Accessibility links

logo-print

არჩევნები 100 წლის წინ: ბაფთები საარჩევნო კომისიებისთვის


წიგნი „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა 1917-1921 წლებში“

წიგნი „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა 1917-1921 წლებში“

გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა მაკა კვარაცხელიას წიგნი „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა 1917-1921 წლებში“, რომელშიც, მდიდარ საარქივო მასალაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, საიდანაც დაიწყო საქართველოში რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი. ისტორიიდან ცნობილია, რომ 1917 წლის 30 ივლისის არჩევნებამდე მოქმედებდა სხვადასხვა სახის შეზღუდვა, მათ შორის ქონებრივი ცენზი, რაც დისკრიმინაციისა და არასამართლიანი არჩევნებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. წიგნიდან ასევე კარგად ჩანს, რომ პირველი რესპუბლიკის დროს დაწყებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბებამ ლოგიკური გაგრძელება ვერ პოვა.

თბილისის თვითმმართველობის ისტორია მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იღებს სათავეს, თუმცა პირველ სათათბიროს, რომელიც ქალაქის თავისა და ექვსი ხმოსნისგან შედგებოდა, თვითმმართველობა პირობითად ეთქმოდა, რადგანაც არჩევნებში მხოლოდ მოსახლეობის ეკონომიკურად შეძლებული ფენა მონაწილეობდა. 1870 წლის 16 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ დაამტკიცა ახალი საქალაქო დებულება, რომლის საფუძველზეც თბილისის ე.წ. ცენზიანმა მცხოვრებლებმა საქალაქო სათათბიროს 72 ხმოსანი აირჩიეს, თუმცა, როგორც ავტორი წიგნისა „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა 1917-1921 წლებში“, მაკა კვარაცხელია ამბობს, თვითმართველობის ნამდვილი დემოკრატიზაცია დაიწყო 1917 წლის 15 აპრილიდან, როცა რუსეთის დროებითმა მთავრობამ დაამტკიცა „დროებითი წესები საქალაქო სათათბიროს ხმოსანთა არჩევნების წარმოებისა“.

მთავარი შეზღუდვა გახლდათ ქონებრივი საარჩევნო ცენზი, რასთანაც მიბმული იყო ბინადრობის ცენზი. ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო მფლობელი გარკვეული ქონებისა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ბინა ქალაქში, ან ყოფილიყო, მაგალითად, მოქირავნე...

„რეალურად მართლა აქედან იწყება თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი. წიგნში შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის 1917 წლის 30 ივლისის არჩევნები, 1919 წლის 2 თებერვლის არჩევნები, აგრეთვე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ გატარებული საკანონმდებლო საქმიანობა ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანიზაციის კუთხით“, უთხრა რადიო თავისუფლებას მაკა კვარაცხელიამ, რომლის თქმითაც, 1917 წლის 30 ივლისის არჩევნებში, ახალი წესების მიხედვით, ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომელსაც საარჩევნო სიების შედგენის დაწყებამდე შესრულებოდა ოცი წელი, ცხოვრობდა და საქმიანობდა თბილისში. ასეთი კი, საბოლოო ჯამში, 117 ათასი ადამიანი აღმოჩნდა. ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, 1917 წლამდე რადიკალურად განსხვავებული და ნაკლებად დემოკრატიული წესები მოქმედებდა:

„მთავარი შეზღუდვა გახლდათ ქონებრივი საარჩევნო ცენზი, რასთანაც მიბმული იყო ბინადრობის ცენზი. ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო მფლობელი გარკვეული ქონებისა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ბინა ქალაქში, ან ყოფილიყო, მაგალითად, მოქირავნე და ა.შ. ყველა ამ ცენზის გათვალისწინებით, მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა“.

მაკა კვარაცხელია

მაკა კვარაცხელია

წიგნში ხაზგასმითაა აღნიშნული ამგვარი ვითარების დისკრიმინაციული ხასიათი და მისი შეცვლის მნიშვნელობა. ავტორს მოტანილი აქვს ფრაგმენტები მაშინდელ პერიოდიკაში გამოქვეყნებული სტატიებიდან, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ განმარტავდნენ ახალ საარჩევნო დებულებას რედაქციები. აი, რას წერდა 1917 წლის 26 მაისს გამოსული გაზეთი „საქართველო“:

„უწინ ქართველობა ყოველთვის მარცხდებოდა არჩევნებში, რადგან დიდ ქონებასთან დაკავშირებული საარჩევნო კანონი გასაქანს არ აძლევდა ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეს, წვრილ მესაკუთრეს - სახლის პატრონთ, ბინისა და ოთახის დამქირავებელთ... ახალი კანონით ქალაქის თვითმმართველობის ბედი ხალხის, დემოკრატიის ხელში გადადის. ეს პირველი მაგალითია თბილისის ისტორიაში, რომ ხალხს ჩაბარდეს ქალაქის მეურნეობისა და განათლების საქმე“.

ეს კი ფრაგმენტია 1917 წლის 28 მაისის „ერთობიდან“: „ამიერიდან ნახევარმილიონიანი ქალაქის ბედ-იღბალი დემოკრატიის ხელში გადადის. დემოკრატია, განურჩევლად სქესისა, უნდა გაუძღვეს ქალაქის საქმეებს. კარგად უნდა იცოდეთ, რომ გაბატონებული კლასები არავითარ საშუალებას არ დაერიდებიან, რომ თავიანთი პოზიციები შეინარჩუნონ, ისინი ამ პოზიციებს არასგზით, არასდროს არ თმობდნენ და ასე ხდება დღესაც. ქალაქის საბჭოში გაბატონებული პლუტოკრატია და მის კუდში მოჩანჩალე ვიწრო ნაციონალისტური წრეები თავგამოდებით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი ბატონობა“.

თითოეული ეს დოკუმენტი ასახავს იმ პერიოდს, როდესაც საქართველო იწყებდა თავისი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. ამიტომ საინტერესოა, თუ როგორ ხედავდნენ იმ პერიოდის საზოგადო მოღვაწეები თვითმმართველობის როლს. ძალიან საინტერესოა თვითმმართველობის პირველ არჩევნებზე გადაღებული ფოტოები...

გარდა გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა, წიგნში უხვადაა გამოყენებული სხვა დოკუმენტური მასალაც, მოძიებული ეროვნულ არქივსა და საისტორიო ცენტრალურ არქივში, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორი იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომელია (თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორია), გასაკვირი სულაც არ არის. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილის თქმით, არქივში ინახება მდიდარი მასალა ხელნაწერი თუ ნაბეჭდი დოკუმენტების სახით:

„თითოეული ეს დოკუმენტი ასახავს იმ პერიოდს, როდესაც საქართველო იწყებდა თავისი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას. ამიტომ საინტერესოა, თუ როგორ ხედავდნენ იმ პერიოდის საზოგადო მოღვაწეები თვითმმართველობის როლს. ძალიან საინტერესოა თვითმმართველობის პირველ არჩევნებზე გადაღებული ფოტოები, როგორი საარჩევნო ურნები იყო (რკინის კასრს უფრო ჰგავდა, ვიდრე საარჩევნო ყუთს) და როგორი ფორმები ეცვათ საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებსაც გულზე დაბნეული ჰქონდათ თეთრი ბაფთები, რომლითაც გამოირჩეოდნენ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან“.

თბილისის თვითმართველობის შენობა

თბილისის თვითმართველობის შენობა

თვითმმართველობის პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ საგრძნობლად გაფართოვდა თბილისის მუნიციპალიტეტის უფლება-კომპეტენცია. მის უწყებაში გადავიდა ადგილობრივი ადმინისტრაცია, მილიცია, ყველა ადგილობრივი მასშტაბის სამეურნეო საქმე, მათ შორის სასურსათოც. თვითმმართველობის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ. 1919 წლის 2 თებერვალს გამართულ თბილისის საბჭოს არჩევნებზე თავმჯდომარედ არჩეული იქნა ალექსანდრე ლომთათიძე, ქალაქის მოურავად - ბენიამინ ჩხიკვიშვილი, საბჭოს სხდომები კი პირველად წარიმართა ქართულ ენაზე. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, წიგნი „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა 1917-1921 წლებში“ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ავტორი ნიუანსურად აკვირდება და აღწერს იმ პერიოდის თბილისის პოლიტიკურ ცხოვრებას:

„საქართველოს პირველი რესპუბლიკა ბევრი რამით იყო უნიკალური და მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ მაშინ ჩამოყალიბდა თვითმმართველობის თანამედროვე ტიპის მოცემულობა -არჩევნები, რომელიც შემდეგ მმარველობის ბრუტალურმა ფორმამ შეცვალა. ცხადია, საბჭოთა კავშირი არ ცნობდა ამ პრინციპს და ყველაფერი იყო ცენტრალიზებული და ვერტიკალური. და რა შედეგები მოიტანა ამ ტიპის ჩარევებმა, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ ასეთი ნაშრომის გამოცემა არის ძალიან კარგი, რათა ჩვენ გავაანალიზოთ ორი შესაძლო მოცემულობიდან - თვითმმართველობა და ცენტრალიზებულ მმართველობაზე დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლება - რომელი შეიძლება იყოს უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, უთხრა გიორგი კეკელიძემ რადიო თავისუფლებას.

1921 წლის 11 თებერვალს კი გაიმართა 1919 წელს არჩეული სათათბიროს უკანასკნელი სხდომა, რომელზეც დაზუსტდა ახალი არჩევნების თარიღი - 1921 წლის 27 თებერვალი. საბჭომ დაამტკიცა არჩევნების ხარჯთაღრიცხვა, თბილისი დაყო 52 საარჩევნო უბნად და დააზუსტა სია, რომელიც 70 ათასი ამომრჩევლისგან შედგებოდა, თუმცა, როგორც წიგნიდანაც კარგად ჩანს, 1917-1921 წლებში დაწყებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესმა ვერ პოვა ლოგიკური გაგრძელება. 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 წითელმა არმიამ თბილისი აიღო. თვითმმართველობამ არსებობა შეწყვიტა და მისი ადგილი თბილისის რევოლუციურმა კომიტეტმა, რევკომმა დაიკავა. წიგნის ავტორის, მაკა კვარაცხელიას თქმით, საბჭოთა წყობილებისათვის მიუღებელი იყო თვითმმართველობის რაიმე ფორმით არსებობა. 70-წლიანმა ცენტრალიზებურმა მმართველობამ კი მძიმე კვალი დაამჩნია როგორც თბილისელთა ყოფას, ასევე ქალაქის იერსახეს.

XS
SM
MD
LG