Accessibility links

logo-print

მოლდავეთი საბედისწერო არჩევნების მეორე ტურის წინ


არჩევნები მოლდავეთში

არჩევნები მოლდავეთში

დღევანდელ ახალ ევროპაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით მოლდავეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს. აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანაში პროევროპულ ძალებს დიდი ძალისხმევა მოუწევთ მომხრეების მობილიზებისა და მეორე ტურში გამარჯვებისათვის.

13 ნოემბერს მოლდავეთის მოქალაქეები კიდევ ერთხელ მივლენ საარჩევნო უბნებში, რათა მეორე ტურში გაარკვიონ ქვეყნის პრეზიდენტის და შესაძლოა, თავად ქვეყნის ბედიც, რადგან პირველი ტურის გამარჯვებულის, სოციალისტთა ლიდერ იგორ დოდონის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მოლდავეთს, როგორც იტყვიან, ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. განათლებით ეკონომისტი, 41 წლის დოდონი არ მალავს, რომ მას სურს გამოიყვანოს მოლდავეთი ევროკავშირთან 2014 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან და შეიყვანოს იგი მოსკოვის ლიდერობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში.

ასევე, მეტად წინააღმდეგობრივი იყო და არაერთი კრიტიკა მოჰყვა დოდონის მიერ ყირიმის თაობაზე გაკეთებულ ამასწინანდელ განცხადებას.

იგორ დოდონი

იგორ დოდონი

„ყირიმი დე ფაქტო ახლა რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამის კანონიერებას არ სცნობენ დასავლეთისა და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა და საეჭვოა, რომ მომავალში სცნონ. რა უნდა ქნას პრეზიდენტმა დოდონმა: უნდა ცნოს, თუ არა, ყირიმი? აქ ძალიან ბევრი საფრთხეა. ჩვენ გვაქვს დნესტრისპირეთის პრობლემა. და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვითარების გართულება დნესტრისპირეთში, ალბათ, არ გვაქვს უფლება, რომ ამ მხრივ რაიმე შეცდომა დავუშვათ. მაგრამ, დღესდღეობით, დე ფაქტო ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია. და ეს ფაქტი არავის არ უღიარებია, მათ შორის, არც მოლდავეთის რესპუბლიკას. ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მეზობლებთან და მე გპირდებით, რომ, როგორც პრეზიდენტი, ვიმუშავებ ჩვენს მეზობლებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. უკრაინასთან ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვექნება“, – განაცხადა მოლდავეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

პირველი ტურის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დოდონი ახლოსაა გამარჯვებასთან. 30 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში მან ხმების 48,23% მიიღო და თითქმის 10%-ით გაუსწრო პროევროპული კურსის მომხრე მაია სანდუს. ამასთან, არჩევნებზე აკრედიტებულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს საპრეზიდენტო არჩევნები. მოლდავეთში გამართულ არჩევნებს 550 საერთაშორისო დამკვირვებელი ადევნებდა თვალს.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს, კანონიერ ვადებში და ღიად იმუშავა. არჩევნების ტექნიკური ასპექტი ყველა დონეზე, მთლიანობაში, პროფესიულად წარიმართა. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არსებული უნდობლობის კლიმატის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ, დიდწილად, გაამართლა საზოგადოების ნდობა. თუმცა, გამოითქმებოდა გარკვეული შეშფოთება, საჩივრების განხილვების დროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობის თაობაზე“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა კოორდინატორმა არტა დადემ კიშინიოვში 31 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცხადია, ევროპაში მოუთმენლად ელოდებიან არჩევნების მეორე ტურს, რომელიც მოლდავეთში 13 ნოემბერს გაიმართება. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი კი არ მალავს, რომ მათ არ აწყობთ დოდონის გამარჯვება, რამაც, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მოლდავეთის ევროპული მომავალი. მათ შორის არის ევროპარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, რომელმაც მოლდავეთის პროევროპულ ძალებს კინკლაობის გვერდზე გადადება და მაია სანდუს გარშემო გაერთიანება ურჩია.

არჩევნების მეორე ტურისათვის და კენჭისყრის დროს ყველა პარტიამ და კანდიდატმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პროცესს და მოლდავეთის ხალხის ნებას, გამოხატულს ევროკავშირსა და მოლდავეთს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ვაჭრობის თავისუფლების ნაწილსაც გულისხმობს...

„წინა წლებში მოლდავეთის პროევროპულ პარტიებს შორის შეუთანხმებლობამ თავისი კვალი დატოვა და უპირატესობად გადაიქცა პრორუსული პარტიებისათვის, რომელთა კანდიდატმაც საპრეზიდენტო არჩევნებში უკეთეს შედეგს მიაღწია, 48% დააგროვა. ამიტომ ახლა საჭიროა, რომ უთანხმოება და დაპირისპირება გვერდზე გადაიდოს, ყველა პროევროპული ძალა გაერთიანდეს და მეორე ტურში ერთიანი კამპანია წარმართონ“, – განაცხადა ელმარ ბროკმა, რომელიც შიშობს, რომ დარჩენილი დრო ძალიან ცოტაა იმისათვის, რათა დაქსაქსულმა და ერთმანეთზე გადამტერებულმა პროევროპულმა ძალებმა მათი ელექტორატის მობილიზება მოახდინონ.

პროევროპული ძალების მხარდაჭერაზე პირდაპირ არ უსაუბრია, თუმცა, მოლდავეთის პოლიტიკურ ძალებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხების პატივისცემისაკენ ღიად მიანიშნა ევროკავშირის საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა, მაია კოჩიანჩიჩმა.

„არჩევნების მეორე ტურისათვის და კენჭისყრის დროს ყველა პარტიამ და კანდიდატმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პროცესს და მოლდავეთის ხალხის ნებას, გამოხატულს ევროკავშირსა და მოლდავეთს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც, რა თქმა უნდა, ვაჭრობის თავისუფლების ნაწილსაც გულისხმობს. ევროკავშირი მხარს უჭერს მოლდავეთის სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ მომავალს და, როგორც კი საარჩევნო პროცედურები და პროცესი დასრულდება, ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტთან მუშაობას“.

თანაც, როგორც არჩევნების პირველმა ტურმა ცხადყო, მოლდავეთში პასიურობს ახალგაზრდა ამომრჩეველი, რომელიც, ტრადიციულად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ძალად ითვლება. მაშინ როცა, შუა ხნის მოსახლეობა და პენსიონერები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მოლდავეთის ევროპულ მომავალს, უფრო ორგანიზებულად მივიდნენ არჩევნებზე. ამას ემატება დნესტრისპირეთში მცხოვრები რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომლებმაც ამჯერადაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, და, როგორც კიშინიოვში ვარაუდობენ, ცხადია, არა პროევროპული კანდიდატის სასარგებლოდ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG