადების შემცირებაც, მაგალითად, მაქსიმუმ 7-10 წლამდე.

„გაწელილი და გადადებული სასამართლო პროცესები, ადვოკატები, რომლებიც არ ჩანან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სისტემაში შეხვდები მოზარდს, რომელიც გეუბნება, რომ მას ადვოკატი ძალინ დიდი ხანია არ შეხმიანებია. ეს ძალიან ზრდის თვითდაზიანებებისა და სუიციდის რისკებს და ხშირად პირდაპირ კავშირშიც არის ხოლმე ამასთან და, ზოგადად, ანგრევს ბავშვის ფსიქიკას“.

მაია ცირამუა ნასამართლობის გაქარწყლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან ხშირად, კონფიდენციალობის დარღვევის გამო, ნასამართლობის სტიგმა მოზარდს ხელს უშლიდა რესოციალიზაციასა და განვითარებაში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG