Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ტარდება ისტორიული მნიშვნელობის საპრეზიდენტო არჩევნები


საარჩევნო უბანი კაიროში
საარჩევნო უბანი კაიროში
ეგვიპტის მოქალაქეები პირველად ირჩევენ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტს ღია არჩევნებით, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთი მხრივ, ისლამისტები, მეორე მხრივ კი, დამხობილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის ყოფილი ხელქვეითები.

ასეთი ღია კენჭისყრა სიახლეა ერისთვის, სადაც ბევრის მიერ „ფარაონად“ წოდებული ჰოსნი მუბარაქის მმართველობამ 30 წელიწადს გასტანა და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში არჩევნები უბრალო ფორმალობა იყო, მოქალაქეთა სუსტი აქტიურობით და წინასწარ მკაფიოდ განსაზღვრული შედეგით.

ამჯერად ეგვიპტის 50 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩევლის მაღალ აქტივობას მოელიან. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ქვეყნის ის ლიდერი, რომელსაც ამჟამინდელი დროებითი სამხედრო მმართველები ძალაუფლებას ოფიციალურად 1 ივლისს გადააბარებენ. სამხედროები ეგვიპტეს მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ხელმძღვანელობდნენ. ამ პერიოდს თან ახლდა ძალადობა, საპროტესტო აქციები და პოლიტიკური პრობლემები.

სამკვირიანი წინასაარჩევნო კამპანია კვირას დასრულდა. ეგვიპტეში პირველად გაიმართა ამერიკული სტილის საპრეზიდენტო დებატები. გაზეთებში იბეჭდებოდა ინტერვიუები და კამპანიის ლოზუნგები. ქუჩებში ბანერები და პლაკატები იყო გამოკრული.

გავრცელებული ვარაუდით, ამ ტურში ხმათა ნახევარზე მეტის მოპოვებას 12 კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ შეძლებს. ამდენად, ივნისში ალბათ მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს სანდოდ არ მიიჩნევენ. თუმცა მაინც ვრცელდება ვარაუდი, რომ ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებენ არაბთა ლიგის ყოფილი ხელმძღვანელი და მუბარაქის პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამრ მუსა და მუჰამედ მურსი - მუსულმანთა საძმოს კანდიდატი, რომელსაც განათლება აშშ-ში აქვს მიღებული.

საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის ექსპერტი მარინა ოტავეი ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლას ასე აღწერს: „ჩვენ კვლავ გარდამავალი პერიოდის შუა ეტაპზე ვიმყოფებით. ეს პერიოდი კი ოთხმხრივი ბრძოლით გამოირჩევა. ერთმანეთს უპირისპირდებიან სამხედრო სტრუქტურები, [მუბარაქის] რეჟიმიდან შემორჩენილი ელემენტები, ისლამისტური პარტიები, სეკულარული პარტიები და, ამავე დროს, ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე ხალხი. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ძალიან რთული ბრძოლა მიმდინარეობს.“

მიმდინარე არჩევნები წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა საუკუნეების მანძილზე ფარაონების, სულთნების, მეფეებისა და სამხედროების მიერ მართულ ეგვიპტელ ხალხს რეალურად ეძლევა თავისი ლიდერის არჩევის საშუალება.

მაგრამ გამარჯვებულს წინ რთული ამოცანა ელის. მან უნდა შეძლოს იმ ცვლილებების მოხდენა, რომელსაც ეგვიპტის ხალხი მოელის მძიმე ეკონომიკური პერსპექტივების გასაუმჯობესებლად. სამხედრო სტრუქტურები, რომლებსაც დიდწილად ეფუძლებოდა მუბარაქის მმართველობა, სავარაუდოდ, წლების მანძილზე დარჩებიან გავლენიან პოლიტიკურ ძალად.

თუმცა თავად ჯარი, რომლის მაღალჩინოსნებს ფართო კომერციული ინტერესებიც აქვთ, აცხადებს, რომ არ აპირებს ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას.

„ამ არჩევნებით გარდამავალი პერიოდის ბოლო ეტაპს დავასრულებთო“, - განაცხადა გენერალმა მუჰამედ ალ-ასარმა კენჭისყრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

არჩევნებს ყურადღებით ადევნებს თვალს დასავლეთი, რომელიც ისლამისტებს უფრთხის, და ისრაელი, რომელსაც აშფოთებს ეგვიპტესთან 33 წლის განმავლობაში მოქმედი სამშიდობო შეთანხმების ბედი. მათ შეშფოთებას ის ფაქტი ზრდის, რომ იანვარში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მანდატების უმრავლესობას პოლიტიკური ისლამის მხარდამჭერი ძალები დაეუფლნენ.

რეგიონის მასშტაბით ამ გავლენიან ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების შედეგი აინტერესებს სპარსეთის ყურის ბევრ სახელმწიფოსაც. ამ ქვეყნების კონსერვატორი მონარქიები ჯერჯერობით მეტნაკლებად გადაურჩნენ არაბული გაზაფხულის ამბოხებების ტალღას.

ამგვარი შეშფოთების განმუხტვის მიზნით, მუჰამედ მურსიმ - მუსულმანთა საძმოს კანდიდატმა - კვირას გამართულ ბოლო აქციაზე განაცხადა, „ჩვენი რევოლუციის რომელიმე ქვეყანაში ექსპორტს არ ვაპირებთო“.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG