Accessibility links

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად იზრდება ამომრჩევლებთან ცალკეული პარტიის კოორდინატორთა ვიზიტების სიხშირე. ამ ვიზიტების მიზანი ძირითადად პოტენციურ მომხრეთა აღრიცხვაა. შესაბამისად, მოქალაქეები ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ხმამაღლაც გამოთქვამენ უკაყოფილებას იმით, რომ პარტიული კოორდინატორები მათგან პერსონალური მონაცემების მოპოვებას ცდილობენ. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების კამპანია და როგორ უნდა მოიქცეს თავად ამომჩეველი?

როგორ მოვიქცეთ, თუ არჩევნების წინ პირადი მონაცემების შესაგროვებლად მოგვაკითხეს? - კითხულობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ამომრჩეველს საგანგებო რეკომენდაციებით მიმართავს. ამ რეკომენდაციების თანახმად, ერთი მხრივ, ამომრჩეველი არ არის ვალდებული გასცეს პირადი მონაცემები, მეორე მხრივ კი, არავის აქვს უფლება მათ მონაცემების გამჟღავნება აიძულოს. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა გვითხრა, მოქალაქის არჩევანია, ვის და რა მოცულობით მიაწვდის საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციას:

“ყველა ორგანიზაციას, ვინც აგროვებს ამ მონაცემებს უშუალოდ მოქალაქისგან, მას აქვს კანონიერი ვალდებულება, წინასწარ განუმარტოს მიზანი აუცილებლად იმისთვის, რომ მოქალაქემ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე თავად იღებს გადაწყვეტილებას, ვის და რა სახის მონაცემებს მიაწვდის, გაუზიარებს თუ ხელმისაწვდომს გახდის. ამიტომ ინფორმირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორის აპარატის მიერ გავრცელებული რეკომენდაციებისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საგანგებოდ შექმნილი ვიდეორგოლის მიხედვით, ამომრჩეველს აქვს უფლება ინფორმაციის გაცემამდე მოითხოვოს განმარტება, ვინ და რა მიზნით აგროვებს მონაცემებს და რისთვის აპირებს მომავალში მათ გამოყენებას; მოქალაქეს აქვს უფლება არ გაამჟღავნოს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაცემები მათთან შეთანხმების გარეშე და, ასევე, დოკუმენტზე ხელმოწერის მოთხოვნის შემთხვევაში, გაეცნოს სრულ ტექტს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

ეს კოორდინატორები მიზანს არ აკონკრეტებენ, ესაუბრებიან, რომ მათ დავალება აქვთ მიღებული. ერთი კონკრეტული პარტია არ იკვეთება. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც...

პერსონალურ მონაცემთადაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ ამომრჩევლისთვის ამ ტიპის რეკომენდაციების შემუშავებას წინ უძღოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების ამსახველი მორიგიშუალედური ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში ნათქვამია, რომ, საიას მიერ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის აღრიცხვას ისე, რომ არ განუმარტავენ ამომრჩეველს აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. როგორც საიას პროექტის კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა გვითხრა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ინფორმაციას არ გასცემენ, შეიძლება შემწეობები დაკარგონ.

“ეს კოორდინატორები მიზანს არ აკონკრეტებენ, ესაუბრებიან, რომ მათ დავალება აქვთ მიღებული. ერთი კონკრეტული პარტია არ იკვეთება. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. და, მაგალითად, სამეგრელოსა და კახეთში გამოიკვეთა, ასევე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები თავიანთი აიპების წარმომადგენლებს ავალებენ, რომ მოიყვანონ 10-10 ადამიანი, რომლებიც მხარს დაუჭერენ და მოიტანონ მათი პირადობის ასლები“.

ირმა პავლიაშვილი ფიქრობს, რომ ეს ქმედებები გარკვეულწილად მოიცავს ამომრჩეველის ნებაზე კონტროლის მექანიზმის ნიშნებს, რაც კანონით დაუშვებელია. ფაქტია ისიც, რომ პოლიტიკური კოორდინატორები „კარდაკარის“ კამპანიას ახორციელებენ არა მხოლოდ ცალკეულ სოციალურ ფოკუსჯგუფებთან, არამედ, ზოგადად, ამომრჩევლებთან.

რას ისახავს მიზნად პარტიული კოორდინატორების კარდაკარ სიარულისა და ამომრჩეველთა სიების შედგენის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების შეგროვების უკვე წლობით აპრობირებული პროცესი? -ამ კითხვით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების ხელმძღვანელს, ლევან ნატროშვილს, მივმართეთ:

“როგორც წესი, პარტიის სამუშაო ეგ არის რეალურად, რომ აღრიცხონ თავიანთი მხარდამჭერები, რომ მერე უკვე მობილიზება მოახდინონ, არჩევნებზე მოიყვანონ, ხმა მიაცემინონ, რადგანაც მათი მხარდამჭერია, და იცოდნენ, ასევე, დაახლოებით რა მხარდაჭერა აქვთ მოსახლეობაში. მანდ პრობლემა რეალურად არაფერი არ არის, თუ ამომრჩეველი თვითონ თანხმდება იმაზე, რომ... ძალით ხომ არავინ ართმევს ამ ინფორმაციას, ხომ? ან თუ ეტყვის, რომ მე ვარ თქვენი მხარდამჭერი და სახელს და გვარს მისცემს და ტელეფონს, მაგაში პრობლემა არ არის. მე ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში“.

ლევან ნატროშვილი იქვე აზუსტებს, რომ ამომრჩეველი მხოლოდ საარჩევნო ყუთთან აკეთებს თავის პოლიტიკურ არჩევანს და, ასევე, თავისი ნების მიხედვით წყვეტს, ისურვებს თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის კოორდინატორთან საუბარს და მისთვის რაიმე ტიპის ინფორმაციის - მათ შორის, პირადი ინფორმაციის - გამჟღავნებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG