Accessibility links

logo-print

არჩევნები კორცხელში - დაპირისპირება კენჭისყრის დღეს და ხმების დათვლისას


დაპირისპირება კორცხელში

დაპირისპირება კორცხელში

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ, პარტია „ქართული ოცნებისა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, კორცხელის საარჩევნო ხმები ხელახლა დაითვალა. საჩივრის დაწერის მიზეზი გახდა კორცხელის #53 უბანზე ბიულეტენებსა და ხელმოწერებს შორის ცდომილება. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა ორივე უბანზე დაფიქსირებული შედეგები უცვლელი დარჩა.

საჩივრების განხილვის პროცესი მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის მუშაობაში ხელის შეშლის მიზეზით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა დარბაზიდან გააძევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ჯინჯოლავა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე მირანდა მესხს არაობიექტურობასა და მიკერძოებაში ადანაშაულებდა:

„ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შემოვა, ხომ უნდა იყოს რეაგირებული? შეხედეთ, იძლევა ეს პიროვნება ამის საშუალებას? ხომ აფიქსირებთ ამას ყველა“, - მიმართა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ.

„მე მართლა არ ვიყავი განწყობილი სხდომის მიმართ ასე, მართლა ვაპირებდი საჩივართან დაკავშირებით გამომეთქვა ჩემი აზრი. „ოცნებამ“ ესენი გახადა ჩვეულებრივ შტაბის წევრებად“, - განაცხადა დავით ჯინჯოლავამ. ის სხდომიდან დაცვის პოლიციის დახმარებით გაიყვანეს, თუმცა დავა ამით არ ამოწურულა.

ცდომილება აქ იყო ერთით, ანუ ხელმოწერების ჯამი იყო აქ 881 და ბიულეტენების რაოდენობა იყო 882. გასწორდა ეს მონაცემი და ცვლილება შევიდა მხოლოდ იმ გრაფაში, 881-ის ნაცვლად დაფიქსირდა 882...

დაპირისპირება გაგრძელდა მირანდა მესხსა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენელს შორის. საბოლოოდ, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ ხელახლა დაითვალეს კორცხელ-ნაცატუს ბიულეტენები და ხელმოწერები.

„ცდომილება აქ იყო ერთით, ანუ ხელმოწერების ჯამი იყო აქ 881 და ბიულეტენების რაოდენობა იყო 882. გასწორდა ეს მონაცემი და ცვლილება შევიდა მხოლოდ იმ გრაფაში, 881-ის ნაცვლად დაფიქსირდა 882“, - განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.

კომისიამ დააკმაყოფილა საიას კიდევ ერთი საჩივარი დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით:

„საჩივარი გულისხმობდა საუბნო საარჩევნო კომისიის პასუხისმგებელ პირთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას და მათ მიმართ გამოიყენა შენიშვნა“, - განაცხადა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მიხეილ ჯახუამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის სოფელ კორცხელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს. ვარადებულ ლაშხიამ 623 ხმა (49,76 %) მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ამირან ლაგვილავამ, - 613 ხმა (48,96 %), მესამე კანდიდატმა, „თავისუფალი საქართველოდან“, თეონა ქარდავამ კი - 16 ხმა (1,28 %).

დაპირისპირება კორცხელში

დაპირისპირება კორცხელში

შუალედური არჩევნები ზუგდიდის სოფელ კორცხელში ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. 53- ე საარჩევნო უბანთან შეკრებილ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს უბანთან გაურკვეველი მიზნით მოსული სპორტული აღნაგობის მამაკაცები დაუპირისპირდნენ. დაახლოებით 20 კაცისგან შემდგარი ჯგუფის წევრებმა სცემეს პარტიის ლიდერებს - ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას - და მათ მხარდამჭერებს. შედეგად, 6 ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სპორტსმენები აგრესიით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართაც - უკრძალავდნენ მათ გადაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ამ დროისთვის სამართალდამცავებმა დაკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ჟურნალისტები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან აშუქებდნენ მოვლენებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG