Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გამოწვევები


”ბავშვები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში” - ამ თემას 25 აპრილს მრგვალი მაგიდა მიეძღვნა, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. პარალელურად გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა, რომელშიც დარგის ოთხი სპეციალისტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას და ალტერნატიულ სასჯელებსა და ღონისძიებებს განიხილავს. რა შეიცვალა უკანასკნელ ხანებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში და კიდევ რა ღონისძიებების გატარება იგეგმება?

გასული წლის ოქტომბრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია ”წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის” წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელიც გვაუწყებდა, რომ არასრულწლოვანთა დაწესებულებებში უკანასკნელი წლების განმავლობაში მსჯავრდებულებს აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მაია ცირამუა, ცენტრის ფსიქოლოგი, გვეუბნება, რომ დღესდღეობით არასრულწლოვანთა დაწესებულებებში სიტუაცია შეცვლილია. მისი თქმით, ძალადობა ვერტიკალში, ანუ ზევიდან ქვევით, მოხსნილია, თუმცა გააქტიურდა ძალადობა მოზარდებს შორის. სწორედ ამიტომ მაია ცირამუა თვლის, რომ დაწესებულებებში ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, რადგან, მისი თქმით, პენიტენციარულ სისტემაში მოხვედრა არათუ მოზარდზე, არამედ სრულწლოვანი ადამიანის ფსიქიკაზეც მძიმე კვალს ტოვებს:

“ამ ბავშვებში ძალადობის გამოცდილება არის საკმაოდ მაღალი როგორც სისტემაში მოხვედრამდე, ისე მას შემდეგ. თითქმის ყველას ძალიან მტკივნეული ისტორია აქვს. როგორც გამოკვლევებმა და გამოძიებამ აჩვენა, წინა წლების პერიოდში წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკმაოდ მძიმე ფაქტები არსებობდა დაწესებულებაში, რამაც ბუნტის სახითაც იფეთქა. ასეთი ტიპის გამოცდილებამ დღეს უფრო გაზარდა თვითდაზიანების რისკები. პოსტტრავმული, სტრესული აშლილობის სიმპტომებით დღეს სისტემაში მოზარდების 42 პროცენტს ვხვდებით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია”.

ხან ფეხბურთს ვთამაშობთ ერთად და ხან ნარდს. აუცილებელია მათთან ყოველდღიური და ახლო კონტაქტი. და, რაც მთავარია, არ უნდა აღმართო ბარიერი...
ტატო ქელბაქიანი
მაია ცირამუას მიერ ნახსენები ბუნტი გასული წლის აგვისტოში ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოხდა. დაწესებულების ამჟამინდელი დირექტორი ტატო ქელბაქიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაწესებულებაში მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი. თითოეულ არასრულწლოვანთან მოპყრობის ინდივიდუალური გეგმა დგება, რის შემდეგაც ისინი ებმებიან როგორც საგანმანათლებლო პროგრამებში, ისე სპორტულ აქტივობებსა და პროფესიულ კურსებში. როგორც ტატო ქელბაქიანი გვეუბნება, პროცესი არაერთგვაროვანია და მათი მთავარი მიზანია გაზარდონ არასრულწლოვანთა მოტივაცია ჩაერთონ ცხოვრების ჯანსაღ პროცესში:

”ხან ფეხბურთს ვთამაშობთ ერთად და ხან ნარდს. აუცილებელია მათთან ყოველდღიური და ახლო კონტაქტი. და, რაც მთავარია, არ უნდა აღმართო ბარიერი და არ უნდა უყურებდე მათ ზემოდან. როგორც თანასწორ ადამიანებს, ისე უნდა ახერხებდე მათთან ურთიერთობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ძალიან სენსიტიური ადამიანები არიან”.

როგორს სისხლის სამართლის ექსპერტები, ისე ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუკი დანაშაულის ფორმა ამის შესაძლებლობას იძლევა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არასრულწლოვანი პენიტენციარულ სისტემაში არ მოხვდეს. სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა სამი წლის წინ არასრულწლოვანთა სასჯელისგან განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ან დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას გულისხმობს. ამ პროგრამით დღემდე 200-მდე არასრულწლოვანმა ისარგებლა. ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე ერთ-ერთი ავტორია წიგნისა, რომლის პრეზენტაციაც 25 აპრილს გაიმართა და რომელიც სწორედ განრიდებისა და მედიაციის პროგრამას და მის მნიშვნელობას ეძღვნება. ნინო გვენეტაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მისცა და სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში არსებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა ვერ ახორციელებდა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებებს და არ შეესაბამებოდა გაეროს მინიმალურ სტანდარტებს. სწორედ ეს რეკომენდაციები გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ საქართველოში დროულად დანერგილიყო მართლმსაჯულების ალტერნატიული პროგრამები. თუმცა, ნინო გვენეტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სიტუაცია ნელ-ნელა ვითარდება, საერთაშორისო სტანდარტები მაინც არ არის სრულყოფილად დაკმაყოფილებული:

გერმანიაში, მაგალითად, 25 წლის ასაკამდე სასჯელის დანიშვნის სპეციალური მოდუსია შექმნილი, რადგან მიაჩნიათ, რომ ადამიანი იმყოფება განვითარების სტადიაში, მან შეიძლება დაუშვა შეცდომა...
ელისო წიკლაური-ლამეხი
”საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, საპროცესო კოდექსი არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების უფლებას პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში სპეციალურად მომზადებულ გამომძიებლებს, პროკურორებს და მოსამართლეებს აძლევს, თუმცა საქართველოს რეალობაში დღეს, ცხადია, რომ ეს კადრი ნაწილობრივ არის მომზადებული, მაგრამ ხშირად ეს მომზადება ფორმალურია და რეალურად არასრულწლოვანთა ჭეშმარიტ ინტერესებზე არ აისახება”.

წიგნის კიდევ ერთი ავტორი, ელისო წიკლაური-ლამეხი, რომელიც, ამავე დროს, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მკვლევარია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აქცენტს იმ საერთაშორისო მაგალითებზე აკეთებს, რომლებიც არასრულწლოვანთათვის ე.წ. სპეციალურ მართლმსაჯულებას გულისხმობს:

”ბევრ სახელმწიფოში არასრულწლოვანთათვის არსებობს სპეციალური სასამართლოები, სისხლის სამართალი, მოსამართლეები...გერმანიაში, მაგალითად, 25 წლის ასაკამდე სასჯელის დანიშვნის სპეციალური მოდუსია შექმნილი, რადგან მიაჩნიათ, რომ ადამიანი იმყოფება განვითარების სტადიაში, მან შეიძლება დაუშვა შეცდომა და მთავარი მიზანი და ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ სასჯელმა და კანონმა კი არ უნდა დასაჯოს ადამიანი, არამედ უნდა აღზარდოს”.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მიხელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ იმ პროფესიონალების მომზადება, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, სამინისტროს სამომავლო და ერთ-ერთი პრიორიტეტული გეგმაა. მისი სიტყვებით, სამინისტროს მიზანია შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც არ მისცემს ამ სისტემაში ჩართულ არც ერთ ადამიანს შელახოს მართლმსაჯულებაში მოხვედრილ არასრულწლოვანთა უფლებები.
XS
SM
MD
LG