Accessibility links

აშშ 45-ე პრეზიდენტს ირჩევს


ამომრჩევლები ხმას აძლევენ მანჰეტენის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ნიუ-იორკში

ამომრჩევლები ხმას აძლევენ მანჰეტენის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ნიუ-იორკში

შუა ევროპის დროით 12 საათზე (თბილისის დროით 15 საათზე) ამომრჩევლები აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო უბნებისკენ დაიძრნენ. მანამდე არაერთ პატარა ქალაქში, ნიუ-ჰემპშირის შტატში, საარჩევნო უბნები გაიხსნა. 46-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მისცა წინასწარ, წერილობით ან საარჩევნო უბნებში.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, ბოლო გამოკითხვებით, ოდნავ სჯობნიდა რესპუბლიკელთა კანდიდატს, დონალდ ტრამპს.

ჩვენ ამერიკას ერთად გადავაქცევთ კვლავ აყვავებულ ქვეყნად, კვლავ გავაძლიერებთ, უსაფრთხოდ ვაქცევთ და ის კვლავ იქნება დიადიო, თქვა ტრამპმა და ხალხს დაპირდა:

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

„ჩემი თხოვნაა, თამამად იოცნებოთ, რადგან თქვენი არჩევანით, მხოლოდ საათები გაშორებთ ცვლილებისგან, მთელი ცხოვრება რომ ელოდით. ყველა დედას და მამას, ვინც თავისი შვილისთვის ოცნებობს, და ყველა ბავშვს, ვინც თავის მომავალს ოცნებებს უკავშირებს, მივმართავ დღეს ამ სიტყვებით: თქვენთან ვარ, თქვენთვის ვიბრძოლებ და თქვენთვის გავიმარჯვებ, გპირდებით“.

კლინტონი, რომელიც ოჯახების, ქალების, ასევე შავკანიანებისა და ესპანურენოვანი მოსახლეობის ფავორიტია, ასე მიმართავდა მომხრეებს:

„როცა თქვენი შვილები და შვილიშვილები გკითხავენ, რა გააკეთეთ 2016 წელს, როცა ქვეყანა ბეწვზე ეკიდა, თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვათ, რომ ხმა მიეცით უფრო ძლიერ, უფრო მართალ, უკეთეს ამერიკას - ამერიკას, სადაც ჩვენ ხიდებს ვაშენებთ და არა ზღუდეებს“.

ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი

კლინტონი საარჩევნო უბანში მივიდა პატარა ქალაქ ჩაპაკვაში, ნიუ-იორკის მახლობლად. მას ახლდა ქმარი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი. დონალდ ტრამპი უბანში მივიდა მანჰეტენში, ნიუ-იორკში, სადაც პოლიციამ დააკავა წელზემოთ შიშველი ქალი, რომელიც უბანთან პროტესტის გამოსათქმელად მივიდა.

ხმა მისცა უკვე ასევე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, ტიმ კეინმა. ის ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში ცხოვრობს. საპრეზიდენტო არჩევნებში, ორი მთავარი კანდიდატის გარდა, მონაწილეობს, სულ მცირე, 24 კანდიდატი. მათგან მხოლოდ ერთის, ლიბერტარიანული პარტიის წარმომადგენლის, გარი ჯონსონის გვარი ჩაიწერა ყველა შტატის ბიულეტენებში. მასთან ერთად საპრეზიდენტო კანდიდატები არიან ჯილ სტეინი, მწვანეთა პარტიიდან, და დამოუკიდებელი კანდიდატი, ევან მაკმალინი. წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება 9 ნოემბერს, დილის 8 საათისთვის, თბილისის დროით. არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს გაისად, 20 იანვარს, და შეცვლის ბარაკ ობამას, აშშ-ის პირველ შავკანიან პრეზიდენტს.

როცა თქვენი შვილები და შვილიშვილები გკითხავენ, რა გააკეთეთ 2016 წელს, როცა ქვეყანა ბეწვზე ეკიდა, თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვათ, რომ ხმა მიეცით უფრო ძლიერ, უფრო მართალ, უკეთეს ამერიკას - ამერიკას, სადაც ჩვენ ხიდებს ვაშენებთ და არა ზღუდეებს...

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრამპი კამპანიის მსვლელობისას ლაპარაკობდა არჩევნების დროს მანიპულაციებზე. ახლა მან არ ისურვა პირდაპირ ეთქვა, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში აღიარებდა თუ არა შედეგებს. მისმა უფროსმა ვაჟმა, უმცროსმა დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ მამამისი შედეგებს პატივს სცემს. კენჭისყრის დროს არაერთ შტატში, საარჩევნო უბნებში რიგების გამო, გარკვეული ხასიათის სირთულეები გაჩნდა. ტექნიკური სირთულეების შესახებ იტყობინებოდნენ ჩრდილოეთ კაროლინიდან. ეს შტატი „მერყევად“ ითვლებოდა და მნიშვნელოვანია ტრამპისთვის. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია.

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად აშშ-ში იმართება სხვა არჩევნებიც - დამატებითი არჩევნები სენატსა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. სენატის წევრების სრული დაკომპლექტებისთვის არჩევნები იმართება 34 შტატში.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მეთვალყურეობას უწევს ეუთოს სამეთვალყურეო მისია. აშშ-ში 400-მდე მეთვალყურე მუშაობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG