Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები სპეციალურ უბნებზე


საგანგებოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის 34 საარჩევნო უბანი გაიხსნა. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, განახევრდა ე.წ. სპეციალური უბნების რაოდენობა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა წლების განმავლობაში სპეციალურ უბნებზე გამოვლენილი დარღვევები. სპეციალური უბნების რაოდენობის განახევრებას მიესალმებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ისნის საარჩევნო ოლქის ნომერ 82-ე უბანში საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა. ეს უბანი ერთ-ერთია გამონაკლისი შემთხვევისთვის შექმნილი 34 საარჩევნო უბნიდან. 82-ე საარჩევნო უბანი, ისევე როგორც სხვა სტანდარტული უბნები, დილის 8 საათზე გაიხსნა. ამ უბანზე ამომრჩეველი დილიდან აქტიურობდა. იქ მისულ ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების რიგი დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე შესვლის, თავისუფლად გადაადგილებისა და ჩამწერი საშუალებების გამოყენების უფლება გვქონდა, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე ტუღუშმა გვითხრა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე წარიმართა:

„466 პირია სიაში რეგისტრირებული. პირველი ამომრჩეველი 8 საათისთვის მოვიდა. კონვერტი ჩავაგდეთ და დავიწყეთ არჩევნები. არანაირ დარღვევებს არ ჰქონია ადგილი. პროცესი წყნარად და მშვიდად წარიმართა“.

უბანი დილის 8 საათზე გავხსენით. ყველაფერი კარგად მიდის. დარღვევებს ადგილი არ ჰქონია...
ნინო გუგავა
ე.წ. სპეციალური უბნები გაიხსნა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეთა 30%, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, საკუთარ არჩევანს სპეციალური სიების მეშვეობით სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ნაწილებთან გახსნილ ე.წ. სპეციალურ უბნებში დააფიქსირებს. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სამხედრო მოსამსახურეებისათვის ასეთი საარჩევნო უბანი სულ 16-ია გახსნილი. მათ შორის ერთ-ერთია საარჩევნო უბანი # 57, სადაც 201 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ საარჩევნო ხმებს გამჭვირვალე ყუთში ყრიან. ამ უბანზე ხალხმრავლობა არ შეინიშნება. საარჩევნო პროცესს, ისევე როგორც სხვა სტანდარტულ საარჩევნო უბნებზე, აქაც რამდენიმე დამკვირვებელი ადევნებს თვალს. ნინო გუგავა, დამკვირვებელი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან”, უბანზე დილის 7 საათზე გამოცხადდა:

„უბანი დილის 8 საათზე გავხსენით. ყველაფერი კარგად მიდის. დარღვევებს ადგილი არ ჰქონია“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით საგანგებოდ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილი ე.წ. 34 სპეციალური უბნიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 10 უბანი გაიხსნა. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ან მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული 1700-ზე მეტი პირიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის სურვილი 200-მდე პირმა გამოთქვა. საპატიმროებში მიმდინარე საარჩევნო პროცესს თვალს დღეს ჟურნალისტებიც ადევნებდნენ. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ იმ პატიმრებსაც, რომლებმაც საკუთარი არჩევანი გააკეთეს:

წლების განმავლობაშ არსებობდა ე.წ. დახურული უბნები, სადაც არ იყო არანაირი მონიტორინგის შესაძლებლობა. იმ უბნებზე მიმდინარეობდა პოლიციელების შეურაცხმყოფელი ფორმით მიყვანა, ძალდატანება და ერთი კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემა...
ირაკლი ღარიბაშვილი
„არჩევნები ისე მშვიდად მიმდინარეობს, რომ ასეთი მშვიდი არჩევნები, მგონი, არასდროს ყოფილა. ველოდებით სიახლეებს, დაპირებების შესრულებას“.
„ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. საქართველოსთვის სიკეთეს ველით. საქართველოს გაერთიანებას, თავისუფლებას, სამსახურებს“...

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში განახევრდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობა. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს 71 ე.წ. დახურული უბანი მოემსახურა. არჩევნებიდან არჩევნებამდე არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებდა ე.წ. სპეციალურ უბნებზე არსებულ დარღვევებსა თუ იქ მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესზე. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ე.წ. სპეციალური უბნების დიდი ნაწილი გაუქმდა და ცალკეულ სამსახურებში მათი მინიმალური რაოდენობა მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე დარჩა:

„წლების განმავლობაშ არსებობდა ე.წ. დახურული უბნები, სადაც არ იყო არანაირი მონიტორინგის შესაძლებლობა. იმ უბნებზე მიმდინარეობდა პოლიციელების შეურაცხმყოფელი ფორმით მიყვანა, ძალდატანება და ერთი კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემა. ეს ეპოქა წარსულს ჩავაბარეთ. ჩვენ, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი უბნები გავაუქმეთ, ჩვენ დავტოვეთ მხოლოდ აუცილებელი დახურული უბნები. ეს არის, მართლაც, დიდი მონაპოვარი - უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, და ვფიქრობ, რომ ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დახურული ტიპის საარჩევო უბნების გაუქმებას მიესალმება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც მან საკუთარი თვალით იხილა ე.წ. სპეციალურ უბნებზე არსებული მთელი რიგი დარღვევები:

„პოლიციელები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაეწყობოდნენ ერთ რიგად და ასე აძლევდნენ ხმას. მათ უფროსებს ეჭირათ ხოლმე რაღაც ფურცლები, სიები და იქ ნიშნავდნენ, ვინ მოვიდა და ვინ არა. თვითონ შედეგებიც, რასაც ამ უბნებიდან ვიღებდით, ცალსახად განსხვავებული იყო სხვა უბნებზე არსებული შედეგებისგან. ამ უბნებზე ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატს ჰქონდა ყველაზე მეტი ხმა“.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 34 ე.წ. სპეციალური უბანი გაიხსნა. ამ უბნებზე, სადაც სულ 12 125 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმა მისცეს წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ან მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა პირებმა, სამედიცინო სტაციონარების პაციენტებმა და ძალოვან უწყებებში დასაქმებულმა არასამოქალაქო პირებმა. უბნებზე მყოფი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესმა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG