Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არც ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი მთავრობაში


თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი
თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრად ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი დანიშნა. ახალი მინისტრების დანიშვნა განაპირობა იმან, რომ 1 აგვისტოდან თანამდებობა დატოვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. რესპუბლიკური პარტიის მიერ 12 ივლისს გაკეთებული განცხადების თანახმად, პარტიის წევრი მინისტრები მზად იყვნენ არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩენილიყვნენ, მაგრამ მრავალპარტიული მთავრობის წინააღმდეგი იყო „ქართული ოცნება“.

გადმოწერა

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი მინისტრების დასანიშნად ორკვირიანი ვადა ჰქონდა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისშემცვლელები წინამორბედთა გადადგომის დღესვე დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელად მისი პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული რეფორმები გაგრძელდება. ახალი მინისტრების პროფესიული ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა:

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვა, შეიარაღებული ძალები, ქართული ჯარი ყოველთვის იქნება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. წარმატებას ვუსურვებ ახალ მინისტრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქნებიან გამორჩეული მინისტრები და ჩვენ ძალიან ბევრი ამბიციური რეფორმა გველის წინ ერთად გასაკეთებელი, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მათ, მათ ეს წარმატება ნამდვილად სჭირდებათ“.

თავის მხრივ, ქეთევან ციხელაშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, ვინაიდან მშვიდობა არის კონფლიქტების მოგვარებისა და ქვეყნის განვითარების წინაპირობა:

„ჩვენ გავაგრძელებთ, ერთი მხრივ, დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით და, მეორე მხრივ, დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანი გახლავთ ერთიანი საქართველო და ეს, პირველ როგში, გულისხმობს ჩვენი ხალხის გაერთიანებას“.

ბუნებრივია, გუნდი ცდილობს თავისი ერთგული პოლიტიკოსები დანიშნოს ყველა წამყვან პოზიციაზე. ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა ურთერთშეუთანხმებელი მოქმედებები ქალბატონ თინა ხიდაშელსა და „ქართულ ოცნებას“, მმართველ გუნდს, შორის...
ირაკლი ალადაშვილი

ლევან იზორიას თქმით კი, ის ახლა, როგორც თავდაცვის მინისტრი, გააგრძელებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული მემორანდუმის პირობების შესრულებას, მემორანდუმისა, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას:

„[გავაგრძელებ] ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას. ბუნებრივია, ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ და მე მინდა ასევე სიამაყით ვთქვა, რომ მომიწევს მუშაობა სამშობლოსთვის თავდადებულ ოფიცრებთან, სამხედროებთან, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ“.

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის, თქმით, წარსულს ჩაბარდა ის აზრი, რომ თავდაცვის მინისტრი სამხედრო პირი უნდა იყოს. ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას იგი შემდეგი ნიშნით ხსნის:

„ბუნებრივია, გუნდი ცდილობს თავისი ერთგული პოლიტიკოსები დანიშნოს ყველა წამყვან პოზიციაზე. ბოლო პერიოდში შეიმჩნეოდა ურთერთშეუთანხმებელი მოქმედებები ქალბატონ თინა ხიდაშელსა და „ქართულ ოცნებას“, მმართველ გუნდს, შორის. ეს ყველასთვის ცხადი იყო, განსაკუთრებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან მიმართებით“.

სანამ გიორგი კვირიკაშვილი ახალი მინისტრების ვინაობას დაასახელებდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაემშვიდობა.“მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება”,ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელშიც ასევე ვკთხულობთ, რომ ის მადლობას უხდის უწყების თანამშრომლებს გასული ერთი წლის განმავლობაში საქმიანობისთვის.

თინა ხიდაშელის სიტყვებით, „საკმაოდ მძიმე წელი იყო, პრობლემებით და წინააღმდეგობებით დატვირთული. სწორედ ასეთია ჩვენი ქვეყანაც - მშვენიერი, ძლიერი, საინტერესო, მაგრამ პრობლემებით და წინააღმდეგობებით სავსე. იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად გაწეული შრომის შედეგად, შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო მცირედით მაინც უკეთესია“.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მინისტრებმა თანამდებობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს წინასაარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე.რესპუბლიკურმა პარტიამ 12 ივლისს განაცხადა, რომ მისი წევრი მინისტრები მზად იყვნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ და დარჩენილიყვნენ საქართველოს მთავრობაში, მაგრამ, რესპუბლიკელების თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მრავალპარტიული მთავრობა მიუღებელი იქნებოდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის რესპუბლიკელი წევრებიდან თანამდებობაზე დარჩა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რომელმაც რესპუბლიკური პარტია დატოვა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG