Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითდაშლასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მომავალი წლის 22 იანვარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქნესეთის აბსოლუტური უმრავლესობა - 100 დეპუტატი - მიემხრო.

კანონმდებლობის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვადამდელი არჩევნების მოწოდება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქნესეთმა მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. ქნესეთში გამოსვლისას ნეთანიაჰუმ ისიც აღნიშნა, რომ მომავალში მისი მთავრობა შეძლებს გლობალურ ფინანსურ კრიზისს გაუმკლავდეს:

„ 100 დღეზე მცირე დროში ისრაელის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელოს მას. ვინ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას იმისათვის, რომ იგი გაუმკლავდეს უსაფრთხოების ესოდენ დიდ გამოწვევებს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას არსებული ურთულესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როგორშიც მსოფლიო ბოლო 80 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.“
ჩვენ არ ჩავბმულვართ არც ერთ უსარგებლო ომში. შემიძლია ვთქვა უფრო მეტი: ჩვენ საერთოდ არც ერთ ომში არ ჩავბმულვართ ...
ბენიამინ ნეთანიაჰუ

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებას, სავარაუდოდ, ბენიამინ ნეთანიაჰუ მოიპოვებს, რომელიც, როგორც მოელიან, მემარჯვენე ლიკუდის პარტიის, ნაციონალისტებისა და რელიგიური პარტიებისგან წარმომდგარ კოალიციას უხელმძღვანელებს. ნეთანიაჰუმ ახალი ვადით მის არჩევაზე ორშაბათს ისაუბრა, როდესაც პარლამენტში განაცხადა, რომ მან არაერთი ნაბიჯი გადადგა ირანის ბირთვული პროგრამისა და ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან მომდინარე მუქარებისგან ისრაელის სახელმწიფოს დასაცავად.

თავის მიმართვაში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ორი ვადით პრემიერ-მინისტრობისას, ერთხელ 1990-იანი წლების ბოლოს და მეორედ 2009 წლის მარტში, ისრაელს ორჯერ ააცილა ომის საფრთხე:

„ არსებობს ერთი რამ - ის, რაც, ჩვენ არ გავაკეთეთ. და მე უნდა გითხრათ, თუ რა არის ეს: ჩვენ არ ჩავბმულვართ არც ერთ უსარგებლო ომში. შემიძლია ვთქვა უფრო მეტი: ჩვენ საერთოდ არც ერთ ომში არ ჩავბმულვართ.“

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის დროს ქვეყანა ორჯერ იყო ჩაბმული ომში - 2006 წელს პროირანული ჰიზბოლაჰის წინააღმდეგ, ლიბანში, და 2008-2009 წლებში - სამკვირიან ომში ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ეჰუდ ოლმერტი, კადიმას პარტიის წევრი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოეხსნა კორუფციის ბრალდება.

ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, შაულ მოფაზმა, ქნესეთის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმოცარული უწოდა. „ცხოვრება ისრაელში ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობამდე იყოო“, - განაცხადა მოფაზმა, რომელმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს აშშ-თან ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობის გაუარესებისა და პალესტინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების გამოც უსაყვედურა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG